შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა, რომელიც სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს, არ იცის, რომ ქვეყნის საზღვარზე შესაშვებად 100%-იან გარანტიას ვერც ტურისტული კომპანიების ტურები გაძლევენ. როგორც აღმოჩნდა, ტურით წასვლა არ არის გარანტი, რომ ბილეთის და სასტუმროს ფული არ დაგეკარგებათ, ან საზღვარზე მისულს უკან არ გამოგაბრუნებენ. აღმოჩნდა, რომ ტურისტული სააგენტოების ნაწილი გამგზავრების მსურველებს წინასწარ არ აფრთხილებს საზღვარზე შესაძლო უარის თქმის შესახებ. სწორედ ასეთი ამბავი შეემთხვა ჩვენს რესპონდენტსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ ისრაელში ტურით წავიდა, თუმცა დასვენების ნაცვლად რამდენიმედღიანი "პატიმრობა", შემდეგ კი უკან დაბრუნება მოუხდა. ეკატერინე კობახიძემ "პალიტრა მედიის" ნიუსრუმის ცხელ ხაზზე დარეკა და თავისი პრობლემის შესახებ გვიამბო:
"მე და ჩემს ნათესავს გვინდოდა ისრაელში წასვლა. წმინდა მიწაზე მოსალოცად მივდიოდით ტურისტული კომპანიის ტურით. ეს იყო 5-დღიანი ტური და გადავიხადეთ 1500 დოლარი. მივფრინავდით 21 თებერვალს და 25-ში უკან უნდა დავბრუნებულიყავით. აეროპორტში თავად ეს ქალბატონიც იყო მოსული, ნონა ენუქიძე, რომელმაც მოამზადა ეს ტური და რომელთანაც გვქონდა კონტაქტი. აეროპორტში საბუთები გადმოგვცა და გვითხრა, ვინ დაგვხდებოდა. ნონას ვენდობოდით და აზრადაც არ მოგვსვლია საბუთებში ჩაგვეხედა. რეგისტრაციის გავლისას მესაზღრემ გვითხრა, ეს საბუთები წესრიგში არ არის და უკან რომ დაგაბრუნონ არ გაგიკვირდეთო. უკვე ჩასხდომა იწყებოდა, ვერც იმ ქალს დავურეკეთ ამბის გასარკვევად, ამიტომ გავფრინდით. ისრაელში ჩასულებს აეროპორტში დაგვხვდა ადამიანი, რომელსაც საემიგრაციო სამსახურში უნდა მივეყვანეთ საბუთების შესამოწმებლად, სადაც კიდევ ერთი ადამიანი დაგვხვდებოდა. სულ ტურში 15-ნი ვიყავით, აქედან ვინც ყველაზე კარგად იცოდა რუსული, საბუთები იმას მივეცით, რომ აეხსნა ყველაფერი. როცა შემმოწმებელ ქალბატონს მიაწოდა ჩვენი საბუთები, ერთი ჩახედა და გვითხრა, თქვენ ტურისტებად არ ჩამოსულხართო.
- როდესაც საქართველოში საბუთები მოგცათ იმ ქალბატონმა, არ გადახედეთ რა ეწერა შიგნით, ნუთუ არ დაგაინტერესათ?
- დრო არ გვქონდა, აეროპორტში მოგვცა, უკვე რეგისტრაცია იწყებოდა. რომ ჩავედით, ყველას საბუთები რომ შეამოწმეს, ვინც გვიმოწმებდა იმ ქალმა გვითხრა, მწყობრში არ გაქვთ საბუთებიო. ჩვენ ვუთხარით იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც სასტუმროში უნდა წავეყვანეთ, მაგრამ ის პიროვნება იქ არ დაგვხვდა. გვითხრეს, მისი ნომერი გვითხარით, დავურეკავთო, მაგრამ ნომერი არ გვქონდა. საქართველოში დარჩენილ ამ ქალბატონს მივწერეთ, ასეთი მდგომარეობაა და დაგვეხმარეთო, ის კი უბრალოდ გვამშვიდებდა და დახმარებას გვპირდებოდა. 7-საათიანი ლოდინის მერე გვითხრეს, საეჭვო საბუთები გაქვთ, ამიტომ ქვეყანაში ვერ შეგიშვებთო. გაგვჩხრიკეს, ჩამოგვართვეს ნივთები, ტელეფონებიც და წაგვიყვანეს საემიგრაციო სამსახურში, იქვე აეროპორტში, მაგრამ ციხეს უფრო ჰგავდა ისეთი პირობები იყო. 25-შია თქვენი ფრენა, ამიტომ იქამდე აქ უნდა იყოთო. 15-კაციან ჯგუფში ოთხი გოგო ვიყავით. ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საშინელი პირობები იყო, 3 დღე ჯოჯოხეთში გავატარეთ. ბოლოს ჩვენიდან ერთმა როგორღაც შეძლო ტელეფონით დაკავშირებოდა საქართველოში ახლობლებს. მივიდნენ ისინი სააგენტოში, აუხსნეს ჩვენი მდგომარეობა, მათ კი უპასუხეს, ვიცით იქ რაც ხდება, არ ინერვიულოთ, უკან გამოფრინდებიან მალე, კარგად არიანო. მაგრამ რეალურად საშინელ პირობებში ვიყავით. 23 თებერვალს გამოვფრინდით, რეგისტრაციის გარეშე აგვიყვანეს თვითმფრინავში და ჩამოვედით საქართველოში.
