23 წლის სექს-სიმბოლო თამუნა ვაშალომიძე რუსული "ფლეიბოის" დასაპყრობად ემზადება. წარსულში კი მედავითნედ 4 წელი მუშაობდა და 16 წლის ასაკში მონასტერში დარჩენასაც აპირებდა. სექსუალურმა მოდელმა საკუთარი გეგმებისა და წარსული ცხოვრების შესახებ პირველად Ambebi.ge-სთან გულახდილად ისაუბრა.
"ფლეიბოის" მოდელად ქცეული მედავითნეს გამოჩენას მისი მოძღვარი, თბილისის წმინდა ანტონ მარტყოფელის წინამძღვარი მამა ანტონი ეხმაურება.
"მან 8 წლის წინ დაიწყო მსახურება. ისევე, როგორც ყველა ადამიანი, ისიც მოვიდა რწმენით. გადაწყვიტა, გამხდარიყო მედავითნე და თითქმის 4 წელი მსახურობდა ჩვენს ტაძარში. შეიძლება ადამიანი მოვიდეს, მრევლად თვლიდეს თავს და ბოლოს მთლიანად ჩამოშორდეს ეკლესიას, ასე მოხდა ამ გოგონას შემთხვევში. მან გადაწყიტა, სხვა ცხოვრება დაეწყო და ბედი მოესინჯა. ნელა-ნელა თითქმის ჩამოშორდა ეკლესიას. ტელევიზიით ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მრევლი, რომელმაც თავისი დამოკიდებულება გამოხატა. ის, მისი აზრით, დღესაც ეკლესიის წევრია, ჰყავს მოძღვარი, აბარებს აღსარებას და სულაც არ თვლის უარყოფიდათ იმას, რომ ის არის მოდელი. ეს მას ხელს არ უშლის, იაროს ეკლესიაში და მოძღვარს ჩააბაროს აღსარება", - ამბობს მოძღვარი.
მამა ანტონის თქმით, მოდელის ტელევიზიით გამოჩენას უარყოფითი გამოხმაურებები ეკლესიისა და მოძღვრის მიმართაც მოჰყვა.
"ასეთი გადაცემა, როგორიც ჩვენ ვიხილეთ, მკვეთრად უარყოფითად აისახება საზოგადოებაზე, ამის შემდეგ ხალხი ეკლესიას უარყოფითად უყურებს. ნუთუ შეიძლება ეკლესიაში მივიდეს ადამიანი და ამის შემდეგ, ის ასე მკვეთრად გარდაიქმნას - ღვთის მსახურებიდან "ფლეიბოის" მოდელად. ეკლესია ადამიანებისთვის არის დაწესებული და ჩვენ ხელს ვერ ვკრავთ ვერცერთ მათგანს, რაც უნდა ცოდვილი იყოს ის. მხოლოდ ერთი გამონაკლისით, ადამიანი უნდა იყოს სინანულში. ცოდვას ეკლესია ვერასოდეს შეეგუება. მონანულ ადამიანს, რომელიც სინანულით მოდის და შეეცდება გამოასწოროს თავისი ცხოვრება აღსარებით, მოძღვრის აყვანით, ზიარებით, ლოცვებით, ასეთ ადამიანს ყოველთვის ხელს შეუწყობს. მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეკლესიის მრევლი ვართ და 5-6 წელი ეკლესიაში არ მივალთ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს სიცრუეა და ეკლესია არასოდეს მიესალმება მას", - აცხადებს მოძღვარი.
მამა ანტონის თქმით, ამ გადაცემით შეცომაში შეიყვანეს მაყურებელიც და მოძღვარიც.
"მე როგორც ამ ეკლესიის მოძღვარმა, სადაც სიუჟეტი ჩაიწერა, მინდა განვაცხადო, რომ თვითონ ჩვენი ეკლესიის მრევლის მხრიდან, შეცდომაში იქნა შეყვანილი ტელევიზიაც და მოძღვარიც, რადგან ჩვენ არ ვიცოდით არსი, თუ რას ისახავდა მიზნად მისი სიუჟეტის ჩაწერა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეკლესია და ტელევიზია ამ პიროვნებამ მოატყუა. სიცრუე დიდი ცოდვაა და ეკლესიისგან იკრძალება. ცოდვის პროპაგანდას ახდენდა ჩვენი მრევლი (მრევლად ითვლება ის ადამიანი, რომელიც წირვა ლოცვას ესწრება, ამბობს აღსარებას, იცნობს მოძღვარი და იცნობს მის ცხოვრებას), ამ შემთხვევაში მოძღვარმა მისი საქმიანობის შესახებ არ იცოდა და ამ გადაცემით შეიტყო. ამიტომ, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მინდა დავაფიქსირო. ეკლესია, როგორც სიწმინდე, სადაც მხოლოდ ღვთის სიტყვა უნდა იქადაგებოდეს, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ამ მიზნით. მე ყოველთვის დავგმობ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც პიროვნება, იქნება ის მრევლი თუ არა, ეკლესიას ამ მიზნისთვის გამოიყენებს. ამისათვის, შესაძლოა, პიროვნებამ ბოდიშიც მოიხადოს ტელევიზიისა და ხალხის წინაშე",- ამბობს მამა ანტონი.