ყველაფერი გაკეთდება, რათა "მაესტრო" არ გახდეს "იმედის" ფილიალი, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაია გადაბაძის მიერ დღეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არსებობდა გარიგებები.
"ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს "სტუდია მაესტროს" 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ბატონი ირაკლი რუხაძე. ცნობილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებულ ტელეკომპანია "იმედთან" და მის მართვასთან. შესაბამისად ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია "მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია "იმედს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ასევე ამ გზით ადგილი აქვს სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას.
"ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას, "ტელეიმედი" ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია "მაესტროს" საწესდებო კაპიტალი წილს. ამ კუთხით ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი იძლევა სრულ საფუძველს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისგან გიორგი გაჩეჩილაძემ შეიძინა შპს "სტუდია მაესტროს" წილები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ეს გარიგებები ფასდება როგორც თვალთმაქცური მართლსაწინააღმდეგო გარიგება.
"ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და კანონის შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ "მაესტროს" გადაქცევა "იმედის" ფილიალად", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.