2014 წლის 11 ნოემბერს ჩემმა ფეისბუკ-მეგობარმა გიორგიმ (მასთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ ამ წინადადებაზე) გამოაქვეყნა ბატონი არჩილ ჩიხლაძის ფოტო თანდართული ინფორმაციით, რომელსაც უცვლელად დავაკოპირებ ამ სტატიაში იმის გამო, რომ ფოტო და ინფორმაცია გამოაქვეყნა "მხოლოდ მეგობრებისთვის" ხილვადობით და ის ადამიანები, რომლებიც მისი ფეისბუკ-მეგობრების ჩამონათვალში არ არიან, ვერ შეძლებენ ამ ინფორმაციის გაცნობას:
"SOS!! მეგობრებო!!
ბევრ თქვენგანს ალბად ახსოვს, რომ 2 წლის უკან მე თქვენის გულმოწყალებისა და ადამიანურობის დახმარებით, ცნობილ ქართველ მომღერალსა, არტისტსა და ცხონებული მამაჩემის, პოეტ და ჭედურობის ოსტატ - რევაზ კახიძის (უჩინოს) სიყრმის მეგობარს, ბატონ არჩილ ჩიხლაძეს (უფროსი და ჩემი თაობისათვის საყოველთაოდ საყვარელი - დუეტი მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები) დავეხმარე, გავუმართე 2 საქველმოქმედო საღამო, გამოვიყვანე ტელეკომპანია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში, მწერალ და მხატვარ - მარსიანთან ერთად, ასევე სხვა ტელევიზიებით და რადიო "პიკის საათშიც", საიდანაც მივმართავდი ჩვენს ხელისუფლებას და ზოგადად კეთილ ადამიანებს, რათა დახმარებოდნენ ამ უნიჭიერეს, კოლორიტულ და ყველასათვის საყვარელ მომღერალს, რომელსაც მაშინ, 2 წლის წინ უკვე ძალიან უჭირდა! და მართლაც, მაშინ გარკვეული თანხა აგროვდა, რითაც ბატონ არჩილს, ასე 1 თვე მაინც შევუმსუბუქეთ არსებობა!
ახლა კი, მეგობრებო, უნდა მოგიყვეთ, თუ რა უმძიმეს და ჩემთვის მაშოკირებელ სურათს შევესწარი ამ საღამოს, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან: მე და ჩემი მეუღლე ვიჯექით სკამზე, უკვე დაღამებული იყო და 2 სკამის იქეთ სკამზე იწვა ვიღაც კაცი და ხვნეშოდა… მერე გადმოვარდა სკამიდან და ზღართანი გაადინა ასფალტზე! უცებ 2 ღვთისნიერი ხანდაზმული ქალბატონი მიიჭრნენ იმ უბედურთან და ეცადნენ წამოყენებას, რათქმაუნდა ამაოდ, წაქცეული კი სიმწრისგან უარესად ხვნეშოდა. ვეღარ გამიძლო გულმა და მეუღლესთან ერთად მივედი რათქმაუნდა, მეთქი წამოყენებაში მაინც დავეხმარები იმ 2 ქალბატონს და ამ საცოდავ მამაკაცს სკამზე დავსვამთ ისევ თქო. მივედი და ვხედავ, შიმშილისგან და დაცემისგან გაძვალტყავებულ, სრულიად გაუბედურებულ და მთელი ქვეყნისგან მიტოვებულ მომღერალ - არჩილ ჩიხლაძეს!! :(( შევკივლე, აჩიკო, მე ვარ, გოგი თქო… რათქმაუნდა გონზე არ იყო… ამ დროს გამოიარა ერთმა ბერ-მონაზონმა, გაჩერდა ჩვენთან, დაგვეხმარა მის აყენებაში, მამაომ ჯიბეში მოიქექა ხურდები და შემოგვთავაზა ბატონი აჩიკოს ტაქსით წაყვანა შინ. (ამ ქალბატონებს და ბერს, რათქმაუნდა ეგრევე ავუხსენი, თუ ვინ იყო ეს გაუბედურებული ადამიანი, რამაც მათში ასევე შოკი გამოიწვია!!) მეც უფულოდ გახლდით ამ დროს, სამწუხაროდ იმ ორმა ქალბატონმაც მოიძიეს ლარნახევარი… გადავიყვანეთ ფეხებწართმეული არჩილი, ძლივს, მე და ბერმა, ქუჩის მეორე მხარეს და ტაქსით, მე და მეუღლემ მივიყვანეთ ძლივს სახლამდე, იქ მარტომ ვერაფრით ავიყვანე მეორე სართულზე და 2 მეზობელი დაგვეხმარა. აღარც გონებაზე იყო და ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა! ნასვამს გავდა, თუმცა არჩილი ბიძია, რომელსაც მამაჩემის წყალობით ბავშვობიდან ვიცნობ, ნასვამი ქუჩაში არასოდეს მინახავს! სახლის გასაღები ვერ მოვიძიეთ მის ტანისამოსში, შესაძლოა სადმე ქუჩაში დაუვარდა. მეზობლებმა გვითხრეს - კაიხანია აღარც შუქი აქვს, აღარც გაზი და სრულიად უპატრონბოდაა მიტოვებულიო!
მეგობრებო, გეკითხებით: ეს ქვეყანაა? ეს მთავრობაა?? ასეთი უნიჭიერესი, ჩვენი მშობლების თაობის მსახიობები და მომღერლები, ასეთ სიდუხჭირეში უნდა კვდებოდნენ, ასე უპატრონოდ?? მე არ მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეობა! აღარ მინდა საქართველოში არც ცხოვრება და არც ამ ქვეყნის, რომელიც მუდამ კლავდა და კლავს ასეთ ტალანტებს, სამშობლოდ მოხსენიება! ეს ქვეყანა პატიოსანი, ნიჭიერი ადამიანების მორგია და სხვა არაფერი!! და როცა დაიღუპებიან ასეთი ადამიანები შიმშილისგან თუ უპატრონობისაგან, მერე ვიწყებთ ვიშ-ვიშსა და ქვითინს - ეს რა ადამოიანი დავკარგეთ? როგორ ვერ მოვუბრთხილდითო და გასვენებაში ნახევარი საქართველოც მიბრძანდება, რომ ვიტრიპაჩოდ ერთმანეთის წინაშე!
მეგობრებო, გადავარჩინოთ ბატონი არჩილ ჩიხლაძე, დავეხმაროთ, ისევ მოგმართავთ უმორჩილესად… შუქი და გაზი მაინც გადავუხადოთ და რამე საკვები ვუყიდოთ…
ვისაც რისი გაღება გესურვებათ, შეგიძლიათ მე მომწეროთ პირადში და მე გადმომცეთ თანხები… მე მივხედავ მერე მას, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას ხშირად!..
დიდი მადლობა წინასწარ! დაგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ".
…
მაყვალა და არჩილ ჩხლაძის დუეტს ათწლეულების განმავლობაში უსმენენ სხვადასხვა თაობები და მათი სიმღერები დღესაც პოპულარულია. სიმღერების დიდი ნაწილის ავტორია ბატონი ოთარ თევდორაძე.
რამდენი ადამიანიც ვართ, დარწმუნებული ვარ იმდენი გამოსავალი და იდეა წამოვა და როგორც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "პიკის საათის" კოლექტივი (ადრეც არაერთხელ დამდგარან არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების გვერდში) მუშაობს და მალე კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს მათი მუშაობა; ქალაქის მერიაშიც დაინტერესდნენ და ეძებენ ამ ადამიანისთვის რეალური მხარდაჭერის გზებს; არაერთი კერძო პირი გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტის ავტორს - გიორგის დახმარების მზაობით და სურვილით…
ხვალ პირადად ვნახავთ ბატონ არჩილს, ვეცდებით ვიდეომასალაც მოგაწოდოთ, ოღონდ არა გასაჭირზე და გულის გახეთქვაზე ორიენტირებული შოუ… ვეცდებით შეძლებისდაგვარად დელიკატურად გაჩვენოთ რეალობის ამსახველი სურათი და კონკრეტული იდეაც გვაქვს, რომლის განხორციელებაზე მუშაობაც უკვე დავიწყეთ: მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტის აუდიო დისკს გამოვცემთ საკუთარი ხარჯებით. ალბომის საფასური საბაზრო ფასზე დაბალი იქნება, მაგრამ გაყიდული დისკებიდან შემოსულ თანხას მთლიანად გადავცემთ ავტორებს.
ჩვენ ქველმოქმედებას არ ვეწევით - შრომით და ფინანსურ ინვესტიციას ვდებთ ქვეყნის მომავალში - გვინდა რომ დამკვიდრდეს ავტორთა და შემსრულებელთა შრომის ანაზღაურება ნორმად! ხელოვნება მხოლოდ მეცენატების იმედად განწირულია დაკნინებისთვის - განა რამდენს ან რამდენჯერ გასწვდება მეცენატობა?! ინტელექტუალური შრომაც შრომაა და სათანადო ანაზღაურებას მოითხოვს!
კონკრეტულად მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების წინაშე თაობები ვართ ვალში და ეს ვალი უნდა გავუსტუმროთ სანამ ცოცხლები არიან! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უარესი სიბერე გველის (თუ მივაღწიეთ სიბერემდე).
ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე პირველი ნაბიჯი გადავდგით - რამდენიმე დღეში ალბომის პირველი ეგზემპლარები მზად იქნება და შემდეგი ნაბიჯი უკვე თქვენზეა ძვირფასო მკითხველებო და მსმენელებო.
კიდევ ერთს დავამატებდი:
ძვირფასო გზაგაკვალულო მომღერლებო, ტელე-მედიასაშუალებების (ტელე იმიტომ, რომ ყველაზე დიდი აუდიტორია და გავლენა ამ აუდიტორიაზე თქვენს ხელთაა) სარედაქციო სამსახურების ხელმძღვანელებო, დიდი საკონცერტო დარბაზების მფლობელებო:
კარგად მესმის, ძალიან იოლია სათქმელად, მით უმეტეს როცა სხვას უთითებ როგორ მოიქცეს, მაგრამ… თქვენ რომ გაერთიანდეთ და წელიწადში ერთი ან ორი კონცერტი რომ მოაწყოთ ასაკოვანი მუსიკოსების მხარდასაჭერად… წარმოგიდგენიათ რამხელა საქმის გაკეთება და რა თანხების მობილიზება შეგიძლიათ ყოველწლიურად, სტაბილურად? შედეგად ნებისმიერ მუსიკოსს, ყოფილსა თუ მოქმედს, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ქართულ მუსიკაში, ავტორს, კომპოზიტორს, ექნება უკეთესი სიბერე. ერთგვარად ეს საკუთარი სიბერის შიმშილის გარეშე გატარების გარანტიაც კი იქნება თუკი ტრადიციულ სახეს მიიღებს. არავის არ ეგონა ძველი თაობის ადამიანებიდან ასეთი სიბერე თუ ექნებოდა. კაცმა არ იცის რა მომავალი გველოდება ჩვენც. ეს საქართველოა. ჩვენ კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ცხოვრებით ვცხოვრობთ…
წყარო: aragviani.com