ბესო ხარძიანის მეგობრის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მომხდარი უკავშირდება ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ წითელ ცირკულარში ჩაესვა და უდესიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.
მკვლელობაში ადანაშაულებს გიორგი უდესიანს მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის და მაია ხარძიანიც.
მეტი ინფორმაციისთვის| მოკლული ბიზნესმენის და და მეგობარი მკვლელს ასახელებენ - "მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ"
ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ხარძიანის ახლობლები მკვლელობაში ადანაშაულებენ. Ambebi.ge მის შესახებ პრესაში გავრცელებულ სტატიებს გთავაზობთ.
- გაზეთი "ვერსია", 2012 წელი: ამ კაცზე თბილისში ლეგენდები დადის. "ზონდერ-ჯგუფების" მეთაური, "მიტინგების დამრბევი ჯალათი", ბიზნეს-წილების "ამხევი" და კიდევ უამრავი დისკრედიტაციული ეპითეტი ბიზნესმენ გიორგი უდესიანის მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ უდესიანი "ვარდების რევოლუციის" შემდგომ დიდხანს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჟურნალისტებთან მას ამ თემებზე არასოდეს უსაუბრია. ახლა ის ჩვენ დავითანხმეთ, დუმილი დაერღვია და ყველა იმ სკანდალურ თუ გახმაურებულ თემებზე გულახდილად ესაუბრა, რაც აქამდე მისი პიროვნების ირგვლივ აგორდა და რომელსაც მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას უწოდებს. "ვერსია" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გერმანიაში მყოფ გიორგი უდესიანთან:
იხილეთ ინტერვიუ უდესიანთან | "ცალ-ცალი კალოშით მთავრობაში არ მოვსულვარ და ნუ შეეცდებიან დამაბრალონ, სხვებისთვის ბიზნესის წართმევა"უდესიანს ძალადობაში ადანაშაულებს ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილიც, რომელმაც 2012 წელს "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
- "კვირის პალიტრა", 2012 წელი: დავით ბეგიაშვილი: 2011 წლის 23 მაისს (ამ დროს ბურჯანაძე მართავდა მიტინგებს თბილისში) გამოვედი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიიდან - "ალბატროსი", რომელიც ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს და ფეხით გავაგრძელე გზა. მოულოდნელად თავს დამესხნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც არც განმარტება მომცეს, არც საბუთები წარმომიდგინეს და მანქანაში ჩამტენეს. ჯერ საფინანსო პოლიციაში წამიყვანეს, მერე თავი ამომაყოფინეს კუდ-ში, მოდულის შენობაში. ბიზნესმენთან საფინანსო პოლიციას შეიძლება კითხვა ჰქონოდა, მაგრამ მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ვიკითხე, აქ რა მინდა-მეთქი. თქვენთან ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უნდა გასაუბრებაო. სოსო თოფურიძის ოთახში შემიყვანეს. იქ გიორგი უდესიანი დამხვდა. კამუფლაჟში იყო ჩაცმული და ვიფიქრე, ალბათ, აქ მუშაობს და უფლება აქვს, კითხვები დამისვას-მეთქი. უდესიანი თოფურიძის სავარძელში ჩაჯდა და მითხრა, ხელისუფლებაში კარგი თვალით არ გიყურებენ, ქონების გამო პრობლემები გაქვს ხელისუფლებასთანო. რა ქონებასა და პრობლემებზე მელაპარაკებით-მეთქი? რაღაცას მიედ-მოედებოდა. ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციასთან მაქვს კავშირი. უნდოდა, გავლენის ქვეშ მოვექციე. ვუთხარი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არც ბურჯანაძეს ვიცნობ და არც რომელიმე ოპოზიციონერს-მეთქი. მაინც განაგრძო, ხომ იცი, ეგენი რუსეთის ხალხია, რუსები მართავენო. არც ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი. მერე მუქარა დაიწყო, მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა. ძალიან გაურკვევლად მელაპარაკა. მითხრა, შენს ძმასაც პრობლემები აქვს ხელისუფლებასთანო. კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და დაშავება ხომ გამორიცხულია, თუ რამე პრობლემაა, პირდაპირ მითხარით-მეთქი. უდესიანმა ამის მერე კეთილი ადამიანის როლის თამაში დაიწყო. მამის სული იფიცა, შენ აქ არავინ შეგეხება, მაგრამ აქ უნდა დარჩე, სანამ ვითარება გაირკვევაო. ვუთხარი, ადვოკატთან დავრეკავ-მეთქი. არ გინდა, მე მოგიგვარებ ყველაფერსო. თოფურიძის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ სამი ღამე მეძინა (!). ჩემთან ერთად იყო ერთი კუდ-ის თანამშრომელი, რომელიც თოფურიძის თანაშემწედ გამეცნო. წუთითაც არ მცილდებოდა, საჭმელი მოჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 19,108-ე მუხლით, დაიწყო.
იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი