2050 წლისათვის საქართველოში შესაძლოა, მოსახლეობის რაოდენობა 1 170 000-ით შემცირდეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნულს საგანგაშოს უწოდებს. Ambebi.ge-სთან საუბარში დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას.
"გაერთიანებული ერების მოსახლეობის ბიუროს მონაცემებით, 2050 წლისათვის მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 მოქალაქით შემცირდეს. ასევე, არასახარბიელო ვითარებაზე მიუთითებს USAD-ის მონაცემებიც. 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 232 რიცხულ ქვეყანათა შორის მოსახლეობის შემცირების ტემპით ჩვენ 16-ე ადგილზე ვართ, ხოლო შობადობის მხრივ 176-ე ადგილი გვიკავია", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არის ერის აქტიური დაბერების ტენდენცია.
"ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 680 000 პენსიონერი, მაგრამ 2030 წლისათვის მოსალოდნელია, რომ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდოს მილიონამდე. ამას განაპირობებს ის, რომ შებოდობა არის ძალიან დაბალი", - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
მისივე ინფორმაციით, შობადობის კუთხით საქართველოში პიკი 1961 წელს იყო, როდესაც 124 000 ახალშობილი დაიბადა, დღეს ეს მაჩვენებელი მის ნახევარსაც ვერ აღწევს.
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ასევე საგანგაშო ვითარებაა აბორტებთან დაკავშირებით. 2012 წელს საქართველოში 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა.
"სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არარეგისტრირებული აბორტებით გაცილებით იზრდება ეს რიცხვი და სავარაუდოდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში დღეში 100-დან 150-მდე აბორტი კეთდება. ეს ძალიან საგანგაშოა. ქვეყანში 5 ორსულიდან 3 აბორტს იკეთებს. ეს მონაცემები არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ჩვენ რამოდენიმე ინიციატივა გვაქვს, რომელიც დემოგრაფიული რისკის ფაქტორებს შეამცირებს", - აცხადებს ხუნდაძე.
სტატისტიკა, რომელიც ჯადაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა, მართლაც საგანგაშოა, მაგრამ არანაკლებ ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სელექციურ აბორტებთან დაკავშირებით.
ხუდაძის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი აბორტი მდედრობითი სქესის ჩანასახის შემთხვევაში გაკეთდა.
მისი თქმით, ჩანასახშივე იმდენი გოგონა დაიღუპა, რომ 2020 წლისთვის, როდესაც ეს ბავშვები რეპროდუქციულები უნდა გამხდარიყვნენ, ქვეყანაში გოგონების დეფიციტი იქნება.
ხუნდაძე ამბობს, რომ აღნიშნული, გარდა იმისა, რომ საქართველოში შობადობას კიდევ უფრო შეამცირებს, პროსტიტუციის ზრდასაც შეუწყობს ხელს.
აბორტებთან დაკავშირებით პარლამენტმა რამდენიმე კანონი მიიღო, რომლითაც მოსაფიქრებელი ვადა, რომელიც აბორტის გაკეთების შემთხვევაში მშობელს ეძლეოდა,3-დან 5 დღემდე გაზარდა. ასევე მკაცრდება სასჯელი უკანონო აბორტებთან დაკავშირებითაც.
თეა ბითაძე
AMBEBI.GE