განახლებული| უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაში ანგარიში გათანაბრდა. თბილისში, "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან ანგარიში 4:4-ია. "ბარსელონას" კარში "სევილიას" მიერ 81-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი კონოპლიანკაა.
პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა.
ესპანური გუნდები სუპერთასის მატჩს შემდეგი შემადგენლობით მართავენ:
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, დანი ალვეში, მასკერანო, მატიე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაფინია, სუარესი, მესი.
სევილია: ბეტო, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა, რეიესი, ბანეგა, ვიტოლო, გამეირო.
უეფა-ს სუპერთასის დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.
საზოგადოების წინაშე წარდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი". წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მონაწილეობდა: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.
მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარ დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იყო 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.
ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა "იმაგინე" შეასრულეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს."
პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.
ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობდნენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.
უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" უპირისპირდებიან. შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეო: მესის ორი გოლი ევროპის სუპერთასზე