წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან - კურსკის ოლქის ჟელეზნაგორსკის ეპარქიიდან, არქიეპისკოპოსის თანაშემწე იური შიშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის - "მოალერსეს" ერთ-ერთი ასლი ჩამოაბრძანეს.
მცირე დელეგაცია რუსეთიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწვევით ჩამოვიდა. - პირველ რიგში, ისიც სერაფიმეა და მის ეპარქიაში კი წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერი არსებობს, მე კი მონათვლის შემდეგ გიორგი მიწოდეს და მართლაც, სხვა რა უნდა ერქვას ადამიანს, ვინც საქართველოში ღვთისმშობლის ხატს ჩამოაბრძანებსო, - ღიმილით მითხრა იური შიშკოვმა. - ღვთისმშობელი ყოველთვის წმინდანებთან ერთად მოგზაურობს და ამჯერად მასთან ერთად ჩამოვაბრძანეთ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილის პატარა ხატიც, მისი სიწმინდითო.
რამდენიმე დღის განმავლობაში სასწაულმოქმედი ხატი ვერაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში იყო დაბრძანებული და მის მოსალოცად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდიოდა. მეც სწორედ იქ მოვილოცე ხატი, რომელმაც იქვე ხილული სასწაულმოქმედი ძალა გვიჩვენა: შიგადაშიგ ნათდებოდა და გაოგნებულს გვტოვებდა ტაძარში მყოფთ.
იური შიშკოვი:
- ეს წმინდა მამა სერაფიმე საროველის უსაყვარლესი ხატია, "მოალერსე" ჰქვია. წმინდა მამა სერაფიმე ღვთისმშობლის წილხვედრი ბოლო - მეოთხე ადგილის - დივეევოს დედათა სავანის დამაარსებელი გახლავთ. მსოფლიოში ღვთისმშობლის წილხვედრი ოთხი ადგილია: ერთი ქვეყანა - ივერია (საქართველო), ათონის მთა - საბერძნეთში, კიევ-პეჩორის ლავრა - უკრაინაში და დივეევო - რუსეთში. 1930-იან წლებში დივეევოს მონასტერი დაანგრიეს, თუმცა მონაზვნებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გადაარჩინეს და მონაცვლეობით ინახავდნენ. როდესაც მისი უკანასკნელი მცველი გარდაიცვალა, ხატი რუსეთის პატრიარქ ალექსანდრეს გადასცეს. ამ უკანასკნელმა თავისთან დაიტოვა და მას შემდეგ, როგორც უდიდესი სიწმინდე, რუსეთის საპატრიარქოს კარის ეკლესიაში ინახება. ჩვენ მიერ ჩამობრძანებული ხატი სწორედ იმ ხატის ერთ-ერთი ასლია. იგი 16 წლის წინ რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლოკოტში, ერთ ღვთისმოსავ ოჯახში აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ეს ადგილი გახლავთ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის უმცროსი ძმისა და დიდი მთავრის - მიხეილ რომანოვის ყოფილი მამული.
ამ კონკრეტული ხატის ისტორია ასეთია: 16 წლის წინ, ლოკოტის მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა სოფლის მაღაზიაში ღვთისმშობლის გამოსახულებით ვადაგასული კალენდარი შეიძინა. გამყიდველი მას გადაგდებას უპირებდა და ღვთისმშობელი რომ არ წაებილწათ, ღვთისმოსავმა ქალბატონმა გამოსახულება ამოჭრა და შინ, კედელზე ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩით მიაკრა. რაღაც ხნის შემდეგ ხატიდან მირონი გადმოდინდა. ეს ამბავი მაშინვე აცნობეს ადგილობრივ ეპარქიას. როდესაც ხატი კედლიდან ჩამოხსნეს, დაინახეს, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება მის უკანა მხარესაც გადასულიყო. აქედან მოყოლებული, ხატი სასწაულებს ახდენდა და იგი ფსკოვის დედათა მონასტერში წააბრძანეს. მის წინაშე მოხუცი გერმაგენი ლოცულობდა, რომელმაც თქვა: ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა, რითაც ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს - მასზე მლოცველი უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; კიბოთი და სხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულები განიკურნებიან, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს - ცოცხლებს ან მკვდრებს იპოვნიან; ხატს თითოეული რწმენით მლოცველი ადამიანის ცხოვრების გზისა და ბედის შეცვლის ძალაც კი შესწევსო...