საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა განუცხადეს, მთელი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ, დამსაქმებლები კი პირდებიან, რომ დავალიანებას ეტაპობრივად გაუსტუმრებენ.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მათ, ვისაც საბერძნეთის მოქალაქეობა არ აქვს, ქუჩაში გამოსვლისაც ეშინია.
"ველოდებით რეფერენდუმის შედეგებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავრჩებით თუ არა ქვეყანაში. თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვიდა, უცხოელების მიმართ გამკაცრდება მოთხოვნები და შესაძლოა, აქ მუშაობა ვეღარ შევძლოთ", - აცხადებენ ქართველები.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მოსახლეობა პანიკაშია. გასულ კვირას ბანკებთან და ბანკომატებთან რიგები არ წყდებოდა. მოქალაქეებს მასობრივად გაჰქონდათ დიდი რაოდენობის თანხა, რის გამოც, ქვეყნის მთავრობამ ბანკების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებიდან თანხის გატანა კი შეზღუდა. დაწესდა დღიური ლიმიტი - მაქსიმუმ 60 ევროს ოდენობით.
საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთიდან საზღვარგარეთ გადარიცხვები პრაქტიკულად შეჩერებულია.
როგორც იოსებ ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, საბერძნეთში საბანკო სექტორისთვის 6 დღიანი უქმეებია გამოცხადებული 5 ივლისის რეფერენდუმამდე და ყველა ბანკი დაიხურა.
როგორც ელჩმა განმარტა, საბერძნეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ბანკომატიდან დღეში მხოლოდ 60 ევრო გამოიტანონ. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს და საზღვარგარეთული საბანკო ბარათის მფლობელებს, მათ შეუძლიათ, თანხა ჩვეულებრივად გამოიტანონ და მათთვის ეს შეზღუდვა არ არის.
"ქვეყნის შიგნით, გადარიცხვები, უნაღდო ანგარიშსწორება არის შეუზღუდავი, სამაგიეროდ აბსოლუტურად არის შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადარიცხვები. ველოდებით 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგებს. დამაიმედებელია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა, რომ საბერძნეთის განვითარება და საბერძნეთის შემდგომი რეფორმები მხოლოდ ევროზონის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ ამ სახის კრიზისი, რომელიც ბანკების სრულად დახურვას უკავშირდება, მომავალი კვირიდან მოიხსნება, მხარეები ისევ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და საბოლოოდ ურთიერთმომგებიანი შეთანხმება იქნება მიღწეული", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.
რაც შეეხება საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს საელჩო და საკონსულოები ათენში და სალონიკში ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას.
"როგორც დიასპორული ორგანიზაციების საშუალებით, ასევე საქართველოს საელჩოს "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით, ვაწვდით ოპერატიულად ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რაც ჩვენს მუშაობაში შედის. ამ მომენტისთვის ყველა მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება საბანკო გადარიცხვებს, მიმდინარეობს ჩვეულებრივად, საკონსულო მომსახურებას ვგულისხმობ. მომსახურების ის სერვისები, რომელსაც სჭირდება საბანკო გადარიცხვები, ცხადია, არის შეჩერებული. მიღებები საკონსულოებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს. საკონსულოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად ემსახურებიან მოქალაქეებს", -განაცხადა ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ამასთან, საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისისთვის არის დაგეგმილი. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ. თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით