თანამედრვე სასტუმროების ისტორია ღამის გასათევი თავშესაფრებისა და ტავერნებისგან იწყება, რომელთაც დღევანდელ სრულსერვისიან სასტუმროებთან საერთო ბევრი არაფერი აქვთ. ზოგადად, სასტუმროების ბიზნესი და მისი განვითარება საკმაოდ საინტერესო თემაა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. სასტუმროების ბიზნესი მაღალი ხარისხის რისკთანაა დაკავშირებული და რამდენიმე ფაქტორზე ყურადღების გამახვილება, მისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია: მოთხოვნა არსებული ბაზრის გათვალისწინებით და ინვესტირებული კაპიტალის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობებია.
სასტუმროების ბიზნესში, ოთახების გაქირავებასა და კვებაზე მეტი მოგება, რეალურად, უძრავი ქონებით მანიპულაციებს მოაქვს. სასტუმროებს სხვადასხვა მიზეზით აშენებენ. მშენებლობით მოგების მისაღებად, თავად სასტუმროს და მისი მართვით მოგების მისაღებად, უძრავ ქონებაზე ფასის ზრდით მოგების მისაღებად და სხვა.
"შერატონისა" და "ჰილტონის" კორპორაციების მოგების უდიდესი წილი ყიდვა-გაყიდვაზე, საგადასახადო შეღავათებსა და უძრავ ქონებაზე ფასის ზრდაზე მოდის.
საერთაშორისო სტანდარტებით, სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭება არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისის მიხედვით ხდება. 1-დან (ეკონომკლასი ) - 5-ის ჩათვლით (დელუქსი კლასი).
საქართველოში სასტუმროების ბიზნესი თანდათან ვითარდება და იხვეწება, თუმცა როგორც საქმის სპეციალისტები ამბობენ, სფეროში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და ხშირად მიწოდება მოთხოვნის, ხოლო არსებული ფასები სერსვისის ადეკვატური არაა.
ყველაზე მეტი პრობლემა მაინც საოჯახო ტიპის სასტუმროებს აქვთ, რომელთაც მხოლოდ სეზონური მოგება აქვთ და ხშირად ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი, თუმცა არარეგულირებადი წყაროა. ამ სახის სასტუმროებში ყველაფერი სუბიექტურ გადაწყვეტილებებსა და მეპატრონის მცირე ფინანსურ შემოსავლებზეა დამოკიდებული.
ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის ოთხი კვარტლის მონაცემებით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ბრუნვის მოცულობამ, 730.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის 1,6%-ს შეადგენს.
2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 30 285 იყო, ხოლო მათი საშუალო თვიური ანაზღაურება 604,3 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ათეულით მეტია.
სასტუმრო ბიზნესის პრობლემებზე, შემოსავლებსა და კატეგორიზაციაზე სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცის პრეზიდენტი, ქეთევან მელაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
- სასტუმროების რომელი კატეგორია არის საქართველოში ამ ეტაპზე უფრო განვითარებული, რამდენად გაჯერებული და კონკურენტუნარიანია ამ სფეროში არსებული ბაზარი?
- საქართველოში ყველაზე კარგად განვითარებულია მაღალი კლასის, ე.წ "ფრენჩაიზინგ" სასტუმროები, როგორიცაა იგივე "რედისონი," "მერიოტი," და სხვა. მათ თავისი, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები აქვთ, რომელთაც აკმაყოფილებენ კიდევაც. ამ კლასის სასტუმროებში ხშირადაა შემოწმებები და შესაბამისად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთი ბრენდის რეპუტაციას. თუმცა ამ ტიპის სასტუმროების ბაზარი ჯერ კიდევ არაა გაჯერებული, სრულად ათვისებული საქართველოში და მაღალი კონკურენცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. მიმდინარეობს მშენებლობები და 2017 წლისთვის მათი რიცხვი შედარებით მოიმატებს. ბევრი ინვესტორი აპირებს შემოსვლას და თავის დამკვიდრებას აღნიშნულ სფეროში.
- სასტუმრო, როგორც შემოსავლის წყარო, რამდენად სარფიანია და რამდენ ხანშია შესაძლებელი მოგებაზე საუბარი?
- სასტუმროების ბიზნესი საკმაოდ მაღალშემოსავლიანია, საწყის ეტაპზე ის თავის თავს აუცილებლად ინახავს, ასაქმებს ადამიანებს. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკა ასეთია: როდესაც სასტუმროებში თანხას დებენ, ათი წელი სჭირდება მის ამოღებას, ჩვენს სისტემაზე ალბათ 7-8 წელი უნდა გავითვალისწინოთ ინვესტიციის ამოსაღებად და მოგებაზე გასასვლელად. რაც უფრო დიდია სასტუმრო, შესაბამისად მეტია მისგან მიღებული შემოსავალი. დახარჯული თანხა და მიღებული მოგება ერთმანეთს შეეფარდებიან და პესიმისტური გათვლების შემთხვევაშიც კი 12-13%-იან მოგებაზე საუბარი შესაძლებელია. თბილისში რომ ააშენო 60-70 ნომრიანი სასტუმრო, ჩემი გათვლით და გამოცდილებით, სავარაუდოდ, 5 მილიონამდე დაჯდება. ამაში შედის ყველაფერი, მიწის ნაკვეთიდან დაწყებული, მშენებლობით, ინფრასტრუქტურითა და საჭირო სხვა ყველა ღონისძიების გათვალისწინებით.
საშუალო დონის სასტუმროს მშენებლობისთვის შესაფერისი ფართი ერთ კვადრატულ მეტრზე ათასი დოლარი შეგვიძლია ვიანგარიშოთ. გააჩნია რა პირობები და მოთხოვნებია მისაღები პირისთვის, რომელიც ამ ტიპის ბიზნესის წამოწყებას გეგმავს. ასეთ სასტუმროში ავეჯიცა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურაც საშუალო დონის მომხმარებელზე გათვლილი იქნება. საწყის ეტაპზე დიდი თანხები სჭირდება დენის, გაზის, საკანალიზაციო თუ გათბობის სისტემის შეყვანასა და მონტაჟს.
- რა ტიპის სასტუმროებზეა უფრო მაღალი მოთხოვნა ამ ეტაპზე?
- ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად უნდა იყოს განვითარებული სწორედ საშუალო ტურისტზე გათვლილი, სამვარსკვლავიანი სასტუმროები. მოთხოვნა ამ ტიპის სასტუმროზე უფრო მაღალია, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რაოდენობითაა წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე.
ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა ჰოსტელების რიცხვი, რომელიც გარკვეულწილად აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. ჰოსტელები თბილისში, ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული (ძველი უბნები, რუსთაველი, სოლოლაკი, მთაწმინდა). საერთოდ ჰოსტელებში ერთი ღამის ფასი საზღვარგარეთ 8 დოლარიდან იწყება, რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოში რატომღაც შეუსაბამო ფასებია და 10-დან 15 დოლარამდე მერყეობს. ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისით ლიბერალურია და რამდენიმე წელიწადში ალბათ, ბაზარი ამ ფასს თავად დაარეგულირებს.
- სასტუმროსათვის ვარსკვლავის მინიჭების საკითხი როგორ რეგულირდება საქართველოში?
- განვითარებულ ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიასა თუ ესპანეთში ვარსკვლავის მინიჭების შესაბამისი სტანდარტები არსებობს. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, ჩვენთან ვარსკვლავების მინიჭება სუბიექტური გადაწყვეტილებით ხდება და ამ მხრივ არანაირი სტანდარტები არ არსებობს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ეს საკითხი უნდა განესაზღვრა, მაგრამ ის ვერ გახდა საქართველოში პოპულარული და ამ თვალსაზრისით ვერ გაამართლა. ეს პრობლემა მხოლოდ ფედერაციის საქმე არ არის და მასში სახელმწიფოს სტრუქტურების ჩართულობაც აუცილებელია.
რაც შეეხება ჩვენს სასტუმროებს, რომელთა უმრავლესობას პრეტენზია აქვს 4 ვარსკვლავზე, ბევრ შენიშვნას იმსახურებენ, თუმცა ამბიციები საკმაოდ დიდი აქვთ. მიხარია, რომ 5 ვარსკვლავიანს მაინც არ უწოდებენ საკუთარ თავს.
- სახელმწიფოს მხრიდან როგორი გადასახადები აქვთ დაკისრებული სეზონურად მომუშავე სასტუმროებს და თუ იგეგმება რაიმე ცვლილება ამ სექტორში?
- სეზონურად მომუშავე სასტუმროებს უნდა ჰქონოდათ შეღავათი. ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა მოლაპარაკება ამ საკითხზე, კანონმდებლობაში ცვლილებები არის, ალბათ, წელს უკვე შევა ძალაში, რაც გარკვეულწილად ამოსუნთქვის საშალებას მისცემს ამ ტიპის სასტუმროებს. სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ სეზონურად მუშაობენ, მთელი წლის განმავლობაში არ უნდა იხდიდნენ საშემოსავლო, დღგ-ს, დენის, წყლისა თუ გაზის გადასახადებს, როგორც იურიდიული პირი.
სასტუმროების ბიზნესი ახლა იწყებს უფრო აქტიურად ამუშავებას. ჯერჯერობით არ გვაქვს ათვისებული ეს ბაზარი სრულად და რადგან საკმაოდ მომგებიანი საქმეა, იმედია ინვესტორები ამ ბიზნესით უფრო აქტიურად დაკავდებიან. რამდენიმე წელიწადში შეივსება არსებული დანაკლისი.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE
ასევე დაგაინტერესებთ| რა ჯდება საქართველოში ელიტარული რესტორნის გახსნა და რა ფული იშოვება სარესტორნო ბიზნესში