რატომ ვეღარ ნახავთ ქართულ კინო-საიტებზე ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს

რატომ ვეღარ ნახავთ ქართულ კინო-საიტებზე ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებელი ამერიკული სერიალებისა და ფილმების ყურებას ქართულ კინო-საიტებზე ვეღარ შეძლებს. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი კონკრეტული საიტების მიერ მეკობრული მასალის გამოყენება გახდა.

აღნიშნული შეზღუდვის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა adjaranet.com-მა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სერიალებისა და ფილმების საქართველოში ჩვენება/გავრცელების ექსკლუზიური უფლება აქვს ტელეკომპანია GDS-ს. შესაბამისად, ტელეკომპანიის მოთხოვნით, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას მოუხდა საიტიდან მოეხსნა ფილმების და სერიალების ნაწილი". ჩამონათვალში ათეულობით პოპულარული ფილმი და სერიალია, მათ შორის: Bones / ძვლები; Game of Thrones / სამეფო კარის თამაშები; Grey's Anatomy / გრეის ანატომია; Avatar / ავატარი (ანიმაციური სერიალი); Newsroom; True Detective S1, S2 / ნამდვილი დეტექტივი, The Mentalist / მენტალისტი, ასევე ფილმები: "ტიტანიკი", "X-ადამიანების" ყველა სერია, "ვარსკვლავური ომების" ყველა ეპიზოდი და თითქმის ასამდე ფილმი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  კომენტარისთვის AMBEBI.GE GDS-ის მარკეტინგის დირექტორს, ზურაბ შარაშენიძეს დაუკავშირდა: "ფორმულირება რომ GDS-ს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვფიქრობ არის მომხმარებლის და მაყურებლის ემოციურ შეცდომაში შეყვანა. ადამიანებს გაუჩნდათ აღქმა, რომ რაღაც აქამდე ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი და ახლა ერთმა კომერციულმა პირმა, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ფინანსური რესურსები, ეს უფლებები გადაიბარა თავისთვის და ჩვეულებრივი მას-მოხმარების არხები დაკეტა. ეს არის დიდი ტყუილი.

საქმე ის არ არის, რომ GDS-ს გააჩნია რაიმე ექსკლუზიური უფლება. საქმე იმაშია, რომ GDS-ს გააჩნდა უფლება ყოველთვის იმ სერიალებზე, რომელსაც ეთერით უშვებდა. ეს უფლება არის მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო დისტრიბუციის უფლება. საქმე ის არის, რომ არც adjaranet.com-ს, არც myvideo.ge-ს, არც imovies.ge-ს და არც ნებისმიერს სხვას არ გააჩნდა იგივე კონტენტის ინტერნეტდისტრიბუციის უფლება. მათ არასოდეს არ ქონიათ კონტაქტი მათ მწარმოებლებთან. ჰქონდათ პირატულად მოპარული მასალა, რომელსაც ავრცელებდნენ პირდაპირ და რეალურად პრობლემის წინაშე აყენებდნენ ისეთ ბიზნესს, რომელთაც უნდათ განვითარება, მაგალითად კინოთეატრებს. თუ კინოთეატრები ცდილობენ გააფართოვონ საკუთარი ქსელი, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი არ წავიდეს კინოში და დაელოდოს, როდის დაიდება ფილმი "პირატულად". ტელევიზიის დაარსების დღიდან ნებისმიერი კონტენტი, რომელიც GDS-ის ეთერში გადის ლიცენზირებულია.

როდესაც გვინდა, რომ მომხმარებლის თვალში ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებული, პრემიუმ კონტენტის ტელევიზია, რომელიც არ უშვებს თურქულ და ინდურ საპონს, არამედ ყიდულობს HBO-სგან "სამეფო კარის თამაშებს", ეს ყველაფერი არსებულ ფონზე კარგავს ყოველგვარ აზრს, თუ სერიალი ეთერში გაშვებამდე ნახევარ საქართველოს ექნება ნანახი, რადგან "პირატები" იპარავენ.

- როდის გადაწყვიეთ მიგემართათ მეკობრული საიტებისთვის და გებრძოლათ თქვენი უფლებების დასაცავად?

- ამ ყველაფერმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ჩვენ კომერციული უზრდელობის ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც არცერთი ვებ-გვერდი აღარ ერიდებოდა იმის დაანონსებას, რომ მალე ჩვენს საიტზე დაიდება ესა თუ ის სერიალი ჯი-დი-ესის გახმოვანებით. ისინი იღებდნენ არა მხოლოდ იმას, რისი უფლებაც არ მიუციათ, არამედ იღებდნენ ინტელექტუალურ საკუთრებასაც. მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ის საიტები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ არანაირი უფლება, სანამ ამ უფლებას არ მოიპოვებენ, არ გაავრცელებენ ფილმებს, რომლებიც ჩვენს ბადეშია.

"საავტორო უფლებათა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ინტერნეტში რაიმე მასალის საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა საქართველო ამ კუთხით აქტიურად დგამს ნაბიჯებს. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის მირიან კულულაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა "ინტერნეტის შესახებ კანონზე". ამასთან, კულულაშვილის თქმით, საქპატენტი და "საავტორო უფლებათა ასოციაცია" ერთობლივად მუშაობს იმაზე, რომ შემოიღონ გამარტივებული სისტემა საავტორო უფლებების დასაცავად.

"კანონის მიერ რეგულირება ძალიან მარტივად ხდება. თუ არის პირატული მასალა, სასამართლოს გზით არის შესაძლებელი ამის აღკვეთა. საიტის გაუქმების უფლება არავის აქვს, რაც შეეხება სასჯელს, ეს შეიძლება იყოს ჯარიმა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის საიტი გაითვალისწინებს მოწოდებას, აიღოს პირატული მასალა, შესაძლოა, ჯარიმის დაკისრება აღარ მოხდეს", - განგვიცხადა მირიან კულულაშვილმა.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია