6 ყველაზე სასტიკი მეფე საქართველოს ისტორიაში: დასჯისა და შურისძიების დაუნდობელი მეთოდები

6 ყველაზე სასტიკი მეფე საქართველოს ისტორიაში: დასჯისა და შურისძიების დაუნდობელი მეთოდები

"ძალიან ხშირად, ისტორიული გარემოება აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ მეფე მკაცრი და ძლიერი ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთის საქციელი სისასტიკეში გადადიოდა", - ამბობენ ისტორიკოსები და რამდენიმე მეფის სასტიკ ქმედებას ასახელებენ. ზოგიერთის ქმედება პირადი, ზოგის კი ქვეყნის დაცვისა და გაძლიერების მოტივით იყო განპირობებული, - დასძენენ ისინი.

გიორგი მეორე, იგივე ავ-გიორგი - კახეთის მეფე, რომელიც 1511-1513 წლებში მეფობდა.

მისი მამა ალექსანდრე პირველი, ჭკვიანი მეფე და კარგი პოლიტიკოსი გახლდათ, თუმცა ალექსანდრე პირველს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოჯახში. ავ-გიორგის მამასთან და უმცროს ძმასთან, დიმიტრისთან, რომელსაც თავის მეტოქედ თვლიდა, უთანხმოება ჯერ კიდევ გამეფებამდე ჰქონდა.

1511 წელს თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ ალექსანდრე I-სა და დიმიტრის. მამა მოკლა, ძმას კი თვალები დასთხარა და ოჯახთან ერთად კახეთიდან გააძევა. ამის გამო მას ავ-გიორგი უწოდეს და საქართველოს ისტორიაში სწორედ ამ სახელით არის ცნობილი.

ისტორიკოსები დავით აღმაშენებლის ქვეყნის დაცვისა და გაძლიერებისათვის ჩადენილ გარკვეულ ქმედებებს სისასტიკედ მიიჩნევენ, რომელიც მტრებისა და ორგულების მიმართ დამოკიდებულებაში გამოიხატება. დავით მეოთხე, რომელიც ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლ მეფედ გამოირჩეოდა, ორგულებსა და მოწინაღმდეგეებს არ ინდობდა და მათ სათანადოდ სჯიდა.

XI საუკუნის მიწურულს კლდეკარის საერისთავო წინ აღუდგა დავით აღმაშენებლის ბრძოლას ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის. 1093 წელს ლიპარიტ ერისთავი განუდგა მეფეს. დავითმა შეიპყრო იგი და ცოდვების მონანიების შემდეგ გაათავისუფლა. როგორც ჩანს, ლიპარიტმა ფიცი გატეხა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავით აღმაშენებელმა 1094 წელს ისევ შეიპყრო და 2 წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ კლდეკარის საერისთავოს სათავეში ჩაუდგა რატი ლიპარიტის ძე, რომელიც წინამორბედების მსგავსად სამეფო ხელისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძოდა. დავით აღმაშენებელმა უკიდურეს ზომას მიმართა, 1103 წელს რატი ლიპარიტის ძის გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის საერისთავო გააუქმა და ერთიანი საქართველოს სამეფოს შეუერთა.

სიცოცხლის ბოლოს მეფემ დაწერა პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", სადაც დავით მეოთხე თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. ისტორიკოსების თქმით, ამ ნაწარმოებში დავითმა, როგორც ქრისტიანმა მეფემ, თავისი ცოდვები მოინანია და თქვა, რომ მეც თქვენისთანა რიგითი მოკვდავი ვარ და ღვთის წინაშე მეც ბევრი ამქვეყნიური ცოდვა მიმიძღვის, მაგრამ მე ეს გავაკეთე არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისათვისო", - ამბობენ ისტორიკოსები.

საქართველოს ისტორიაში სასტიკი ქმედებით ასახელებენ დავით აღმაშენებლის ვაჟს, დემეტრე პირველს, რომელმაც ზოგიერთ ისტორიკოსს თუ დავუჯერებთ, საკუთარი შვილი მოაწამვლინა. დემეტრე პირველს საკუთარი შვილი, დავით მეხუთე აუჯანყდა, ამიტომ დემეტრეს სამეფო ტახტის დავითისთვის დათმობა მოუწია. კერძოდ, 1130 წელს დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი საპყრობილეში დაამწყვდია.

1154 წელს, დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა და ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ მამამ შვილი მოაწამვლინა) დემეტრე პირველი ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. ამის შემდეგ ტახტი ეკუთვნოდა დავით მეხუთის შვილს, დემნა ბატონიშვილს, მაგრამ ტახტზე დემეტრე პირველმა თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი მესამე გაამეფა, რომელსაც ყველასათვის ცნობილი ერთადერთი ასული თამარი ჰყავდა. გიორგი მესამის წინააღმდეგ დემნა უფლისწულის სიმამრი, იოანე ორბელი გამოვიდა. მეფემ აჯანყება ჩაახშო, თავად დემნა უფლისწული დაასაჭურისეს, რის გამოც ის დაიღუპა.

გიორგი მეხუთე ბრწყინვალე – საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში.

მან თავის მოღვაწეობის პერიოდში მონღოლთა მომხრე ერისთავები და ქართველი თავკაცები სიკვდილით დასაჯა. ისტორიკოსების თქმით, მეფემ ეს ნაბიჯი მხოლოდ ქვეყნის ერთიანობისა და თავდაცვისათვის გადადგა. ეს იყო მკაცრი ღონისძიება, რადგან გიორგი მეფემ მონღოლების მომხმარე ერისთავები და საქართველოს თავკაცები დარბაზობაზე მოტყუებით მიიწვია.

გიორგი მეხუთემ მოღალატე დიდებულები ცივის მთაზე მიიწვია და ამოწყვიტა. მეფე გიორგიმ იცოდა, რომ თუ ასეთ გადამჭრელ ზომებს არ მიიღებდა, ქვეყანაში იგივე მდგომარეობა გაგრძელდებოდა, რაც მთელი ასი წლის განმავლობაში სუფევდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, კახეთის ცივის, ცივგომბორის ტერიტორიაზე მარმარილოს კვადრებით აგებული უზარმაზარი ნანგრევები აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, აქ იყო სამეფო რეზიდენცია. ანუ მეფემ მოღალატენი თავის რეზიდენციაში მიიწვია. მათაც მიიღეს მიწვევა, ვინაიდან ვერ წარმოიდგენდნენ, თუ რა მოელოდათ.

თეიმურაზ პირველი - კახეთის, მოგვიანებით კი ქართლ-კახეთის მეფე.

მისი მეფობის პერიოდში ისტორიკოსები გამოყოფენ თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის შორის 1626 წელს ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ბრძოლააა საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ბაზალეთთან ქართველმა ქართველის წინააღმდეგ გაილაშქრა.

გიორგი სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა დამორჩილებისაკენ, თავადების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გიორგი სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება ირანის შაჰმა აბას I-მა სცადა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. ბაზალეთის ბრძოლაში გიორგი სააკაძე დამარცხდა და ქვეყნიდან გადაიხვეწა.

ისტორიკოსები თეიმურაზ პირველის, როგორც მეფის ქმედებებს პოლიტიკურ უმწიფრობად მიიჩნევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ მას თავის სიცოცხლეში ამოუწყვიტეს შვილები, დედამისი ქეთევან დედოფალი კი აწამეს.

ერეკლე მეორე - ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში.

ისტორიკოსები ერეკლეს მეორის სასტიკ ქმედებად 1765 წლის შეთქმულების მონაწილეების სასტიკად დასჯას მიიჩნევენ.

შეთქმულება მიზნად ისახავდა მეფის მოკვლას და ქართლში ვახტანგ მეექვსის უკანონო ვაჟის, პაატა ბატონიშვილის გამეფებას. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ დავით ბატონიშვილი (აბდულა-ბეგის ძე), ქართლის თავადები: სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი, მისი შვილი ალექსანდრე, ელიზბარ თაქთაქიშვილი, გლახა ციციშვილი, დიასამიძე და სხვები. შეთქმულები იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაში (მარკოზაშვილის დარბაზი), სადაც ცხოვრობდა პაატა ბატონიშვილი. შეთქმულება გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომელმაც ეს ამბავი აღსარების დროს გაანდო მღვდელ ქრისტესიას. ერეკლემ შეთქმულნი შეიპყრო, სასამართლოს გადასცა და თვითონ მომჩივანის როლში გამოვიდა. შეთქმულები სასტიკად დასაჯეს: პაატა და დავით ბატონიშვილებს თავი მოჰკვეთეს, ელიზბარ თაქთაქიშვილი ცეცხლში დაწვეს; სხვა მონაწილეებს სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს: ციციშვილს ენა მოაჭრეს, დიასამიძეს ცალი თვალი ამოთხარეს, ალექსანდრე ამილახვარს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს და ა. შ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა