90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა. 90 წლის იუბილე რეჟისორმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა...
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.
ნანა მჭედლიძემ არაჩვეულებრივი იუმორითა და სიყვარულით გადმოსცა იმერეთისა და იმერლების ცხოვრების ეპიზოდები ლეგენდარულ ფილმში "იმერული ესკიზები", სადაც თავადაც შექმნა იმერელი ბებიის დაუვიწყარი სახე. ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი იხსენებდა: "როცა ადამიანი მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია. ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა - "იმერული ესკიზები". ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ, გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ... მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო, სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ, სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე".
პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინონოველა სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი," რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. რეჟისორს ეკუთვნის ფილმები: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" და სხვა.
კულტურის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ სად დაკრძალავენ ცნობილ ქართველ რეჟისორს, ან როდის გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები.
Iconic ’grandma’ of Georgian cinema passes away at the age of 90