მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი მოსკოვში, სასტუმროს ნომერში იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოტე თოლორდავას სიმამრმა კახა მელითაურმა განუცხადა[მეტი].
მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა. კინოროლის შესახებ თოლორდავამ ახლახანს ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა. სამწუხაროდ, ეს მისი უკანასკნალი ინტერვიუ აღმოჩნდა მის უკანასკნელ როლზე... Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.
***
მსახიობ კოტე თოლორდავას ცხოვრებაში სიახლეა - ის ცოტა ხნის წინ ირკუტსკიდან დაბრუნდა, სადაც კინოგადაღებაზე იმყოფებოდა.
მიაჩნია, რომ ეს როლი ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი იქნება მის შემოქმედებაში, მით უფრო, რომ ცნობილ რუს ვარსკვლავ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად მოუხდა თამაში.
მიაჩნია, რომ ეს როლი ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი იქნება მის შემოქმედებაში, მით უფრო, რომ ცნობილ რუს ვარსკვლავ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად მოუხდა თამაში.
- ბეზრუკოვი როგორი პარტნიორია?
- ის პროფესიონალია. სულ გადარბენაზე იყო, ძნელი მოსახელთებელი გახლდათ. თუმცა, ერთმანეთს გადასაღები მოედნის მიღმაც გამოველაპარაკეთ და საინტერესო მოსაუბრეა. უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი - პირადად მე, ამას ვგრძნობდი არა მარტო მისგან, მთელი გადამღები ჯგუფისგან... წესია ასეთი: მეასე კადრის გადაღება რომ დასრულდება, ამ ფაქტს აღნიშნავენ ხოლმე. ჰოდა, როდესაც ყველანი შევიკრიბეთ, რეჟისორმა თქვა: ჩვენ შორის თამადების ქვეყნიდან ჩამოსული კაცი იმყოფება და მოდი, ეს საქმე მას მივანდოთო. მესიამოვნა ეს ჟესტი...
სხვათა შორის, ორი სომეხი ბიჭი - ვაგრამა და რადიკა გავიცანი. ისინი კასკადიორები არიან და ერთ-ერთ მათგანი თბილისელია. ძალიან თბილი ტიპები იყვნენ... ვფიქრობ, გემრიელი საახალწლო კომედია გამოვა და იმედია, ფილმს თბილისის კინოთეატრებშიც უჩვენებენ.
- როგორ ფიქრობ, რუსულ პროექტში მონაწილეობას რომ დათანხმდი, ქართველ მაყურებელს ეს მოეწონება?
- როდესაც პროექტში - "ორი ვარსკვლავი" ბულატ ოკუჯავას რუსული სიმღერა შევასრულე, ამაზეც ატყდა ერთი ამბავი. მერე გადაცემაში - "განოსა და კოტეს შოუ" ზოგიერთმა სტუმარმაც გამიპროტესტა: რუსული სიმღერა როგორ შეასრულე, ისინი ხომ ოკუპანტები არიანო?! როდესაც ჩემს ქვეყანას მტერი შემოესევა, ავიღებ ავტომატს და დავდგები იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ კულტურას ეროვნება არ გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეიძლება, მთელ მსოფლიოს დავუახლოვდეთ. როდესაც მე და ბეზრუკოვი ვლაპარაკობდით, ჩვენ არ გვაინტერესებდა პოლიტიკა და ამ თემაზე სიტყვაც არ დაგვცდენია. უბრალოდ, აღვნიშნეთ: ცუდია, რომ ჩვენ შორის უფრო აქტიური ურთიერთობა აღარ არის. ამბობდა, - თქვენ გენიალური კინოსკოლა გაქვთ, დიდებული არტისტები გყავთო. ზეპირად იცის ქართული კინოფილმები. ვიმეორებ, ის პროფესიონალი მსახიობია. მე მიყვარს ჩემი საქმე და როცა მომეცა შანსი, საინტერესო ადამიანები გამეცნო, რატომ უნდა მეთქვა ამაზე უარი?! იმედი მაქვს, ჩემს ამ ნაბიჯს ყველა გაგებით მოეკიდება. ყველამ იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მსახიობობაა ჩემი საქმე და არა - პოლიტიკა.