ბოლო განახლება| დრამატული კადრები ზესტაფონიდან: სტიქიამ ქალაქი დატბორა
ასევე იხილეთ| "ალბათ აქედან გაყინულებს წაგვიღებენ"- ჯავახეთში თოვლში ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ
გასულ ღამეს უამინდობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში სტიქია გამოიწვია.
წუხელ ძლიერ წვიმდა ზესტაფონში, სადაც ნალექების რაოდენობა 80 მლმ დაფიქსირდა. ამის გამო პარალიზებულია ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა. თერჯოლაში კი ადიდებულმა მდინარე ჩხარამ დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. თერჯოლის გამგებელმა თემურ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამის მიზეზი მდინარე ჩხარას მიერ დროებით ავტომაგისტრალის დაზიანებაა. მისივე თქმით, ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც პრობლემები ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გამოიწვია. ჯაფარიძის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამგებლის ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ბაღდათის გავლით არის შესაძლებელი.
გუშინ ღამით, ყველაზე მეტი წვიმის ნალექი - 82 მლმ ზუგდიდში იყო. ქალაქის ორ ქუჩაზე სახლების ეზო დაიტბორა. როგორც "ლაივპრესს" მერიაში განუცხადეს, ზედამხედველობის სამსახურის ოთხი ჯგუფი მონიტორინგის მიზნით გასულია ქალაქის ქუჩებში.
ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიაში რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერიან ფეცხვერიას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაც დაიტბორა. ადიდდა მდინარე ჭურთავა. ამ დროსითვის დატბორილ ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
მისივე ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა ქარმა ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ადგილზე მოგლიჯა ხე და სოფელ ბობოყვათში ნაძვი ხე წაიქცა, რის გამოც სოფლის ცენტრალური გზა იყო ჩაკეტილი, ამ დროისთვის მოძრაობა აღმაშენებლის ქუჩაზე და სოფელ ბობოყვათში აღდგენილია.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა გუშინ საღამოს დაბა ჩაქვში, სურმანიძეების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურა თენიეშვილმა მოინახულა. ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი წუხელ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდნენ და კლინიკიდან დღეს გაეწერებიან. მათ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.
ასევე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაზიანდა. დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.
უახლოესი მონაცემებით, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ზოტში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ჩოხატაურში გუშინ ძლიერი წვიმა მოვიდა, დღეს დილით კი ძლიერი ქარი იყო. შედეგად მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, საავტომობილო და სოფლის გზები დაზიანდა, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
მისივე თქმით, დიდ ვანსა და შუა სურებს შორის მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე გაიგზავნა ტექნიკა და გზა ერთ საათში გაიწმინდება.
სოფელ ხიდისთავის ცენტრში ძლიერმა ქარმა ალვის ხე მოგლიჯა, დაიზიანდა გაზსადენი მილი და ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ტერიტორია გაასუფთავეს და იქ მოძრაობა აღდგენილია.
ასევე, სოფელ ბჟოლიეთში სტიქიამ ცენტრალური გზა გადაკეტა. მეწყერი ორ ადგილზე ჩამოწვა, რომელთაგანაც ერთი ადგილზე გზა გასუფთავდა, ხოლო მეორე ადგილისკენ ტექნიკა მიემართება.
გუშინ მცირე პრობლემები სვანეთში მოსულმა თოვლმაც შექმნა. მესტიაში პირველი თოვლი მოვიდა და ნალექის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, თოვლმა პრობლემები შექმნა სოფელ ეცერის აღმართზე, სადაც რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში თოვა დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ახლაც თოვს.
თოვლმა პრობლემები, მესტიის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოშიც შექმნა. ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილზე. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. მისივე თქმით, უღელტეხილზე ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 სანტიმეტრია და გზა სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაიწმინდება.
"უღელტეხილზე თოვლი დაახლოებით 10 სანტიმეტრამდეა, რის გამოც, მხოლოდ აღნიშნულ მონაკვეთზე ზაფხულის და მოვცეთილი საბურავებით ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. გვიან ღამის შემდეგ ტექნიკური სამსახური მუშაობს და გზა სავარაუდოდ რამდენიმე საათში სრულად გაიწმინდება. ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამაზ აბდულაშვილმა.
დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. ინფორმაციას უამინდობის შედეგად საქართველოს გზების ნაწილზე არსებული მდგომარეობის შესახებსახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა.
წვიმიანი ამინდი საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმაც. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი წვიმიმის ნალექი შემციდება და დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს მიაღწევს. განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში.
ჰაერის ტემპერატურა დასვლეთ საქართველოს დაბლობში დღისით საშუალოდ 8-13 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 9-14 გრადუსი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გუშინ თოვდა მესტიაში, ბახმაროსა და გუდაურში. მაღალმთაში ღამით მოსალოდნელია ყინვებიც.
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. 15 ნოემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
მომზადებულია რეგიონული მედიისა და ინტერნპრესნიუსის მასალების მიხედვით.