- მიაკითხეთ სააგენტოში ამ ქალბატონს?
- კი, თუმცა თავად არ იყო, დაგვემალა. სხვა თანამშრომლები დაგვხვდნენ, ავუხსენით ვითარება და იცით რა გვითხრეს?! მასე რომ მოხდებოდა არ იცოდითო? აქეთ დაგვიწყეს კამათი, თქვენ იქ დასარჩენად და სამუშაოდ მიდიოდითო. ეს ხომ სისულელეა, არ ვიცი სხვა რას აპირებდა, მაგრამ მე და ჩემს ნათესავს წლებია წმინდა მიწის მოლოცვა და ნახვა გვინდა, სწორედ ამიტომ მივდიოდით. ამ სააგენტოში წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ, რომ შეიძლებოდა უკან გამოვეშვით ან ისეთი საშინელი პირობები თუ იქნებოდა.
მოგვიანებით, ცალ-ცალკე გაიყვანეს ტურის წევრები და თანხას სთავაზობდნენ გასაჩუმებლად, თავიდან ყველას გვითხრეს, რომ მხოლოდ 650 დოლარს დაგიბრუნებთო, არადა 1500 დოლარი დაგვიჯდა ეს ტური. სულ რომ არ დაგვეკარგა თანხა, 650 დოლარი ავიღეთ, მერე 150 დოლარი დაგვიმატეს, თუმცა საქმე მხოლოდ თანხაში ხომ არ არის, ამხელა მორალური ზიანი მივიღეთ და ჩვენ მაინც ვუჩივლებთ.
- რას აპირებთ?
- პროკურატურაში ვიყავით მე და ერთი გოგო, დავწერეთ განცხადება მთავარი პროკურორის სახელზე და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე. სულ რომ 2000 დოლარი შემომთავაზონ, მე გამჩერებელი არ ვარ, მაინც ვუჩივლებ.
AMBEBI.GE დაუკავშირდა ტურისტული სააგენტო "რეალ-თრეველის" წარმომადგენელს, ნონა ენუქიძეს, რომელმაც გააგზავნა ისრაელში ტურით 15 ადამიანი, მათ შორის ჩვენი რესპონდენტიც. ენუქიძის თქმით, მისი ინფორმაციით, ეს ადამიანები არა ტურისტებად, არამედ ისრაელში სამუშაოდ დასარჩენად მიდიოდნენ.
- საბუთები ყალბი იყო თუ არა, ამის შემოწმება ძნელი არ არის, გვყავს ებრაული კომპანია, რომელიც არის მომწვევი მხარე, ჩვენ უბრალოდ აქ ვუკეთებთ სამოგზაურო დაზღვევას და თვითმფრინავის ბილეთს, დანარჩენს აკეთებს ის ებრაული კომპანია. ყველაფერი წინასწარ იყო გადახდილი, შემოწმებული. არც ჩვენ მოვქცეულვართ უყურადღებოდ, ისრაელში საქართველოს კონსულიც კი ჩავაყენეთ საქმის კურსი, ამ მოქალაქეების დახმარება ვთხოვეთ, რადგან საბუთები წესრიგში ჰქონდათ.
ის ინფორმაცია, რომ თითქოს ტურისტებად მიდიოდნენ და უკან უნდა გამობრუნებულიყვნენ, არასწორი ინფორმაციაა და ეს ეჭვი გაუჩნდათ ისრაელის საზღვარზეც. საქართველოს კონსულმაც გაარკვია ვითარება და თავად მას ასე უთხრეს ამ ჯგუფის წევრებზე - ჩვენ ეჭვი შევიტანეთ, რომ ეს ჯგუფი სამუშაოდ არის ჩამოსული და არ არიან ნამდვილი ტურისტები, სწორედ ამ მიზეზით გამოვაბრუნეთ უკან. იქ არ ყოფილა საუბარი ყალბ საბუთებზე. ზოგადად ფონია ასეთი, რომ ისრაელში ბევრი მიდის ტურისტის სახელით, საბოლოოდ კი, სამუშაოდ რჩებიან. ქვეყანა შევძარით, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მოგეხსენებათ, უკან მობრუნებული ადამიანი უკმაყოფილოა, მაგრამ არსებობს დამსახურებული და დაუმსახურებელი კრიტიკა.
რაც შეეხება იმ თანხებს, მაქსიმალურად ვეცადეთ, თანხა მათთვის უკან დაგვებრუნებინა. თანხა ერთიანად არ გვერიცხება, ამიტომ როგორც კი გვირიცხავენ უკან, ჩვენც ვუბრუნებთ ტურის წევრებს.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
შეესწარით რაიმე შემთხვევას? ფლობთ საინტერესო ინფორმაციას? გაქვთ საინტერესო ფოტო/ვიდეომასალა?
დაგვიკავშირდით ნიუსრუმის ცხელ ხაზზე 5 77 11 11 30