24 წლის მომღერლის ინდირა ჯგერნაიას ცხოვრებაში ლამაზი ეტაპია - ის 5 თვის ორსულია და მალე ბიჭის დედა გახდება. ბავშვის მამა ინდირას შეყვარებულია, რომელთანაც ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ აღადგინა და რომელსაც მანამდე საკმაოდ ხმაურიანად გაშორდა. წყვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, თუმცა დაქორწინებაზე ჯერ არ ფიქრობენ. ინდირა მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.
- ძალიან მინდოდა შვილი და, როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბედნიერი დავდიოდი. ყველა მეკითხებოდა, რა ხდება შენს თავს, რატომ ხარ ასეთი გახარებულიო, როგორ მიიღებდნენ, ვისთვის როგორ უნდა მეთქვა და ა. შ. შემდეგ ნელ-ნელა გავამჟღავნე.
- რამდენი ხანი მალავდით თქვენს ორსულობას?
- სამთვენახევარი. ბავშვი მამისთვის არ დამიმალავს, მაშინვე ვუთხარი. ვერც მოვითმენდი, რომ არ მეთქვა. ბიჭს ველოდებით, თუმცა სქესს არც ჩემთვის და არც ბავშვის მამისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- როგორ შეხვდა მომავალი მამა ამ ცნობას?
- ეს მისთვის მოულოდნელი არ იყო, ხვდებოდა, რომ ორსულად ვიყავი, რადგან ძალიან შევიცვალე, თან ტოქსიკოზი მქონდა. ვერ გეტყვით, რომ სიხარულისგან გაგიჟდა და სიხარულის ცრემლები ღვარა, ჩვეულებრივად მიიღო.
- თქვენი ოჯახის წევრების რეაქციაც ასეთივე იყო?
- ბავშვის მამის შემდეგ დედაჩემს გავუმხილე, თვალზე ცრემლები მოადგა, იცოდა, როგორ მინდოდა შვილი მყოლოდა. პირველი ეს მითხრა, არავისთან არაფერი თქვაო, მაგრამ მერე უკვე მუცელიც დამეტყო და ვერც დავმალავდი. თანაც საჭორაო თემა გახდებოდა და სასწაულ რაღაცეებს მოიგონებდნენ. ვარჩიე, თვითონ გამემხილა.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"