მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ მამამისის მკვლელობა ბიზნესმენის მეორე მეუღლემ, ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა. ამის შესახებ მიხეილ ხარძიანმა დედასთან და დასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობენ მამიდაჩემი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. შევდივართ და გვეუბნებიან, გაჩუმდით, ხმა არ ამოიღოთ ქონებაზე. თქვენზე ორივეზე და ყველაზე ტყვიებია მოშვერილი. ყველას დაგხოცავენ, ოღონდ დაიწყებენ შენით, მეუბნება მე, მერე ჩემი დით და ასე შემდეგ და ქონება დარჩება ეკა ნონიკაშვილს. ამ დროს გამოეპასუხა მაია ხარძიანი - დედა დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და თუ არ იტყვის ეკა ნონიკაშვილი სიმართლეს, 2-3 დღეში მე გამოვალ და მე ვიტყვი იმ სიმართლეს. მაინტერესებს რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე, თქვას", - განაცხადა ხარძიანმა.
მიხეილ ხარძიანის თქმით, მას გააჩნია ინფორმაცია, რომ მამამისი ეკა ნონიკაშვილმა დააჭერინა ქონების მითვისების გამო.
"მისი გარდაცვალება, პირადად მე მიმაჩნია, რომ ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.
მისივე თქმით, ის დაახლოებით 5 დღის წინ შეხვდა გია უდესიანს. მიხეილ ხარძიანი გია უდესიანისთვის ბოდიშის მოხდასაც ითხოვს.
"გიორგი უდესიანის ნაჩუქარი და აშენებული წავკსის სახლი რატომ აქვთ? გიორგი უდესიანის ნაჩუქარი "პორშეს" ჯიპით რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი? მაინტერესებს ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს. ყველა ვიდეოკადრი მაქვს ნანახი. მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის წინაშე, საზოგადოების და პატრიარქის წინაშე. ხარძიანთა გვარს, ეს ჩვენ არ გვეკადრება. ნუ შეგყავთ გამოძიებაც ჩიხში, იცით რასაც ვამბობ და თქვით სიმართლე, თორემ წარდგებით ჩვენი გვარის შეხვედრაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი