ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი სხვადასხვა საშუალებით განისაზღვრება. უამრავი კვალიფიციური კვლევის ჩატარება შეიძლება ამა თუ იმ სფეროში იმის გასარკვევად, რამდენად ვითარდება ქვეყანა და რა მიღწევები აქვს მას. ამჯერად Ambebi.ge ექსპერტებისა თუ შესაბამის სფეროებში კვალიფიციური ადამიანების კომენტარებზე დაყრდნობით, ბოლო ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბურ პროექტს გთავაზობთ, რომლებმაც ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სოციოლოგიის, სამართლის, ტურიზმის, სპორტის, ინფრასტრუქტურისა და კონფლიქტების სფეროები მოიცვეს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს.

1. ეკონომიკა

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

მართალია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მშენებლობა არ დასრულებულა, მაგრამ  ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება ჩაითვალოს. ეს გეოპოლიტიკური დატვირთვის პროექტია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს, შორეულ პერსპექტივაში კი ცენტრალური აზიის ქვეყნებს, თურქეთთან და ევროპასთან სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირება შეეძლებათ. ფაქტობრივად, ეკონომიკური კავშირები უფრო სტაბილური, მყარი და შეუქცევადი ხასიათის იქნება. არა მხოლოდ დეკლარაციისა და მენტალობის დონეზე, არამედ, გეოგრაფიულადაც, საქართველო უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ევროპას. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, საუბარია დაახლოებით მილიარდ დოლარზე. ხარჯების კუთხითაც ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. მომავალ წელს უკვე რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება ამ გზით და შედეგებიც მალე სახეზე იქნება.

2. ბიზნესი

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი, ალბათ, ანაკლიის პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ანაკლიის მშენებლობის უშუალო სამუშაოები არ დაწყებულა, ხელისუფლებამ დაგეგმა, ტენდერი გამოაცხადა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია რამდენიმე კუთხით:

1 - თავისი ფინანსური მასშტაბით; 2. ფუნქციონალური დატვირთვით; 3 - თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური კომპონენტების გათვალისწინებით, და 4 - ქვეყნის უსაფრთხოების საერთაშორისო უსაფრთხოების ქსელში ჩართვის თვალსაზრისით.

ანაკლიის პროექტი ძალიან დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ითვალიწინებს, მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ბევრი ადამიანის დასაქმებას და აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო ბენეფიტებსაც. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ჩვენ ამ პროექტის რეალიზაციით შესაძლებლობა გვექნება,  რეალობად ვაქციოთ საქართველოს, როგორც ე.წ. რეგიონალური დატვირთვის მქონე ჰაბის იდეა.

3. სოციალური სფერო

ანდრო დადიანი, ორგანიზაცია "პარტნიორობა ბავშვებისთვის" თავმჯდომარე:

პროექტს ერქვა ბავშვთა კეთილდღეობის სიტემის რეფორმის პროექტი. მისი განხორციელება 2006 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. ამ პროექტში სამი მილიონი ევრო დაიხარჯა. მან მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიონალი სოციალური მუშაკები შექმნა, რომელთა ფუნქციაც ბავშვის უფლებების დაცვა და მისი სოციალური, ფიზიკური თუ სულიერი დაცულობის უზრუნველყოფაა. ამ პროექტმა გააუმჯობესა ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი კანონები. ასევე უზრუნველყო მთელი რიგი რეგულაციების და პროცედურების გაჩენა.

პროექტის შედეგად ბავშვთა დეინსტიტუციონალიზმის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბი შეიძინა და შედეგად, დღეს საქართველოში სახელმწიფო ბავშვთა სახლი თითქმის აღარ არსებობს - ანუ ყველა ბავშვი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში ხვდება, ოჯახური ზრუნვის ფორმებში განთავსდება. დღესდღეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ბავშვებს ხელი მიუწვდებათ ოჯახის ჩამნაცვლებელ ოჯახურ ფორმებზე.

ამ პროექტმა ასევე საფუძველი ჩაუყარა შემდგომ ცვლილებებს. დღეს ვმუშაობთ, მაგალითად, შვილად აყვანის კანონის გაუმჯობესებაზე, მინდობით აღზრდის კანონის გაუმჯობესებაზე. ამ პროექტმა ბევრი პროცესის კასკადირება განაპირობა.

4. სამართალი

გიორგი მშვენიერაძე, იურისტი:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც პიროვნების ქმედუუნაროდ აღიარებას ეხებოდა. ცვლილებები 70- მდე კანონში შევიდა. ადრე, პირებს, რომლებსაც ქმედუუნაროდ აღიარებდნენ, ფაქტობრივად, სრულად ეზღუდებოდათ სამოქალაქო უფლებები. დღეს უკვე სასამართლოებს მოუწევთ, გადაწყვეტილება ინდივიდულაურად, თითოეული პირის შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით მიიღონ. ეს მართლაც რევოლუციური ხასიათის ცვლილებებია კანონში.

5. თავდაცვა (შეიარაღება)

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი: ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის აგვისტოს ომი და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო, რამაც განსაზღვრა არა მარტო თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეალობა და მომავალი, არამედ ქვეყნისაც. და ასევე, ჩვენი მომავალი თაობის. რადგან რეალურად, რუსეთმა წაიღო ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის ანექსირებასაც ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ახდენდა.

ამ ომამდე ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც იყო განწყობა, რომ ჩვენ შეგვეძლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღგვედგინა, ეს ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციაში დაგვებრუნებინა და ქართული ეროვნების ლტოლვილები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის ფაქტორი გათვალისწინებული არ იქნა და სავალალო შედეგები მივიღეთ.

თუ ჩვენ შეიარაღებულ ძალებზე ვისაუბრებთ, იმ პერიოდში, 2007 და 2008 წლებში, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა მანამდე არნახულ რიცხვს მიაღწია. ბიუჯეტმა 1,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ასეთი ბიუჯეტი კიდევ დიდხანს არ იქნება, თუ არ მოხდა რამე დიდი ტრაგედია და ლარი ძალიან თუ არ გაუფასურდა. დღეს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 640 მილიონია.

6. კონფლიქტები

ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი:

კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო პროცესი კრიზისში იმყოფებოდა და ახლაც იმყოფება. ის სტანდარტები, ის ფასეულობები, რაც სამშვიდობო პროცესშია ჩადებული, ადეკვატური არ არის და სამშვიდობო პროცესი იმ ფორმატში, რაშიც არსებობს, შედეგებს ვერ მოგვცემს. მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკაში ექსტრემიზმზე უარის თქმა და, შესაბამისად, 2012 წლის არჩევნები.

ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შექმნა, როგორიც აბაშიძე-კარასინის ფორმატი და ჟენევის ფორმატია. რაც უფრო მეტი მოლაპარაკების ფორმატის დივერსიფიკაცია მოხდება, მით უფრო აღდგება კომუნიკაცია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ჩვენი შიდა კონფლიქტების მიმართულებითაც პოზიტიური და ნაყოფიერი ნაბიჯები გადაიდგმება.

შიდა კონფლიქტების კუთხით აღსანიშნავია ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ჰუმანური დამოკიდებულება აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ, ასევე მათ პირველად და სხვა სამედიცინო დახმარებაზე ზრუნვა დემოკრატიული და ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა, რაც ურთიერთკომუნიკაციისა და პატივისცემის ხარისხს ზრდის.

7. ინფრასტრუქტურა

ირაკლი დანელია, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

E60, E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზება - რეკონტრუქციის პროექტი ქვეყნის მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს – უმოკლესი გზა, რომელიც შავი ზღვის პორტების მეშვეობით ევროპას აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აკავშირებს, საქართველოზე გადის. საქართველო ასევე წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს თურქეთსა და რუსეთს შორის. ამგვარად, სატრანზიტო, ისევე როგორც ორმხრივი ვაჭრობა, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სამგზავრო და სატრანზიტო ავტოტრანსპორტის განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ავტომაგისტრალის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დონორებისა (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, ევროპის საინვესტიციო ბანკი) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტი რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს. ეს მონაკვეთებია:

1. რუისი-აგარის მონაკვეთის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროექტი. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 19 კმ. მშენებლობის ვადა 2012-2015

2. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მშენებლობის ვადა – 2014-2016

3. ქობულეთის შემოვლითი გზა. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. პროექტის განხორციელების ვადები: 2010-2016

4. ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზა.

5. სამტრედია - გრიგოლეთის მონაკვეთი.

8. ტურიზმი

გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების თავმჯდომარის მოადგილე:

ერთი კონკრეტული პროექტის გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა არის პროექტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებაში, მაგალითად ქუთაისის აეროპორტი და იქ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის რეისები. თბილისის აეროპორტშიც დაიწყეს ფრენა დაბალბიუჯეტიანმა ავიახაზებმა, როგორიცაა "პეგასუსი", "ატლასჯეტი" და ა.შ.

აღსანიშნავია ახალი მსოფლიო ბრენდის სასტუმროების გახსნა სხვადასხვა ქალაქებში, ტურისტული ადგილების რეაბილიტაცია და გალამაზება. მასშტაბური საპრომოციო კამპანიები საერთაშორისო ბაზრებზე, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ ტურიზმის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში.

9. სპორტი

გელა უშარიძე, Sportall.ge-ს მთავარი რედაქტორი:

ჩემი აზრით, აღსანიშნავია "საქართველოს რაგბის კავშირის" საქმიანობა და მისი მიღწევები. "რაგბის კავშირი" არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ უნდა ვითარდებოდეს ქვეყანაში სპორტის ესა თუ ის სახეობა. ეს კავშირი სწორად ახორციელებს პოლიტიკას. იმ თანხას, რასაც სახელმწიფოსგან იღებს, გონივრულად ხარჯავს. ხორციელდება ბევრი პროექტი, კეთდება ბაზები, შენდება რაგბის სტადიონები. დასანანია, რომ სხვა ფედერაციები ამას ვერ ახერხებენ. ჩვენი მთავარი ნაკრები უკვე სისტემატურად მონაწილეობს მსოფლიოს უმთავრეს სარაგბო ფორუმზე, მსოფლიოს თასებზე. წელსაც, ინგლისში ტარდება მსოფლიო თასი და ჩვენი ნაკრები მიემგზავრება.

რაგბიში წარმატებულია როგორც მთავარი ეროვნული ნაკრები, ასევე ასაკობრივი ნაკრებები. რაც ყველაზე მთავარია, სწორმა მუშაობამ და დამოკიდებულებამ საქართველოში რაგბის მიმართ მაღალი ინტერესი ჩამოაყალიბა. დღეს ხშირად ვხედავ ეზოებში ბავშვებს რაგბის ბურთით, რაც მისასალმებელია. მოსახლეობაში მორაგბეების მიმართ მეტი დადებითი განწყობა და მეტი სიყვარულია, ვიდრე სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლების მიმართ. ეს ყველაფერი სწორი პიარით, სწორად დაგეგმილი პროცესებით და გონივრული მუშაობით იქნა მიღწეული და ეს სამაგალითოა სპორტის ყველა დანარჩენი სახეობისთვის.

10. კულტურა

თეონა კახიძე, კულტურის მენეჯერი:

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ჩაერთოს ევროპული სივრცის უზარმაზარ პროექტში, რომელსაც შემოქმედებითი ევროპა ჰქვია.

რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა აღნიშნოს:

მუზეუმები: საქართველოს მასშტაბით ცალ-ცალკე არსებული ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმი ეროვნული მუზეუმის სტატუსით გაერთიანდა. ბევრი მათგანი გარემონტდა და ახლა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

კინო: აღსანიშნავია ფილმი "მანდარინები", რომელიც "ოსკარზე" იყო წარდგენილი. მართალია, ერთობლივი პროექტი იყო, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ ჩვენი კინო არ არის ისეთი ძლიერი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები დამოუკიდებლად აკეთოს.

თეატრი: დიდი მოვლენაა ის, რომ თბილისის საერთაშორისო ფესტივალი შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი თეატრი გარემონტდა და ახალი საშუალებებით აღიჭურვა. გაჩნდა ექსპერიმენტული სცენები. აღარ არის აქცენტი აკადემიურ თეატრზე გაკეთებული.

მუსიკა: ბოლო 10 წლის განმავლობაში ხაზგასასმელია ის რამდენიმე კონცერტი, რომლებიც საახალწლოდ ჩატარდა. მაგალითად, ბათუმში ჩატარებულ რამდენიმე კონცერტში მსოფლიო მნიშვნელობის ვოკალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე ბევრი ქართველი ცნობილი მომღერალი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენებზე გამოდის. გამოვყოფდი ფონდ "იავნანას", აქაც სხვადასხვა ჟანრის ბევრი საინტერესო შემსრულებელი ჩამოყავთ და მუსიკა ამ შემთხვევაში გამოყენებულია, როგორც ქველმოქმედების წყარო.

ლიტერატურა: ლიტერატურული კონკურსი "საბა" 2003 წელს დაფუძნდა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია