თბილისში, "არტპალასის" გახსნაზე სახელგანთქმული მესაყვირე, კრის ბოტი ჩამოვა. "არტპალასი" არის პირველი მცდელობა, შეიქმნას საქართველოში ევროპული სტანდარტების მქონე მომსახურების ცენტრი-ჰოლდინგი, რომელიც ამავე დროს მთავარ ამოცანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებას დაისახავს", - ამბობს გია ანდღულაძე, "არტპალასის" დამფუძნებელი.
მისი თაობის ადამიანები განვლილი გზის შეფასებისას ხშირად ამბობენ: ქვეყანა რომ დაინგრა, ცხოვრებას მაშინ ვიწყებდითო. მათი ახალგაზრდობა 90-იანებში ჩარჩა, ნანგრევებში... თუმცა, კარგად რომ დაფიქრდე, 90-იანებში ქვეყანა კი არა, იმპერია დაინგრა. ქვეყანას რაც შეეხება, მაშინ, მისი შენება იწყებოდა. გია ანდღულაძე იღბლიანი ადამიანია - საჭირო დროს, საჭირო ადგილას, ერთხელ უკვე შეძლო საჭირო საქმის წამოწყება.
როცა წარმატებულ ბიზნესმენს ეკითხებიან, ვინ არის ის პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი თუ იდეალისტი, პასუხობს მე ის იდეალისტი ვარ, ვისი იდეების პრაგმატულად გააზრება და განხორციელება შეიძლებაო. ამიტომ, ვინც გია ანდღულაძეს კარგად იცნობს, არ უკვირს ქართული კულტურის აღორძინება რომ მოინდომა. სულ ცოტა ხანში თბილისში მის მიერ დაფუძნებული სახელოვნებო ჰოლდინგი ”არტ-პალასი" გაიხსნება.
- ამ საქმეს ოპტიმისტურად ვუყურებ და მინდა, ადამიანებს ჩემი ოპტიმიზმი გადავდო. ეს არც ისე ადვილია, რადგან როგორც კი ამ სფეროს ახსენებ, მაშინვე საყოველთაო პესიმიზს აწყდები. ეს ნორმალურიცაა, რადგან ზოგს ძალიან ეშინია რევოლუციური ძვრების, ზოგს კი უბრალოდ უჭირს იმ შედეგის წინასწარ განჭვრეტა, რომელსაც მე უკვე ვხედავ.
”არტპალასი" ეს არის პირველი მცდელობა შეიქმნას საქართველოში ევროპული სტანდარტების მქონე მომსახურების ცენტრი-ჰოლდინგი, რომელიც ამავე დროს მთავარ ამოცანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებას დაისახავს. დაეხმარება ქართულ ხელოვნებას საერთაშორისო "ბაზარზე" ადგილი დაიმკვიდროს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰოლდინგში მოხდება საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირება, როგორც ახალგაზრდების, ისე უკვე დამსახურებული მოღვაწეებისა. ვიმედოვნებთ, რომ შევასრულებთ თაობათა შორის შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც. ერთი სიტყვით ,,არტპალასი" ძალიან მალე წარმოადგენს სრულყოფილ ხედვას თუ როგორ შიძლება განვითარდეს მოვლენები ამ სფეროში და ამ ხედვას ვინმეს კი არ გადაულოცავს, არამედ თვითონვე განახორციელებს.
- გავიგეთ, რომ არტპალასის" გახსნის ცერემონიისთვის საინტერესო სტუმარი ჩამოგყავთ...
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ,,არტპალასის" საზეიმო გახსნაზე 12 ოქტომბერს გვესტუმრება ამერიკის ნომერ პირველ მესაყვირედ ცნობილი, ოქროსა და პლატინის დისკების, ასევე - ,,გრემის" მფლობელი, კრის ბოტი;
მეორე დღეს ,,არტპალასი" მიგიწვევთ ფონდ ,,იავნანასთან" ერთობლივად ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე, კრის ბოტი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად კონცერტსა და ტელემარათონს გამართავს, შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. როგორც ხედავთ, ,,არტპალასის" პირველი აქტივობა ქველმოქმედებას უკავშირდება.
- რატომ დაუკავშირეთ მაინცადამაინც კულტურის სფეროს თქვენი საქმიანი გეგმები?
- საყოველთად ცნობილია, რომ საზოგადოება რომელიც არ ზრუნავს კულტურული ღირებულებების მოვლასა და გაცოცხლებაზე განწირულია, რაც შეეხება პირადად ჩემს მოტივაციას, მე მანამდეც მქონია ამ სფეროსთან არა კომერციული, მაგრამ მაინც საქმიანი კავშირი, ჩემი ხმის ჩამწერი სტუდიაც მქონდა, სადაც სხვადასხვა ნიჭიერ მუსიკოსს მუშაობის საშუალება ეძლეოდა. ამ საქმეს ჩემთვის მოგება არ მოუტანია მაგრამ, მიახარია რომ სტუდიაში არაერთი კარგი სიმღერა ჩაიწერა.
ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, ყოველთვის ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, მუსიკა, კინო, თეატრი. ეს ალბათ ოჯახმაც განაპირობა. დედა კარგად მღეროდა, მამა კინოსტუდიაში მუშაობდა, კასკადიორად. როგორც ჭეშმარიტი გურული კარგი მხედარი გახლდათ და თითქმის ყველა მაშინდელ ისტორიულ ფილმზე აქვს ნამუშევარი, სადაც კი ცხენის ჭენება და ჯირითი იყო საჭირო. სხვათა შორის მე თვითონაც ერთ დროს მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჩემი დეიდაშვილი მსახიობობას აპირებდა და აბიუტურიენტობის პერიოდში მარჯანიშვილის თეატრში გამნათებლად მუშაობდა. სკოლის შემდეგ თითქმის ყველა საღამოს მასთან, გამნათებლის ოთახში ვატარებდი. ამაზე კარგი ადგილი მთელ სამყაროში არ მოიძებნებოდა. ერთხელ სცენაზე "მადამ სან-ჟენი" თამაშდებოდა, ჩემს დეიდაშვილს კი ჩაეძინა. ჩაეძინა სწორედ იმ დროს, როცა ჩაბნელებულ სცენაზე მსახიობი ამირან ბუაძე უნდა განათდეს. კიდევ კარგი, რომ ბევრჯერ მქონდა უკვე ნანახი ეს როგორ ხდება. არ დავიბენი მაშინვე მივვარდი პულტს და გავანათე. ვერ აგიწერთ რა შეგრძნება იყო, როდესაც ამხელა პროცესის მონაწილედ ვიგრძენი თავი.
მოგვიანებით არცერთი ჩვენგანისგან მსახიობი არ გამოვიდა. ჩემი აზრით მას მეტი ნიჭი ჰქონდა და ნაკლები სურვილი, მე კი მეტი სურვილი და ნაკლები ნიჭი, მაგრამ ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობის მერეც არ გამნელებია.
- საბოლოოდ, რა პროფესია აირჩიეთ?
- სკოლა რომ დავამთავრე, ის დრო იყო, როცა მშობლები წყვეტდნენ, ვის სად უნდა ჩებარებინა. ძირითადად იურიდიულზე ან სამედიცინოზე ამწესებდნენ შვილებს, მე ამ მხრივ სრული თავისუფლება მქონდა. ამით ვისარგებლე კიდეც, კარგად ვერკვეოდი მათემატიკაში, თუმცა, არც ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გამიჭირდებოდა ჩაბარება. მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, ინსტიტუტში ჩაბარებას, ქარხანაში მუშაობის დაწყება ვამჯობინე. არ მსურდა, უბრალოდ დინებას მივყოლოდი. მინდოდა, არჩევანი კარგად გამეაზრებინა. 4 წელი გავიდა სანამ ინსტიტუტში ჩავაბარებდი. პროფესიული არჩევანი კი ცხოვრებისეულმა ვითარებამ გამაკეთებინა.
1988 წლიდან ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გავხდი. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი. ვხელმძღვანელობდი განათლების კომიტეტს. და ვფიქრობ გარკვეული წვლილი შვიტანე მაშინდელი განათლების სისტემის დეპოლიტიზაციაში. ადამიანი, რომელიც მიტინგებზე განათლების საკითხებზე საუბრობდა, არ შეიძლებოდა თავად ყოფილიყო გაუნათლებელი. რაკი ლიტერატურა ძალიან მიყვარდა და სკოლებთან მქონდა ყოველდღიური ურთიერთობი პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- პოლიტიკური ასპარეზს როდის ჩამოშორდით?
- როცა პირველი გასროლა მოხდა... მეგობრებმა ჩემი ეს გადაწყვეტილება სწორად გაიგეს, თუმცა ზოგი ფიქრობდა ყველაფერი ადამიანური შიშის გამო მოხდა, იყვენენ ისეთებიც ვინც თვლიდა, რომ ეროვნული იდეები პირად კეთილდღეობაზე გავცვალე. არც ერთი იყო სწორი და არც მეორე. შიშს ოჯახის შექმნამდე საერთოდ არ ვიცნობდი. ბიზნესი კი არაფერ შუაში იყო. მე უბრალოდ ვერ დავინახე ჩემი თავი იქ სადაც ძმები ერთმანეთს ებრძოდნენ და წავედი. თუმცა იარაღს ვერც ბიზნესში ავცდი. მაშინდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაუვალ ჯუნგლებში გვიწევდა. თუმცა იარაღს ვერც ბიზნესში ავცდი. მაშინდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაუვალ ჯუნგლებში გვიწევდა. 1990 წლის შემდეგ, რაც პირველი და ყველაზე წარმატებული კომპანია "ლილო მოლი" 6 თანამოაზრესთან ერთად დავაარსე, ყველაფერს წავწყდომივარ - ყაჩაღობა, ძარცვა, რეკეტი...წარმოუდგენელია, რომ ამ მოვლენების ფონზე ურთიერთგაგება არასდროს დაგვიკარგავს. მგონი, სწორედ აქ იმალება ჩვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო: ამ შვიდეულში არასდროს მომხდარა სერიოზული კონფლიქტი და დაპირისპირება. კომპანიის შექმნამდეც უახლოესი მეგობრები ვიყავით და ეს მეგობრობა ბიზნესპარტნიორობაში ისე გადაიზარდა, არაფერი დაკლებია. წარმოგიდგენიათ, თითქმის 25 წლის განმავლობაში არ შეგვიცვლია დამფუძნებელი, არ ყოფილა არც ერთი სასამართლო დავა".
- როგორ ფიქრობთ, თქვენი ახალი წამოწყების არტპალასის წარმატება რამ უნდა განაპირობოს?
- ბევრმა ფაქტორმა. ,,არტპალასის" სტრუქტურა და მასშტაბები, რომ კარგად დაგანახოთ გეტყვით, რომ ეს იქნება უზარმაზარი სახელოვნებო ინდუსტრია. ჩვენ უნდა შექვმნათ დიდი ცოცხალი ორგანიზმი, ათ სართულზე განთავსდება სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში მომუშავე პროფესიონალთათვის განკუთვნილი სივრცეები. ,,არტპალასი" შეეცდება მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ხმის ჩაწერის, რეკლამის დამზადების, ვიდეო და ფოტო მომსახურების, ღონისძიებათა დაგეგმვისა და ორგანიზების, ტურიზმისა და პოლიგრაფიის სფეროებში..
ამავე დროს, იმ ახალი თაობის სათანადო აღზრდასა და განათლებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომელიც ხვალ-ზეგ ქართული კულტურის პატრონად მოგვევლინება. ამისათვის ჩვენ ევროპაში კარგად აპრობირებული საგანმანათლებლო სისტემების დანერგვა გვსურს. განზრახული გვაქვს გავხსნათ დაწესებულებები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, როგორიც არის მხატვრული განათება, ხმის რეჟისურა, ამ პროფესიის კვალიფიციური კადრები ჩვენს ქვეყანაში დღემდე ძალიან ცოტაა. თითო ოროლა ვინც უცხოეთში სწავლობდა ან მოყვარულები, ვინც საკუთარი ნიჭის წყალობით დაეუფლენ პროფესიას, ამინდს ვერ შექმნიან. არტპალასში გაიხსნება ასევე ვოკალური აკადემია, წამყვანთა სკოლა. დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველა სახელოვნებო და მასთან მიახლოებულ სფეროს სჭირდება ევროპულ სტანდარტთან მიახლოება. მე მინახავს მარკეტინგული გათვლები (ჩემი აზრით საკმაოდ საეჭვო) რომელთა თანახმადაც ყველაზე ნიჭიერი ხელოვანიც ჩვენს ქვეყანაში რეალური განვითარების პერსპექტივას მოკლებულია. სისტემა უნდა შეიქმნას, სხვანაირად არ მოხდება შოუბიზნესის განვითარება და ვერც წინაპრების კულტურას დავიცავთ და შევინახავთ სათანადოდ. ქართული ხელოვნება და ბიზნესი ერთმანეთის მტრებიდან ერთმანეთის მეგობრებად უნდა ვაქციოთ.