11 აპრილს 1 წელი სრულდება მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან. 6 თვის შემდეგ მისი და განო მელითაურის მესამე შვილი - ელენე-ლოლიტა დაიბადა. მთელი წლის მანძილზე განცდილსა და ახლანდელ რეალობაზე მსახიობის 28 წლის ქვრივი განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:
"თითქოს 11 აპრილს დამთავრდა ერთი განო - თავისი ოცნებებით, შეხედულებებით, სამყაროს აღქმით. ყველაფერმა ერთდროულად დაიწყო ნგრევა და ყველაფერი ერთდროულად დამთავრდა. ერთ დღეს სულ სხვა განომ გაიღვიძა... მახსოვს, ორსულმა ფეხით მოვიარე ის ადგილები, სადაც ერთად დავდიოდით, მის საფლავზეც ავედი. სახლში დაბრუნებულმა სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავი პირველად მაშინ დავინახე. კარგად რომ დავაკვირდი, სარკეში კოტე დავინახე, მას ყველაზე ძალიან უნდა კარგად ვიყო და მან ზუსტად იცის, რომ ღირსეულად გავივლი დარჩენილ გზას.... ამ ორსულობაზე აბორტზე ორჯერ გამიშვეს, გვეუბნებოდნენ, ცოცხალი არ არისო. მისი დაბადება მართლა სასწაული იყო, რადგან ორჯერ ჩვენი ფეხით მივედით აბორტზე და აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო. ამ ბავშვის შენარჩუნება მართლა კოტეს დამსახურებაა.
აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. ჩემს შვილებს უბედური დედა არ სჭირდებათ. მათ ბედნიერი, მხიარული, დადებითი ენერგიით დამუხტული დედა სჭირდებათ...", - ამბობს განო მელითაური ინტერვიუში.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"