შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ წარუდგენია ბრალი კომპანია "სი-თი პარკის" იმ სამი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც 22 აგვისტოს, არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა. დაკავებულ პირებს პატიმრობის 48 საათიანი ვადა დღეს, 15:00 საათზე ეწურებათ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ელოდებიან საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ნაბიჯებს და იმ შემთხვევაში, თუ ბრალის წარდგენა მოხდება არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, კომპანია შესაბამისად იმოქმედებს. "ჯერ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. 15:00 საათზე იწურება პატიმრობის 48 საათიანი ვადა. ვნახავთ რა ბრალს წარუდგენენ. თუ ამ მუხლით მოხდება ბრალის წარდგენა რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა", - განაცხადა ლევან ტაბიძემ.
კომპანია "სი-თი პარკში" ბავშვიანი ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის გამო წუხილს გამოთქვამენ, თუმცა აცხადებენ, რომ არანაირი გარემოება არ მიანიშნებდა იმაზე, რომ "სი-თი პარკის" თანამშრომლებს ბავშვის გატაცება სურდათ. გარდა ამისა, კომპანიაში მომხდარში მშობლის პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.
"ბავშვს ავტომობილში უკანა სავარძელზე ეძინა, შუშები დაბურული იყო. ჩვენ ავტომობილის კარის გაღების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ კერძო საკუთრებაა. ხოლო ბავშვს არანაირი სიგნალი არ მიუცია ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომ ის ავტომობილში იმყოფებოდა. ელიავაზე მუდმივად ხალხმრავლეობაა, ვინმეს რომ დაენახა, რომ სითი პარკის თანამშრომლებს ბავშვიანი მანქანა მიყავთ, ისინი აუცილებლად ჩამოაღებინებდნენ მანქანას ევაკუატორიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვს არანაირი სიგნალი არ მიუცია არავისთვის. გარდა ამისა, ჩვენმა თანამშრომლებმა თავად დაურეკეს 112-ის სამსახურს, როდესაც ბავშვი ავტომობილში აღმოაჩინეს", - განაცხადა ლევან ტაბიძემ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია "სი-თი პარკის" სამი თანამშრომელი - 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ "სი-თი პარკის" თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.
ჯონი პატარკაციშვილი
AMBEBI.GE
ბავშვის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული"სითი პარკის" თანამშრომლები გაათავისუფლეს