ჩვენი რესპოდენტი დათა ახალაიას მეუღლე ანი ბენიძეა. ანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ამ ეტაპზე მთელ დროს მხოლოდ სწავლას და ოჯახს უთმობს. 22 წლის ანის საკუთარ პირად ცხოვრებაზე აქამდე არასდროს უსაუბრია. ის არც საზოგადოებრივ ადგილებში ჩნდებოდა და არც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ პირველად სწორედ Ambebi.ge-ს მკითხველს უამბობს.
- ანი, სად გაიცანით დათა და როდის?
- დათა გავიცანი 3 წლის წინ, 14 სექტემბერს, საერთო ნაცნობის შვილის ნათლობაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს სუფრა ჩემს გასაცნობად ყოფილა დაგეგმილი .
- თავიდანვე მოგეწონათ? როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?
- იმ დღეს, როცა გავიცანი, არ ვიცოდი ვინ იყო. ჩემს წინ ერთი ჩვეულებრივი, მომღიმარი ბიჭი იდგა, რომელსაც დიდი ყურადღება არ გამოუჩენია ჩემდამი, შესაბამისად, მე მოწონებაზე არც მიფიქრია. ამ დღის შემდეგ დათა აქტიურობდა, რომ ხშირად ვენახე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, ძირითადად მას უხდებოდა სამედიცინოს ავტოსადგომზე მოსვლა და იქ მხვდებოდა ლექციების შემდეგ. დღეს ჩემს მშობლებს დათა ძალიან უყვართ.
- რატომ იყო ოჯახი წინააღმდეგი?
- ძალიან ტრადიციული ოჯახი მყავს, და მამასთან რთული იყო საუბარი ჩემს დაოჯახებაზე.
- მე ვიცი, რომ დათა საკმაოდ ხშრად განებივრებდა სიურპრიზებით, როცა შეყვარებულები იყავით. არის თუ არა ეს მართალი და ყველაზე მეტად რომელი სიურპრიზი დაგამახსოვრდა მისგან?
- დათა გაცნობის დღიდან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და დღემდე ასე გრძელდება. ყველა მისი სიურპრიზი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რომელიმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს.
- ვიცი, რომ მაშინ, როცა დათა დევნილი იყო საქართველოდან და ძებნაში იმყოფებოდა, საკუთარ დაბადების დღეზე მოგიწყოთ სურპრიზი, ფეირვერკი. ელოდი თუ არა რომ იმ პერიოდში, რომ ამას მოახერხებდა დათა და რა ემოცია დაგეუფლა?
- დათას მდგომარეობიდან გამომდინარე ნამდვილად არ ველოდი ,რომ ამას მოახერხებდა. ჩემი ემოცია იყო ცოტა გაურკვეველი, ვიყავი ბედნიერი მისი ყურადღებით, და სევდიანი მის გარეშე.
- როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში? როგორ გთხოვა ცოლობა?
- ერთ დღეს სამედიცინოს ავტოსადგომზე მოვიდა. ცოტა დაბნეული იყო, თითქოს მისთვის უჩვეულო სიტუაციაში და მითხრა, რომ ვუყვარდი. მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე. რაც შეეხება ცოლობას, დავოჯახდით გაცნობიდან 3 თვეში. ვიკამათეთ, ვუთხარი რომ ეს ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. იმ დღეს თვითონაც დამთანხმდა, მაგრამ მეორე დღეს მასწავლელიდან გამოსული მოულოდნელად აღმოვჩნდი ისევ დათას გარემოცვაში, დათას ცოლის ამპლუაში.
- ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- ჩემს ოჯახში არც განიხილებოდა ჩემი დაოჯახება, გამომდინარე იქედან რომ 19 წლის ვიყავი.მაგრამ ისე მოულოდნელად (ჩემთვისაც) მოხდა ჩვენი დაოჯახება, რომ არც გვისაუბრია ოჯახში ამ თემაზე. რაც შეეხება დათას მშობლებს, დაოჯახებამდე არ ვიცნობდი, თუმცა როგორც ვიცი დათას გადაწყვეტილებაზე იცოდნენ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ დათას მშობლებთან?
- დათას მშობლები ძალიან მიყვარს და იდეალური ურთიერთობა გვაქვს.
- ქორწილის გადახდა რატომ ვერ შეძელით?
- 1 თვეში ფეხმძიმე ვიყავი, და არ მინდოდა ორსული დედოფალი ვყოფილიყავი. ვიფიქრე, ბავშვის გაჩენის შემდეგ დავიწერდით ჯვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯვრისწერა არ შედგა. თუმცა მომავალში ამის იმედს არ ვკარგავ.
- მკაცრი ქმარია დათა? რამეს გიკრძალავთ?
- არც მახსენდება რაიმე აეკრძალოს, ან საყვედური ეთქვას, სიმკაცრეზე ლაპარაკიც ზედმეტია. ის ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია.
- 2012 წლის არჩევნების შემდეგ, თქვენი ოჯახის წევრებს წაუყენეს ბრალი, დააკავეს ბაჩო, ბრალი წაუყენეს დათას, დაკითხვაზე დაიბარეს თქვენი მამამთილი. ელოდით თუ არა, რომ ეს მოხდებოდა და როგორ გადალახეთ ეს პერიოდი?
- ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა თქმა უნდა, ველოდი. ახლა ვიხსენებ, რომ დათაც ბოლო პერიოდი მელაპარაკებოდა და მამზადებდა მოსალოდნელი სირთულეებისთვის, თუმცა როგორადაც არ უნდა ელოდებოდე, ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები, ძალიან რთული გადასატანია ეს ყველაფერი.
- ამას დაემთხვა ისიც რომ იმ პერიოდში იყავით ორსულად, ფაქტიურად საკმაოდ მძიმე პერიოდის გადატანა მოგიხდათ, ვინ გეხმარებოდათ და რა გაძლიერებდათ ამ პერიოდში?
- როცა დათამ საქართველო დატოვა მე ვიყავი 8 თვის ორსული, და ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ტკივილი. პირველ რიგში ჩემს გვერდით იყო ჩემი დედ-მამა, რომლებიც წამითაც არ მშორდებოდნენ და საოცრად მამხნევებდნენ, შემდეგ ჩემი შვილი, რომელმაც იმ მომენტისთვის წარმოუდგენელი ბედნიერება მაჩუქა. და რათქმა უნდა დათა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, რომ მე მარტოობა არ მეგრძნო. ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი მეგობრები,რომლებიც სულ ჩემს გვერდით იყვნენ.
- დარწმუნებული იყავით, რომ დათას მიმართ ასეთ განაჩენს გამოიტანდა საბერძნეთის სასამართლო?
- დარწმუნებული ადამიანი ვერაფერში ვერ იქნები, თუმცა დიდი მოლოდინი მქონდა.
- დათაზე ხშირად წერენ ათასგვარ სისასტიკეს, თქვენ როგორ რეაგირებთ ამ ყველაფერზე?
- ძალიან რთული მოსასმენი და წასაკითხია, როცა შენს საყვარელ ადამიანზე უარყოფითს ისმენ, და გული მტკივა, რომ ჩემს გვერდით სულ სხვა ადამიანი დგას და რადიკალურად განსხვავეულია იმ დათასგან, როგორიც საზოგადოების ნაწილს წარმოუდგენია. უმეტესად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება დათას ირგვლივ, რისი გადატანაც ხშირად დიდი ნერვიულობის და სტრესის ხარჯზე მიხდება.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ანი ნადარეიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან?
- ანი ძალიან მიყვარს, ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან თბილი და მეგობრული. რაც შეეხება ბაჩოს, ის განსაკუთრეული სითბოთი გამოირჩეოდა პირველივე დღიდან ჩემს მიმართ. მე ის გამორჩეულად მიყვარს და ძალიან მიჭირს მისი ამ სიტუაციაში ნახვა.
- როგორ ცხოვრობს დათა საბერძნეთში?
- აქამდე დაკავებული იყო ადვოკატებთან ურთიერთობით და სასამართლო პროცესებით. მომავალში რას გეგმავს, ჩემთვისაც უცნობია.
- პატარა დათა მამის ნახვას ხშირად ახერხებს?
- მთელი ზაფხული მე და ბავშვმა დათასთან გავატარეთ. იმედი მაქვს, ძველ დროსთან შედარებით მომავალში უფრო ხშირად მოახერხებს ბავშვის ნახვას, რადგან ძალიან ენატრება.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge