როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოს სანავთობო ბაზარზე აბსოლუტური განუკითხაობაა. მსხვილი ნავთობიმპორტიორები უფრო მეტად ყვლეფენ ავტომფლობელებს, ვიდრე ამას წინა მთავრობისას სჩადიოდნენ. უკვე რამდენიმე თვეა, მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასი ქვემოთ მიექანება, საქართველოში კი საწვავის გაიაფებას არავინ აპირებს. ამ პროცესზე უკვე აღარც მთავრობა რეაგირებს. მთავრობის სიჩუმე კი მოსახლეობაში ისევ ბადებს კითხვას - ამჯერად ვის ჯიბეში მიექანება სანავთობო სექტორში შესული დიდი მოგების წილი?
დღეისათვის მსოფლიოში ნავთობის ფასი ბოლო 2 წლის მინიმუმზეა. საქართველოში ბენზინისა და დიზელის ღირებულება საერთაშორისო ფასის (პლატცის) მიხედვით განისაზღვრება. ამჯერად, პლატცის მიხედვით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 900 დოლარია, ხოლო 1 ტონა (ელ-62) დიზელი 813 დოლარი ღირს.
საერთაშორისო ფასები რამდენიმე თვეა სტაბილურად ქვევით მოიწევს, რაც კარგა ხნის წინათ აძლევდა შესაძლებლობას ნავთობიმპორტიორებს, რომ ბენზინი და დიზელი გაეიაფებინათ. როგორც ჩანს, ისინი უზარმაზარ მოგებას ვერც მინიმალური საერთაშორისო ფასის პირობებში ელევიან.
ყველას კარგად ახსოვს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება სანავთობო ბაზარზე მონოპოლიისა და კარტელური გარიგებების მოშლა იყო, ასევე ბაზარზე მძლავრი კონკურენტი კომპანიის შემოყვანა. ამას კონკურენციის გაზრდა და საწვავის ღირებულების შემცირება უნდა მოჰყოლოდა. ჯერჯერობით კი მონოპოლია (ოლიგოპოლია) ისევ მძვინვარებს, არც ახალი კომპანია შემოსულა და მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე სრულიად უცნობია.
"რეზონანსმა" გადაწყვიტა მეტი თვალსაჩინოებისთვის ამჟამინდელი და 2 წლის წინანდელი ფასები ერთმანეთისთვის შეედარებინა. შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი, საშუალოდ, 1025 დოლარი ღირდა. იმ დროს, საკმაოდ მყარი იყო ეროვნული ვალუტის კურსი და 1 დოლარი 1,66 ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლების მიხედვით შესაძლებელია დაანგარიშდეს 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 2012 წლის არჩევნებამდე.
კერძოდ, ლარის კურსზე გაანგარიშებით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1701 ლარი იყო. ამას ემატებოდა დღგ - 306 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება - 85 ლარი და საბოლოო ჯამში, კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 2342 ლარის ხარჯის გაწევა უწევდათ. თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა) 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,8 ლარია. იმ პერიოდში, საცალო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი, 2,12 ლარი ღირდა. საბითუმოსა და საცალო ფასს შორის სხვაობა 32 თეთრამდე იყო.
ამჟამად კი ასეთი მდგომარეობაა. იგივე გათვლებით, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ღირებულება 1,67 ლარია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობკომპანიები საწვავის შესყიდვისას, სულ მინიმუმ 5%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. თუ ამ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი კიდევ უფრო დაბალია - 1,6 ლარი! ნავთობპროდუქტები უკვე 40-45 თეთრიან მარჟას გადასცდნენ. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა, თუმცა ყოველთვის იყო კრიტიკა, რომ ნავთობპროდუქტები მაშინაც უზარმაზარი მოგებით საქმიანობდნენ.