რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველო ერთი გოგონას ამბავმა შეძრა. 14 წლის ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. საუბრობდნენ გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი ხალხის აზრი და ვერსია იყო. საზოგადოება დიდი მოლოდინით აკვირდებოდა და კითხულობდა, თუ რა ხდებოდა ევას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლების სამწინადადებიანი პოსტებით საზოგადოება ახალ ამბებს იგებდა. ამასობაში ევას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების ასეთი დიდი ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ ეს გოგონა ცნობილი ტელეწამყავნისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი გახლავთ.
ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდნენ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონას გადასარჩენად თურქეთიდან აპირებდნენ ნეიროქირურგების ჩამოყვანას, თუმცა ეს საჭირო აღარ გახდა, რადგან ურთულესი ოპერაციების ჩატარება საკუთარ თავზე იაშვილის კლინიკის ექიმებმა აიღეს. ორივე ოპერაცია გართულებების გარეშე ჩატარდა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ეს ქართველი მედიკოსების კიდევ ერთი გამარჯვებაა.
ამბები.გე-ს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურმა იმ ექიმების სია მიაწოდა, რომლებმაც ევა ბარბაქაძის სიცოცხლე გადაარჩინეს.
"პირველი ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა, რომელიც ნეიროქირურგმა ლადო წიქარიშვილმა და ტრამვატოლოგმა ირაკლი ვარძუკაშვილი ჩაატარეს.
მეორე ოპერაცია კი 4 საათს მიმდინარეობდა, რომელიც ტრამვატოლოგებმა მერაბ ვარძუკაშვილმა და ზურა ბერუაშვილმა ჩაატარეს, სადაც ანესთეზიოლოგი დალი ჟორჟოლიანი იყო.
ამჟამად ევა ბარბაქაძე მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს. ამ ეტაპზე სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი მიმდინარეობს", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.
შეგახსენებთ, 14 წლის ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. ის იაშვილის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.