თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ამომწურავ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხობს.
"ბოლო დღეებში უამრავი სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება თბილისის ზოოპარკთან დაკავშირებით. შევეცადეთ მაქსიმალურად ამოგვეკრიფა სოციალური ქსელებში დასმული შეკითხვები და მათთვის პასუხი გაგვეცა (იხ. ქვემოთ).
ძალიან გთხოვთ, თუ რაიმე კითხვა დაგებადათ, მოგვწეროთ ფეისბუქის გვერდზე (სამწუხაროდ, ეს დღეს ერთადერთი ქმედითი საშუალებაა). ვეცდებით ყველა კითხვას ეტაპობრივად ვუპასუხოთ ჩვენი ოფიციალური ვებ და ფეისბუქ გვერდების საშუალებით.
მოცემულ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და გამძლეობის ზღვარს მიაღწიეს. ნებისმიერი სახის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს მედიისა და სოციალური ქსელის ქაოტურ გაქტიურებას, რაც მძიმე დარტყმად აისახება ჩვენს თანამშრომლებზე. ამიტომ გთხოვთ, ანგარიში გაგვიწიოთ და თუ რამე კითხვა გაწუხებთ, პირველ რიგში ჩვენთან გადაამოწმოთ ფეისბუქის საშუალებით.
დიდი მადლობა თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისა და მხარში დგომისთვის!
ხშირად დასმული კითხვები
ჰქონდათ თუ არა თბილისის ზოოპარკის ბინადრებს ე.წ. "ჩიპები"?
დიახ, თბილისის ზოოპარკის ბინადრებს ჰქონდათ ე.წ. "ჩიპები", ანუ ტრანსპონდერები. ტრანსპონდერი გახლავთ მცირე მოწყობილობა, რომელიც კანქვეშ სპეციალიზებული შპრიცის საშუალებით თავსდება. ტრანსპონდერზე ჩაწერილია ამ ცხოველის პირადი ნომერი.
რა დანიშნულება აქვს ამ "ჩიპებს"?
ამ "ჩიპების" დანიშნულება ცხოველების იდენტიფიკაციაა. მაგალითისთვის, მსგავსი ჩიპები აქვთ იმპლანტირებული სახლის ძაღლებსა და კატებს. "ჩიპზე" ჩაწერილი ნომრის წაკითხვა სპეციალური სკანერის საშუალებით ხდება. ზოოპარკის შემთხვევაში ეს ასევე მნიშვნელოვანია ვეტერინარული და სხვა სახის პროცედურების წარმოებისა და აღრიცხვისთვის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ხდება ცხოველის საზღვარზე გადაყვანა, "ჩიპი" მნიშვნელოვანია ექსპორტის სერტიფიკატისთვის, რადგან ექსპორტის ნებართვის გაცემისას ხდება ამ ინდივიდუალური ნომრის მითითება და საბაჟო პროცედურების გავლა. აღსანიშნავია, რომ ეს "ჩიპები" თავისთავად არამდგრადია, მოთავსებულია კანქვეშ და ხშირად მექანიკური ზემოქმედების გამო ზიანდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოველები ერთმანეთს ეთამაშებიან. ასეთი შემთხვევები ხდებოდა და გვიწევდა "ჩიპის" ხელახალი ჩაყენება. კრიზისის დროს სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ზოგერთი "ჩიპი" დაზიანებული აღმოჩნდა და რამდენიმე ცხოველის გვამის იდენტიფიცირება ვერ მოხდა პირადი ნომრის მიხედვით (თუმცა, იდენტიფიკაცია ასეთ დროს ხდება ვიზუალური დათვალიერებით ზოოპარკის შესაბამისი თანამშრომლების მიერ).
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს "ჩიპი" არ უნდა აგვერიოს სპეციალიზებულ GPS "ჩიპში", რომელიც ადგენს ცხოველის ადგილმდებარეობას.
რა სახის მოწყობილობები იძლევა ცხოველის ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას და ჰქონდათ თუ არა ისინი იმპლანტირებული ზოოპარკის ცხოველებს?
ველური ბუნების კვლევის პრაქტიკაში არსებობს GPS-ით აღჭურვილი საყელურები, რომლებიც GSM მობილური სიგნალით, გარკვეული რეგულარობით, იძლევა ინფორმაციას ცხოველის ადგილმდებარეობის შესახებ. ტრადიციულად, ეს არის საკმარისად დიდი და მძიმე საყელური (ხანგრძლივმოქმედი, დიდი ელემენტის გამო), რომელიც არ გამოიყენება ზოოპარკების პრაქტიკაში. მათი მოუხერხებლობის და დაბალი ხარჯთეფექტიანობის გამო არ არსებობს არავითარი მოთხოვნა ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) თუ ზოოპარკებისა და აკვარიუმების მსოფლიო ასოციაციის (WAZA) მხრიდან მათი გამოყენების შესახებ. იგივე ეხება თვით მაღალი სტიქიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებსაც. რაც შეეხება ზომით პატარა "GPS ჩიპებს": მათაც ესაჭიროებათ ენერგიის მუდმივი წყარო (მძლავრი ელემენტი) ხანგრძლივი მუშაობისათვის (მინიმუმ 2-3 თვე მაინც). ამის გამო, ჩვენს ხელთ არსებული ბოლო სამეცნიერო მონაცემებით, პატარა ზომის "GPS ჩიპი" მაინც არ არის კანქვეშ შესაყვანი ზომის. ამიტომ, ბიოლოგები ე.წ. "პატარა GPS ჩიპებს" ველურ გარემოში დაჭერილ მცირე ზომის ცხოველს (რომელსაც დიდი საყელოს ტარება არ შეუძლია) ქირურგიული ოპერაციით უდგამენ არა კანქვეშ, არამედ მუცლის ფარში. აქედან გამომდინარე, სრულიად არამიზანშეწონილია ასეთი ხშირი პერიოდულობით (თუნდაც წელიწადში ერთხელ) ზოოპარკის დიდი ცხოველებისთვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება. ეს საფრთხეს უქმნის ძვირადღირებული ცხოველის სიცოცხლეს და გარდა ამისა, ნაკლებეფექტიანია სტანდარტულ კრიზისულ სიტუაციებში.
ზოოპარკი ადრეც დაიტბორა. რა იყო გათვალისწინებული ზოოპარკის გეგმარების მხრივ წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით? დაცვისა და უსაფრთხოების რა გარანტიები არსებობდა ზოოპარკში კატასტროფამდე?
მტაცებლების და მაიმუნების ე.წ. "ძველი ვოლიერები" (ავტომაგისტრალის მოპირდაპირედ) ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო აშენებული, როგორც ჩანს, წინა სტიქიების გათვალისწინებით. ისინი მთლიანად იყო გადახურული 3 სმ-ის დიამეტრის სრული რკინის გისოსებით, რომელთა დაზიანება მხოლოდ კოლოსალური ძალისხმევის შედეგად იყო შესაძლებელი. ეს კი სრულიად გადის ადამიანისა და ცხოველის ფიზიკური შესაძლებლობებიდან. სტიქიის შემდეგ, მაშველების მიერ გამოყენებული იყო ბენზინზე მომუშავე სპეციალიზებული, ძალიან მძლავრი ე.წ. "ბალგარკა", რომელიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტებს ჰქონდათ და ამ მოწყობილობამაც კი დიდი სირთულით გადაჭრა გისოსები მკვდარი ცხოველების ვოლიერებიდან გამოსაყვანად. ერთ-ერთი ამ სრულად დახურული ვოლიერის გისოსებს შორის ახალგაზრდა ვეფხვის (სახელად ბარბარა) გამოძრომა როგორც ჩანს, განაპირობა წყალდიდობის დროს გისოსებზე უზარმაზარი საგნის დარტყმამ, რამაც გისოსები გაწია იმდენად, რომ გაეტია ვეფხვის თავი (თუ თავი ეტევა, კატისებრი მთლიანად ახერხებს გაძრომას). ანუ, ეს ვოლიერები გამოსადეგი იყო ყველა დასაშვები სტანდარტული კრიზისული სიტუაციისთვისაც კი. წყალმოვარდნამ, რომელმაც მრავალი ავტომანქანა აიტაცა და უზარმაზარი მორები ქაოტურად ატრიალა სრულად დაფარა გალიები და უმძიმესი ფიზიკური დარტყმები მიაყენა ვოლიერებს. ათასობით ტონა წლის სიმაღლემ მინიმუმ 7-8 მეტრი შეადგინა ზოოპარკის ამ სეგმენტში. ცნობისთვის, ვეფხვი ბარბარა მაინც დაიღუპა და მისი გვამი იდენტიფიცირებულია. ყველა დანარჩენი მტაცებელი ე.წ. "ძველ ვოლიერებში" (3 იაგუარი, 6 დათვი და 3 ლომი) წყალმოვარდნის გამო დაიხრჩო.
რაც შეეხება ღია ტიპის ვოლიერებს. ეს წარმოადგენს ცხოველის სათავსს, რომლის ჭერი არის ღია, მაგრამ სტანდარტულ კრიზისულ პირობებში ცხოველის იქიდან გამოსვლა შეუძლებელია, რადგან ვოლიერის ოთხივე კედელი ბოლოში მოკეცილია, ქმნის უარყოფით დაქანებას და ცხოველი აძრომის შემთხვევაშიც კი, ვერ ახერხებს ამ ბარიერის გადალახვას. ასევე, ყველა მტაცებლის ღია ვოლიერს ზემოდან გადატარებული ჰქონდა სპეციალური დანიშნულების ელექტრომავთულები, სადაც გადიოდა 10,000 ვოლტის ძაბვის დენი (დაბალი ამპერაჟით), რომლიც უსაფრთხოა ცხოველისთვის, მაგრამ იწვევს შოკს. ამგვარი ღია ტიპის ვოლიერები მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და უსაფრთხოების სრული გარანტიაა სტანდარტულ კრიზისულ სიტუაციაშიც კი. ჩვენს შემთხვევაში კი პარქტიკულად შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ წყალი მინიმუმ 7-8 მეტრზე ზემოთ აიწევდა, გამორთავდა ელექტროსისტემას და ცხოველებს ამოატივტივებდა.
დაცვისა და უსაფრთხოების რა ნორმები არსებობს ზოოპარკში ახლა?
ზოოპარკის ადმინისტრაცია ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდა უსაფრთხოების საკითხს. ახალი გზის გაყვანის დროს მშენებლებმა და გეოლოგიის ექსპერტებმა ადმინისტრაცია დაარწმუნეს, რომ მდინარე ვერე ზოოპარკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მასშტაბის კატასტროფის დაშვებაც კი რთული იყო. საილუსტრაციო მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ დამანგრეველი მიწისძვრა. მსოფლიოში შენობების გამძლეობა გარკვეულ, სტანდარტულ ზღვარზეა გათვლილი, თუმცა წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ მიწისძვრის სიმძლავრეს, რის გამოც, ისეთ განვითარებულ, მაღალი სტიქიური საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა იაპონია, ვერ ხერხდება ყველა შენობის სეისმომედეგობის უზრუნველყოფა (მათ შორის, ატომური ელექტროსადგურებისაც კი).
რაც შეეხება მტაცებლების ახალაშენებულ ვოლიერებს (გაიხსნა მიმდინარე წელს): ისინი განთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს მხარეს (ზოოპარკის ყველაზე შემაღლებულ ადგილას), რის გამოც იქ კატასტოფამდე გადაყვანილი მტაცებლები (5 თეთრი ლომი და 2 ლეოპარდი) გადაურჩნენ ამ არასტანდარტულ კრიზისს და ამჟამად აბსოლუტურად დაცულნი არიან. ეს ვოლიერები ევროპულ სტანდარტებთანაა შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა, მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახლა აქტიურად ვცდილობთ ახალი უსაფრთხოების ნორმების შეძლებისდაგვარად სწრაფად დანერგვას, რათა ვოლიერებმა გაუძლონ შესაძლო არასტანდარტულ კრიზისულ სიტუაციებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის დროს ზოოპარკის თანამშრომლებმა გამოუშვეს მტაცებლები ვოლიერებიდან. მართალია თუ არა ეს?
ეს ინფორმაცია არის სრული ჭორი და შინაარსობრივად აბსურდული, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ფაქტს. როგორც მოსახლეობამ მასმედიის საშუალებებით იცის, წყალმოვარდნამ იმგვარი სისწრაფით დატბორა სვანიძის ქუჩის ტერიტორია და აავსო სახლები წყლით, რომ ადამიანებმა ვერ მოასწრეს შენობებიდან გამოსვლა. ზუსტად ასე მოხდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც. სამწუხაროდ ჩვენმა სამმა თანამშრომელმა ვერ მოასწრო მტაცებლების განყოფილების შენობის დატოვება და შეეწირა სტიქიას. ზოოპარკის ტერიტორიაზე წყალმოვარდნის დროს იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი, მისი მეუღლე, დაცვის თანამშრომლები, საწოლს მიჯაჭვული მომვლელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და ასაკოვანი თანამშრომელი. ამ სიტუაციაში კარიკატურულია იმის მტკიცება, თითქოს რომელიმეს შეეძლო ხელით ვოლიერების 3 სმ. დიამეტრის სრული რკინის გისოსების გაგრეხვა/გახერხვა ცხოველების გამოსაშვებად.
რაც შეეხება ვოლიერების გასაღებით გაღებას: ესეც აბსურდია, რადგან ყველა გასაღები სპეციალურად დაცულ ადგილას ინახება განყოფილებაში. წყალმოვარდნის წარმოუდგენელი სიმძლავრისა და სისწრაფის ფონზე, როდესაც ადამიანებმა შენობის დატოვებაც კი ვერ მოასწრეს, სრულიად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ რომელიმე მათგანს შეძლო გასაღებების აღება დაცული ადგილიდან, გამოქცევა და რომელიმე (თუნდაც ერთი) ვოლიერის გაღება. აქვე საზოგადოებას ვთხოვთ ცხადად გააცნობიეროს ის წამები, როდესაც წყალი ყველა ზემოხსენებულ ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობს და თვითგადარეჩენის ინსტინქტი მუშაობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი მტაცებლების ვოლიერებში მომვლელები არ შედიოდნენ. დალაგებისას ხდებოდა მტაცებლების სპეციალურ იზოლატორებში წინასწარ გადაყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო დაშვებული ცარიელი სათავსების გაწმენდა. გთხოვთ გაიხსენოთ ქ-ნი გულიკოს ტრაგიკული ფაქტიც, რომელიც ვეფხვებმა დაგლიჯეს მაშინ, როდესაც გულიკო ვოლიერის გარეთ იმყოფებოდა და მტაცებლებმა გისოსებს შიგნიდან შეძლეს მისი დაზიანება. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ადამიანს წამებში განვითარებული მოვლენებისას ან მოესწრო, ან მოტივაცია ჰქონოდა გაეხსნა გალია და მტაცებლის პირისპირ დარჩენილიყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე იყო ე.წ. "ლევი ცხოველები". მართალია თუ არა ეს?
პირველ რიგში ჩვენთვის გაუგებარია კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ეს ტერმინი. თუმცა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს, თავის მოცემულობაში აბსურდულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზოოპარკს არ ყავდა, არ ჰყავს და არც ეყოლება აღურიცხავი ცხოველი. როგორც გვესმის, "ლევი ცხოველი" გულისხმობს ზედმეტი ოდენობის არარეგისტრირებულ ცხოველის ყოლას რაღაც კონკრეტული მიზნით (შესაძლო მიზნებზე ქვემოთ მოგახსენებთ). ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ცხოველი (მაგ. ვეფხვი ან ლომი, რომელსაც დღეში 7-8 კგ ხორცი სჭირდება) უნდა არჩინოს კონკრეტული ადამიანის "ჯიბემ", რადგან საკვებით ზოოპარკის მომარაგება ხდება მკაცრად რეგლამენტირებული ნორმების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციით და მთლიანად პროცესი არის რეგულირებული საქართველოს კანონით შესყიდვების შესახებ. ისმება კითხვა, რისთვის შეიძლება ვინმეს დასჭირდეს ზედმეტი ე. წ. "ლევი ცხოველის" ყოლა? ერთადერთი თეორიული აზრი შეიძლება იყოს მათი კონტრაბანდული გზით გაყიდვა. მოგახსენებთ, რომ ზოოპარკებში მსხვილი და ფართოდ გავრცელებული მტაცებლების "შავი ბაზარი" უბრალოდ არ არსებობს, რადგან ეს ჩვეულებრივი და არაიშვიათი ცხოველები (მგლები, დათვები, ლომები, ვეფხვები და ა.შ.) ყველა ზოოპარკში სწორი მოვლის შემთხვევაში კარგად მრავლდება და მსოფლიო ზოოპარკების თავსატეხია მომატებული რაოდენობების გამო.
სწორედ ამიტომაა გავრცელებული ზოოპარკებში მათი სტერილიზაციის პრაქტიკა (ჩვენი ლომების ნაწილი სტერილიზებული იყო, ხოლო დანარჩენ მტაცებლებს სპეციალური კაფსულა ჰქონდათ იმპლანტირებული, რომელიც აფერხებდა გამრავლებას). იტოვებენ გარკვეული ოდენობის მწარმოებლებს, მკაცრად კონტროლირებად ნამატს კი ზოოპარკები ერთმანეთს შორის ცვლიან ან ერთმანეთს უსასყიდლოდ გადასცემენ ევროპის ან მსოფლიო ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის საშუალებით. ასევე ხდება ცხოველების გაყიდვაც და ეს პროცესი რეგულირდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. CITES, კონვენცია იშვიათი სახეობებით და მათი ნაწილებით ვაჭრობის შესახებ) და, რაც მთავარია, მთავრობების მკაცრი რეგულაციით/ზედამხედველობით. ამ ფონზე, ვერავინ დაასახელებს ზოოპარკების ან კერძო პირების (თუნდაც კოლექციონერების, რომელთა ცხოველებიც ასევე აღრიცხულია ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ) იმ რაოდენობას, რომელიც შავ ბაზარს ქმნის. ასევე ძნელად წარმოსადგენია დიდი მტაცებელი ცხოველის საზღვარზე უჩუმრად გაყვანა. ეს ნიშნავს, რომ ან ჩვენი საბაჟო სისტემა სრულიად ბრმა ადამიანებისგან შედგება, ან ის ჩართულია კონტრაბანდაში, რაც აბსოლუტური აბსურდია. რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, რომლებიც ნამდვილად შეიძლება იყოს არალეგალური ვაჭრობის საგანი (განსაკუთრებით მათი ნაწილები - მარტორქის რქა, სპილოს ეშვი ან ტყავები). მოგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკში ამგვარი სახეობებიდან იყო და არის თეთრი მარტორქა და ინდური სპილო. ისინი საბედნიეროდ გადარჩნენ და იმყოფებიან თავიანთ ვოლიერებში. გარდა ამისა, იშვიათი სახეობებიდან გვყავდა ქოჩორა გიბონი და 2 სიამანგი, რომლებიც სამწუხაროდ დაიხრჩვნენ. ძნელია იმ ადამიანის წარმოდგენა, რომელიც სერიოზულად ფიქრობს, რომ ზოოპარკს შეუმჩნევლად შეეძლო "უჯრაში ყოლოდა დამალული" თეთრი მარტორქა, ინდური სპილო, გიბონი ან სხვა "ლევი" ზემოხსენებული ცხოველი.
ისმის კითხვა, თუ რატომ არ მოხდა სტიქიიდან ამდენი დღის განმავლობაში სტიქიამდე არსებული ცხოველების სიების გამოქვეყნება?
საქმე ის გახლავთ, რომ თბილისის ზოოპარკს ყავდა 1000-ზე მეტი სხვადასხვა ცხოველი (წვრილი, საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარი, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ა.შ.). კატასტროფის დროს მთლიანად დაიტბორა ზოოპარკის ადმინისტრაციული შენობა, შლამმა დააზიანა მონაცემთა ბაზა და აღდგენა მოხერხდა ზოოპარკის თანამშრომლების დიდი ძალისხმევით. ამან წაიღო გარკვეული დრო. გასათვალისწინებელია, რომ, პარალელურად, ჩვენი თანამშრომლები დღისა და ღამის მანძილზე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ გაწმენდით სამუშაოებზე და მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ გადარჩენილი ცხოველების მოვლის უმძიმეს პროცესში" - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.
იხილეთ ასევე|"ჩაეწობა გოჭივით, ამოისარსლება და წევს დიდად კმაყოფილი" - როგორ გრძნობს თავს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰიპოპოტამი "ბეგი"