შვილისთვის სკოლის შერჩევა ყველაზე რთული საკითხი აღმოჩნდა, რა გადაწყვეტილების მიღებაც ბოლო წლებში მომიწია. რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვეცნობოდი სხვადასხვა სკოლების შესახებ ინფორმაციას. ყველა ნაცნობსა თუ უცნობს გამარჯობის შემდეგ ვეკითხებოდი, სად დაყავდა პატარა და რამდენად კმაყოფილი იყო შედეგით.
პირველი არჩევანი საჯარო და კერძო სკოლას შორის უნდა გამეკეთებინა. შეხედულება, რომ ცალსახად ან ერთია კარგი, ან მეორე, რა თქმა უნდა, მცდარია. კარგი და ცუდი სკოლა შეიძლება საჯაროც იყოს და კერძოც. ის, რომ რამდენიმე ათას ლარს, დოლარს თუ ევროს იხდი, სულაც არ ნიშნავს, რომ შენს შვილს უდავოდ ხარისხიან განათლებას აძლევენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, თუ ათასების გადახდა საერთოდ არ მოგიწევს.
მშობლების დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან და უდროობიდან გამომდინარე, ჩემს შვილს 12 საათზე სკოლიდან ვერავინ გამოიყვანდა, ვერც წრეებზე ტარებას შევძლებდი, ამიტომ ვეძებდი სკოლას გახანგრძლივებული რეჟიმითა და წრეებით. ასეთი მომსახურება რამდენიმე საჯარო სკოლასაც აქვს. მივედი ერთ-ერთ მათგანში, სამსახურთან ახლოს, რომელიც მოსწავლეთა განათლების მიხედვით, ერთ-ერთ მოწინავედ ითვლება. აქ ბავშვებს დილის 9-დან 7 საათამდე ერთ ოთახში უწევთ ყოფნა. დამეთანხმებით, 6 წლის ბავშვისთვის 24 თანატოლთან ერთად, ერთ სივრცეში გაჩერება 10 საათის განმავლობაში საცოდაობაა. ამას დამატებული კვების პრობლემა. ზოგიერთ საჯარო სკოლაში კვების თანხას იხდი, თუმცა მთელი დღის მანძილზე ბავშვი მხოლოდ ერთხელ იკვებება. გახანგრძლივებულის + კვების + ტრანსპორტირების თანხა ჯამში შესაძლოა, იმდენი გამოვიდეს, რომ შვილის კერძო სკოლაში შეყვანაც მოახერხო. საგულისხმოა არანორმალური კონკურენცია, რომელიც ასეთ სკოლაში რეგისტრაციის დროს არის. ვაკანტური ადგილები სამ წუთში ივსება და ნამდვილად არ მქონდა იმედი, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში დარეგისტრირებას მოვახერხებდი.
კიდევ ერთი ვარიანტი სახლთან ახლოს საჯარო სკოლა იყო. სასწავლო დაწესებულებიდან, რომელიც მე დავამთავრე აცრემლებული წამოვედი. ბუფეტი სურსათის უვნებლობას დაუხურავს. წარმოგიდგენიათ?! რა მდგომარეობაში უნდა იყოს სკოლის საკვები ობიექტი, რომ დახურვას ექვემდებარებოდეს. წარმოიდგინეთ, 10 საათის განმავლობაში ბავშვი სახლიდან გატანებულ ბუტერბროტზე რომ უნდა გაიმეტო. (აბა, წვნიანი რომც გაატანო, ვინ გაუცხელებს). ცალკე თემაა საპირფარეშო, სადაც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი საერთოდ გაგიქრება. ასეთი ანტისანიტარია და ინფრასტრუქტურის არ არსებობა ჩემს დროსაც არ იყო. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მასწავლებლები ყვიროდნენ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ბავშვებს საერთოდ ვერ იმორჩილებდნენ. საჯარო სკოლაზე ჩემი შეხედულება: უფასო სწავლება (მშვენიერია), კლასში ძალიან ბევრი ბავშვი, გამოცდილი მასწავლებლები, ძალიან ცუდი სველი წერტილები, მთელი დღე ბავშვი ერთ ოთახში, ხშირ შემთხვევაში, წრეების არ არსებობა.
დავიწყე კერძო სკოლების ძებნა. ფასები წელიწადში 1000-დან 12 000 ლარამდე ადის (რაც გავიგე). ზოგიერთი ისეთია, ჯობია ბავშვი ზემოთხსენებულ გარემოში მოხვდეს და ტყუილა ფული არ გადაყარო. ერთგან, სადაც სწავლა 3000 ლარი ღირს, სკოლა ნაქირავებ სახლშია გახსნილი. პირველი და მეცხრე კლასელი გვერდი-გვერდ საკლასო ოთახებში, "ასანთის კოლოფის მოცულობის" ოთახებში სხედან. არა - დერეფანი, არა - ნორმალური ტუალეტი, არანაირი სივრცე და სუნთქვის საშუალება. თანხაში სხვა წრეებთან ერთად ცურვა და ცეკვა შედის. მერე აღმოჩნდა, რომ ცეკვა ძალიან ხშირად უცდებათ, ცურვაზე მთელი ზამთარი არ დაყავთ, თუ დაყავთ კიდევ, ბავშვებს რაღაც მიზეზით სჯიან და წყალში არ უშვებენ (!!!).
კერძო სკოლების ადმინისტრაციაში ისეთ კარგ პირობებს დაგიხატავენ, გაგაგიჟებენ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოტყუვდეთ. მერე ასეთი ტაქტიკა მოვიფიქრე, მეტ-ნაკლებად ჩამოვყალიბდი ერთ-ერთ მათგანზე. დავათვალიერე, გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს საღამოს საათებამდე ხატვა, სიმღერა და ცეკვა სხვადასხვა აუდიტორიებში უტარდებათ, ანუ სულ ერთ ოთახში არ სხედან. კვებამაც და საპირფარეშოს მდგომარეობამაც ამ ეტაპზე მომხიბლა. ჰოდა, მოვძებნე მშობლები, რომელთაც შვილები ამ სკოლაში დაყავთ. გავიგე მათი ნომრები და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს დავურეკე. კარგი რაც იყო ადმინისტრაციამაც მითხრა და ჩემი თვალითაც ვნახე. მშობლებისგან დავინტერესდი, რა არ მოსწონდათ და რითი იყვნენ უკმაყოფილოები.
გამოძიების მეორე ეტაპი პედაგოგებით დაინტერესება იყო. ერთი მასწავლებელი ისე მიქეს, უბედნიერესი უნდა ვყოფილიყავი, რომ დაითანხმეს და ჩემი შვილის კლასს ასწავლიდა. სახელი, გვარი და ფეისბუქ-პროფილი. ვის ვერ გაშიფრავ? გარდა იმისა, რომ ეს პატივცემული, პედაგოგს რომ არ შეეფერება ისეთი ლექსიკით წერდა, "საოცარი" ფოტოების გაზიარებითაც იყო დაინტერესებული.
მერე თვეების განმავლობაში მიღებული ინფორმაცია შევაჯერე, ავწონ-დავწონე, რა მიღირდა, რა არ მიღირდა, რა მომწონდა, რა იყო მიუღებელი და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღე. შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება. სულაც არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ერთი რამ ცხადია, რომ კვალიფიციური მასწავლებლისა და ყურადღებიანი მშობლის პირობებში, ხარისხიანი განათლების მიღება ყველგან შესაძლებელია. წარმატებებს, საუკეთესო არჩევანსა და დიდ ნებისყოფას გისურვებთ!
ნატალია დადიანი, Ambebi.ge