"სიხარულის მომნიჭებელის" აღსრულებული სასწაულები - რა მოხდა ხატით წმინდა მიწის მოლოცვისას

"სიხარულის მომნიჭებელის" აღსრულებული სასწაულები - რა მოხდა ხატით წმინდა მიწის მოლოცვისას

სანამ საკვირველმოქმედი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" წმინდა მიწაზე გაემგზავრებოდა, მანამდე მის მცველებს - ზურაბ შიოშვილსა და გიორგი ჭოლოკავას ვესაუბრე, რომლებიც "დედოფლის" მიერ აღსრულებულ სასწაულებზე ლაპარაკობდნენ. ასევე იმაზეც, თუ როგორ სიმხურვალეს გამოსცემს ხატი და როგორ უთბება ყველა იმ რეპროდუქციას ხელები, რომელზეც "დედოფალია" გამოსახული...

ხატი წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ უკვე საქართველოში დაბრუნდა. გვინდა ხატის ერთ-ერთი მცველის, ზურაბ შიოშვილის შთაბეჭდილება გაგიზიაროთ:

- უდიდესი მოვლენებით სავსე და მართლაც ისტორიული და ამაღელვებელი აღმოჩნდა. წინასწარ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი ემოციური და შთამბეჭდავი იქნებოდა ღვთისმშობლის სტუმრობა იერუსალიმსა და პალესტინაში. მოლოდინი რასაკვირველია, დიდი იყო, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ფაქტებიც ხდება, რომელსაც წინასწარ ვერ განჭვრეტ და ის მხოლოდ ღვთისმშობლისთვისაა ცნობილი.

იერუსალიმში "დედოფლის" გამოჩენა საოცრება იყო. ჩასვლიდან მეორე დილასვე, როგორც კი ხატი იერუსალიმის ქუჩებში გამოჩნდა, უამრავი მომლოცველი მოიზიდა (იხილეთ ჯვრის მონასტერში გადაღებული კადრები)

იმდენად ბევრი მომლოცველი იყო, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მოედნის გავლას ორმოც წუთზე მეტი მოვანდომეთ. განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტიც, როცა იერუსალიმში ამდენი სიწმინდის მოსალოცადაა ხალხი ჩასული, თითქოს ავიწყდებოდათ, სად იყვნენ და უმალ "დედოფლისკენ" მოიწევდნენ. ფაქტია, რომ მისგან განსაკუთრებულად დიდი მადლი და სითბო მოდის.

დაუვიწყარი იქნება ღვთისმშობლის პირველი სტუმრობა უფლის საფლავზე, როდესაც კუვუკლიის მცველებმა "დედოფალს" დერეფანი გაუკეთეს, მომლოცველები აქეთ-იქით გასწიეს და დიდი თაყვანისცემით, მოწიწებით შეგვაბრძანებინეს ხატი უფლის საფლავზე. გარკვეული დროით კუვუკლია დაიკეტა, სანამ ხატს არ გამოვაბრძანებდით.

- ე.ი. ხატით დაინტერესდნენ?

- იმხელა მადლი მოდის მისგან, რომ პირველსავე დღეს უკვე დაეტყო იერუსალიმს "დედოფლის" ჩაბრძანება:

სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრები თავიანთ წირვაზე გვიწვევდნენ და თხოვნით მოგვმართვდნენ, რომ მათთანაც მიბრძანებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მიგვიწვიეს ღვთისმშობლის საფლავზე ჩატარებულ წირვაზეც, სადაც წირვის დროს "დედოფალი" საპატიოდ ღვთისმშობლის საფლავზე იყო დაბრძანებული.

ჩვენი განრიგი საკმაოდ რთული იყო, დილა გამთენიისას, 5 საათზე იწყებოდა და დღე გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ამას ემატებოდა წირვებიც, რომლებიც იქ ხშირად ღამით მიმდინარეობს. არ დარჩენილა სიწმინდე, რომელსაც "დედოფალი" არ სწვეოდა. ყველაფერთან ერთად, ხატის მოგზაურობა ბევრი საფრთხის შემცველიც იყო. იცით, რომ ისრაელი საომარი სიტუაციის წინაშე დგას, არაერთხელ გამოაცხადეს, რომ ქალაქში ტერორისტები იყვნენ და რამდენიმე ტერაქტიც მოხდა. ყოველ ღამე თუ დღისით ხდებოდა მკვლელობა. რამდენიმე დღე შემსვლელთათვის ძველი ქალაქის კარიბჭეები დაკეტილიც იყო.

- პალესტინაში როგორ შეხვედით?

- საკმაოდ რთული აღმოჩნდა გამგზავრება პალესტინაშიც, სადაც ნიღბიანი პალესტინელების გარემოცვაში აღმოვჩნდით და მხოლოდ ღვთისმშობლის შეწევნით, იქედან ცოცხლებმა გამოვაღწიეთ. მიუხედავად ამ დაძაბული ვითარებისა, ყოველი დღე იყო ნაყოფიერი, შეხვედრებით სავსეც. ჩვენ გვქონდა შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთანაც. შეხვედრის დასასრულს, მისმა უწმინდესობამ "დედოფალი" მოილოცა და გზა დაგვილოცა. წმინდა მიწაზე უამრავი მნიშვნელოვანი რამ მოხდა და "დედოფალმაც" ბევრი სასწაული გვიჩვენა...

- როგორც წინა საუბრისას აღნიშნეთ, ხატი ადამიანის მიახლოებისას მაღალ ტემპერატურას გამოსცემს. წმინდა მიწაზე მასთან მიახლებისას რას ამბობდნენ მომლოცველები?

- როგორც უკვე იცით, ხატის ასლებსაც კი, რომლებიც მომლოცველთა სახლებში ინახება, ხელები უთბება. ეს სასწაული უკვე დიდი ხანია, რაც აღესრულება და ამაზე არაერთხელ დაწერილა. წმინდა მიწაზე ჩაბრძანების შემდეგ, "დედოფალმა" კიდევ უფრო მეტი საკვირველება გვიჩვენა. საკმარისი იყო მივახლებოდით რომელიმე წმინდა ადგილს, რომ ხატი საოცარ სიმხურვალეს გამოსცემდა. ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ მთელი სამოსი გვისველდებოდა. ამ ფაქტებს ხშირად ტურისტებიც აწყდებოდნენ და უამრავ ფოტოს იღებდნენ. ჩვენი შეგრძნება მაშინ იყო რთულად აღსაწერი, როცა ხელთ გვეპყრა ხატი, თითქოს გარშემო რაღაც კაფსულის მსგავსი იკვრებოდა, რომლის შიგნითაც ჩვენ ვიყავით და იმ კაფსულაში ტემპერატურა საოცარი სისწრაფით მატულობდა. ეს არაერთ წმინდა ადგილას მომხდარა და ამის შემსწრე უამრავი სასულიერო თუ საერო პირიც გახდა. როდესაც განცდის მთის მონასტერში "დედოფალი" კლდის იმ მონაკვეთზე დავაბრძანეთ, სადაც უფალი იჯდა, კიდევ ერთი სასწაულის შემსწრენი გავხდით. ცივი კლდე, რომელიც ტაძრის შიგნითაა მოქცეული, ხატისგან მთლიანად გახურებულიყო. მონასტრის ბერებმა ჩვენი წმინდა მიწაზე ჩასვლის შესახებ, ჯერ კიდევ მანამდე იცოდნენ, სანამ პალესტინაში იერიქონს ვეწვეოდით და დიდი პატივით მიიღეს "დედოფალიც". ისინი გვერდიდან ერთ წუთსაც არ გვშორდებოდნენ და როდესაც ხატისგან გაცხელებული კლდის ლოდი იხილეს, მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. ბერები ამ სასწაულის ხილვის შემდეგ ღელავდნენ და ბოლოს მოკრძალებით გვთხოვეს, მონაცვლეობით ცოტა ხანს ეს უდიდესი ხატი ხელში სჭეროდათ. ბერები ჩვენ წინ იდგნენ და თითქოს სულ ცახცახებდნენ. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ხელთ ხატი ეპყრა, ხმამაღლა ძახილი დაიწყო, - "ცხელია, ცხელია, სულ გავცხელდიი!!!" შემდეგ მეორემ გამოართვა და იქაც იგივე მოხდა, მეორე ბერსაც სულ გაუცხელდა გულმკერდი. ეს უდიდესი გამოხატულება "დედოფლის" ცხოველმყოფელობისა, წმინდა მიწაზე არაერთხელ განმეორდა. ხატი თითქოს კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა და იერსახეც კი ეცვალა. დღეს "დედოფლის" სახე სულ სხვაგვარია, უფრო ცოცხალი და მეტყველი! ძალიან ეძნელებოდათ ბერებს "დედოფალთან" და ჩვენთან განშორება, ისე დაგვტრიალებდნენ, როგორც მთელი ცხოვრების ნანატრ სტუმრებს, მათთვის უდიდესი პატივი იყო ღვთისმშობლის სტუმრობა და გვთხოვეს, მოვიხსენიოთ ისინიც ჩვენს ლოცვებში. ეს იმ დღისით აღსრულებული უკვე მერამდენე სასწაული იყო აღარც ვიცოდით, რადგან იმ დღეს უამრავი საკვირველება აჩვენა ღვთისმშობელმა პალესტინის მონასტრებსა თუ მომლოცველებს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია