გაუმართავია თუ არა ქუთაისის შემოვლითი გზა? - "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ"

გაუმართავია თუ არა ქუთაისის შემოვლითი გზა? - "დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ, რასაც არასოდეს იცავენ"

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე გუშინ, 22 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ორსული ქალია.

ქუთაისის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავარიები ხშირად ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ავარია, ე.წ მორაგბეების ავარიაც სწორედ ამ გზაზე, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე მოხდა. 21 ივლისს მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა. მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიების გამომწვევი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, ზოგიერთის აზრით, მთავარი დამნაშავე მძღოლები არიან, რომლებიც არ იცავენ მოძრაობის წესებს და არ ემორჩილებიან სიჩქარის დაწესებულ ზღვარს. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ პატრულს მეტი სიმკაცრე მართებს დამრღვევი მძღოლების მიმართ.

მორაგბეების ავარიის შემდეგ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა: "ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს... ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის "დაგდებას") დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ეს წარმოადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია სამწუხაროდ", - წერს შალვა ოგბაიძე.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განაცხადა, რომ მონაკვეთი დასრულებულია და საგზაო ნიშნებიც დაყენებულია.

"არ ვეთანხმები იმიტომ, რომ არსად მაგ მონაკვეთზე ასეთი რამ არ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ კვანძები და იმ კვანძებთან არის ყველანაირი მაჩვენებელი. ეს არის კვანძი, სადაც დიდი სიჩქარით მოძრაობა საერთოდ არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ბატონი შალვას შენიშვნას აუცილებლად შევისწავლით, მაგრამ ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმართავია, სიმართლეს არ შეესაბამება".

გიორგი სეთურიძის თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე, საგზაო ნიშნები ყველგან არის დაყენებული და მოძრაობის სიჩქარეც შეზღუდულია. როგორც ის ამბობს, ამ გზებზე ავარია ძირითადად ორი მიზეზით ხდება:

"ერთი მიზეზია გადაჭარბებული სიჩქარე და მეორე მანევრირების წესების დარღვევა გასწრების დროს. რატომღაც ახლა ვიღაც ცდილობს იპოვოს სხვა მიზეზი იმის მაგივრად, რომ ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გახდეს მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ყველა მძღოლმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს მოძრაობის წესებს. ამ შემოვლით გზაზე დაწესებულია მოძრაობის შეზღუდვა 90კმ/სთ სიჩქარე, რასაც უმეტესად არასოდეს იცავენ. ამ გზაზე საგზაო ნიშნები მოწესრიგებულია, ყველგან არის მაჩვენებელი, რომ შეზღუდვა არის 90კმ/სთ. ნაჩვენებია ისიც, რომ არის ორმხრივი მოძრაობა", - ამბობს გიორგი სეთურიძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი