"პლაჟი ყველასია, ეს უკვე ბატონ-ყმობაა" - ქობულეთში სასტუმროს მეპატრონეები ზღვის სანაპიროს უკანონოდ იღობავენ

"პლაჟი ყველასია, ეს უკვე ბატონ-ყმობაა" - ქობულეთში სასტუმროს მეპატრონეები ზღვის სანაპიროს უკანონოდ იღობავენ

ქობულეთში კერძო ობიექტების მეპატრონეებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია - ზღვის სანაპირო უკანონოდ გადაღობეს. "ამბები.გე" არკვევდა, რა ზომებს მიმართა ქობულეთის გამგეობამ და რას ფიქრობენ ამის შესახებ ზღვაზე მყოფი დამსვენებლები:

12 წლის თემო ქობულეთის სანაპიროზე სიმინს ყიდის, თუმცა მას სანაპიროს იმ ტერიტორიაზე გავლას, სადაც თემურ ჭყონიას სასტუმრო "ჯორჯიან პალასი" მდებარეობს, სასტუმროს დაცვა უკრძალავს. თემო ამბობს, რომ შემოღობილ სანაპიროზე შეღწევა მისთვის სარფიანია, რადგანაც იქ მყოფი დამსვენებლები სიმინდს უფრო მეტად ყიდულობენ, ვიდრე ღობეს გარეთ მყოფნი. თემოს რკინის ბარიერის გადალახვა შესაძლო ჯანმრთელობის დაზიანების ფასად უჯდება. ის სიმინდით სავსე ქვაბით ჯერ ზღვაში ორი მეტრის სიღრმეზე შედის, შემდეგ რკინის ღობეს ეჭიდება და ისე გადადის მეორე მხარეს:

"არ შეიძლება გასვლაო, უკან გვაბრუნებენ. დღეს გადავედი თავისუფლად, არაფერი უთქვამთ, მაგრამ თუ დაცვის რამდენიმე თანამშრომელია, მკაცრად აკონტროლებენ და არ გვიშვებენ", - აღნიშნა თემომ.

გადაღობილი სანაპიროს მიმდებარედ პლაჟზე მყოფი დამსვენებლები შემთხვევას არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგი ამბობს, რომ სანაპიროს შემოღობვაში პრობლემას ვერ ხედავს, ზოგი კი ფაქტს "თანამედროვე ბატონ-ყმობას" უწოდებს:

"პლაჟი ყველასია და ყველას უნდა შეეძლოს იქ გავლა, დაუშვებელია გადაღობვა. ეს არის უკვე ბატონ-ყმობა. ეს ნიშნავს, მდიდრები და, ღარიბები კი არა, - ყმები", - აღნიშნა თამარ კაკიაშვილმა.

"ჩემთვის ძალიან მიუღებელია, ბავშვები ბანაობენ, დინებაა და ბევრმა სახეც დაიზიანა. არ შეიძლება ასეთი რამ, არ ყავს პლაჟს პატრონი. თუ სასტუმროს მფლობელები ფიქრობენ, რომ მათ "განსხვავებული" დამსვენებლები ყავთ და არ უნდათ რომ შეწუხდნენ, მათ აქვთ ბასეინები და იქ დაასვენონ. აქ სანაპიროზე, ყველა ერთია", - აღნიშნა თეა კაკიაშვილმა.

"გადაღობვა ნორმალურია, რატომაც არა, ხალხი სასტუმროში ისვენებს და ზღვაზეც ერთობა. იმდენად დიდი ნაპირია, მე არ მომინდება აქ შესვლა. შეზლონგია განსხვავებული, რაც სასტუმროს საკუთრებაა, მეტი არაფრით განსხვავდება სანაპირო, - აღნიშნა დათო გელიაშვილმა.

ქობულეთის გამგეობამ "ჯორჯიან პალასს" ჯერ წერილობით გააფრთხილა და კონსტრუქციის დემონტაჟისთვის გონივრული ვადა მისცა, შემდეგ კი ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმა დააკისრა და საქმე სასამართლოს გადასცა. გამგებლის მოადგილის ირაკლი ცეცხლაძის განმარტებით, შემოღობვა თვითნებურია და უკანონოა:

"ეს შემოღობვა არის თვითნებური. ჩვენთვის როგორც კი გახდა ცნობილი, რომ უკანონო ნაგებობა გაჩნდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ზედამხედველობის სამსახურმა შეისწავლა ფაქტი და გაფრთხილება დაუწერა, მოვთხოვეთ 5 დღის განმავლობაში განხორციელებულიყო ღობის დემონტაჟი. მიუხედავად ამისა, მათ არ დაშალეს ღობე. ჩვენ კანონის შესაბამისად 1 000-დან 2 000 ლარამდე ჯარიმა მოვითხოვეთ და საქმე გადავამისამართეთ სასამართლოში", - აღნიშნა ირაკლი ცეცხლაძემ.

გამგეობის ინფორმაციით, სასამართლომ "ჯორჯიან პალასი" 1 500 ლარით დააჯარიმა. სასტუმროს მფლობელებს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1 თვიანი ვადა აქვთ.

აჭარის შავი ზღვის სანაპიროებზე ტურისტული სეზონი უკვე სრულდება. 15 სექტემბრიდან ტემპერატურა და შესაბამისად, ტურისტები სანაპიროზე კლებულობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება "ჯორჯიან პალასის" მიერ თვითნებურად გაკეთებული ღობის დემონტაჟი.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია