ყველამ იცის, რომ ადამიანი ჟანგბადის გარეშე ვერ ძლებს - საკმარისია, რამდენიმე წუთით გავაჩეროთ უჰაერო სივრცეში და იღუპება. თუმცა, არანაკლებ საშიშია მოწამლული ჰაერი, რომელიც ათასგვარ დაავადებას იწვევს. სპეციალისტთა აზრით, საქართველოს მოზრდილ ქალაქებში ატმოსფეროს დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამაში ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც დაგარწმუნებთ:
გია გაჩეჩილაძე - "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი:
- საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მხრივ მართლაც მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი - თბილისში, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ავტომანქანა მოძრაობს. პირველ რიგში რა უქმნის საშიშროებას ჩვენს ჯანმრთელობას? - უხარისხო ბენზინი და მავნე გამონაბოლქვი. საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინის შემოტანა კანონით არის აკრძალული, ასეთ ბენზინს აზერბაიჯანიც აღარ აწარმოებს, რადგან იქაც აკრძალულია, მაგრამ როდესაც სპეციალისტები ჰაერს ამოწმებენ, იქ ტყვიას მაინც ნახულობენ. საიდან ჩნდება ჩვენთან ასეთი ბენზინი? - ეს გამოსაკვლევია, რადგან ტყვია არის უმძიმესი ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საშინლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით, ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. არსებობს 200-მდე დასახელების გამონაბოლქვი, რომელიც მომწამვლელი და ტოქსიკურია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში შემოყვანისას მანქანებიდან იღებენ კატალიზატორებს, ნაწილებად შლიან და აბარებენ, არადა, კატალიზატორს მავნე ნივთიერებების რაოდენობა მინიმუმამდე დაჰყავს.
რაც შეეხება სამრეწველო დაბინძურებას, აქ უპირველესად ზესტაფონის რაიონი უნდა ვახსენო, რომელსაც იქ მოქმედი ფეროშენადნობთა ქარხანა აბინძურებს. კარგა ხანია, მიმდინარეობს ომი იმის გამო, რომ როგორმე შეჩერდეს ამ ქალაქის დაბინძურება. ამ საკითხს იხილავს პარლამენტი - მისი კომიტეტები, დეპუტატები, მაგრამ დღემდე ვერაფრით ხერხდება ამ პროცესის შეჩერება. გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს საწარმო 2 მილიონ 700 ათასი ლარით დააჯარიმა, საქმე პროკურატურაშიცაა გადაცემული, მაგრამ საწარმო მაინც მუშაობს. რატომღაც, პროკურატურა ამ პროცესს წელავს, ნახევარი პარლამენტი კი, დაბნეულია და არ იცის, რა გააკეთოს: ჩვენ არ ვიცით, რაშია საქმე. ამ დროს ზესტაფონის რაიონში გავრცელებულია დაავადებები, რომლებსაც ატმოსფეროს სილიკომანგანუმით დაბინძურება იწვევს, იქ კატასტროფული მდგომარეობაა. არ ვაჭარბებ, ამას რომ ვამბობ: ნორმალურ სახელმწიფოში ეს ადგილი კარგა ხანია ეკოლოგიური კატასტროფის ზონად იქნებოდა გამოცხადებული. წლების მანძილზე ცუდი მდგომარეობა იყო კასპში, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ შევიდა გერმანული ფირმა "ჰაიდელბერგცემენტი", ფილტრები დააყენეს და კასპში ახლა უკეთესი მდგომარეობაა.
აქვე უნდა ვახსენო რუსთავი, სადაც მცირე ზომის ქარხნები და მეტალურგიულ ქარხანასთან მიბმული საწარმოები ჰაერს აბინძურებენ, თუმცა, იმდროინდელთან შედარებით, როცა მეტალურგიული ქარხანა მუშაობდა, ახლა ამ ქალაქში უკეთესი მდგომარეობაა. უკიდურესად რთული სიტუაცია გვაქვს ბოლნისში, სადაც ოქროს გადამმუშავებელი წარმოებიდან მიაქვთ წიაღისეული. იქ არის მთები, სადაც სარწყავი სისტემაა მოწყობილი და ირგვლივ ტონობით ნატრიუმის ციანიდი იღვრება. ეს არის საწამლავი, რომელიც კალიუმის ციანიდზე უფრო მომწამვლელია. ნატრიუმის ციანიდი ორთქლდება, რეაქციაში შედის ჰაერში არსებულ ორთქლთან და წარმოშობს მჟავებს, რომლებიც მომწამვლელია. რაც შეეხება ბათუმს, ამ ქალაქში ზღვის პრობლემა გვაქვს: იქ ზღვაში ყოველდღე ჩაედინება დიდი რაოდენობით კანალიზაციის წყალი - არა მარტო ბათუმიდან, არამედ ქობულეთიდანაც. სწორედ ამიტომ დიარეების, კუჭის დაავადებების, მოწამვლისა და კანის დაავადებების პიკი ზაფხულობით სწორედ შავი ზღვის სანაპიროზეა ხოლმე. ასე რომ, დამშვიდების მიზეზი ნამდვილად არა გვაქვს.
ზურაბ ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე:
- საქართველო ძალიან დაბინძურებულია მავნე აირებით. მათი კონცენტრაცია ხშირად, დასაშვებ ნორმას აღემატება. ჰაერის დაბინძურების მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში: აქ ორი ფაქტორი მოქმედებს - პირველი ის, რომ თბილისი ქვაბულში მდებარეობს, მთებითაა გარშემორტყმული და აქ განიავება ანუ კონდიცირება ძნელად მიმდინარეობს. ამის გამო მავნე გამონაბოლქვი გროვდება. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მიზეზი კი ის არის, რომ აქ დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი მეორადი ავტომობილები, რომელთა გამონაბოლქვიც ქალაქში გროვდება. თუ ადრე, კომუნისტების დროს, ჰაერის დაბინძურების 70% სამრეწველო გამონაბოლქვზე მოდიოდა, ახლა 70 პროცენტი სწორედ ავტომანქანებზე მოდის. მესამე და არანაკლებ მტკივნეული ფაქტორია ის, რომ ბოლო ხანებში ძალიან შემცირდა მწვანე ნარგავების რაოდენობა, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას. ამ და სხვა ფაქტორების გამო ჰაერის დაბინძურების დონე ძალზე მაღალია. აზოტის, ნახშირჟანგის, ოზონის, ტყვიის შემცველობის მომატება ჰაერში იწვევს უამრავ დაავადებას, როგორიცაა მაგალითად, ფილტვის დაავადებები - დაწყებული სხვადასხვაგვარი სიმსივნით, დამთავრებული ბრონქიტებითა და სასუნთქი გზების ანთებითი პროცესებით. მავნე ნივთიერებები ძალიან ზრდის ალერგიული დაავადებების რისკს, ეს ყველაფერი კი, განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის იმიტომ, რომ ბავშვის იმუნური სისტემა ნაკლებადაა დაცული. ამიტომაც გახშირდა ონკოლოგიური, სისხლისა და სისხლძარღვთა ორგანოების დაავადებები.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს: ქუთაისში ხშირია ნალექი და ქარი, რომელიც ატმოსფეროს ასე თუ ისე ანიავებს და წმენდს, მაგრამ ქუთაისში სხვა სახის დაბინძურებას ვხვდებით: იქვეა ზესტაფონი, სადაც მუშაობს ქარხანა, რომლის გამოც ამ მხარეში ძალიან მაღალია მავნე ნივთიერებების რაოდენობა. ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია, დაინახავდა, როგორი კვამლი ამოდის ქარხნიდან. ადვილი მისახვედრია, რა უარყოფითად მოქმედებს ეს გამონაბოლქვი ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურების პროპორციულად იმატებს ონკოლოგიური ავადმყოფების რაოდენობაც. თბილისი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. საგანგაშო მდგომარეობაა და თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს. სწორედ ამიტომ, ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია. შეიძლება ეს ძვირი დაგვიჯდეს, მაგრამ მაინც ღირს - ღირს თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა შვილებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ და არ დაავადდნენ. ამავდროულად, უნდა დავიწყოთ ჩვენი ქალაქების გამწვანებაც. მართალია, დავით ნარმანიას წინადადებას, თბილისში მილიონი ხე უნდა დავრგოთო, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ყველამ თითო ხე რომ დარგოს და გაახაროს, მწვანე საფრის დონე როგორ გაიზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასე გავაგრძელებთ, არც მესამე მსოფლიო ომი დაგვჭირდება და არც სხვა რამ - დაავადებებისაგან დავიხოცებით. გამწვანება მთელ საქართველოში პრობლემაა. ბოლო წლებში გასათბობად ხალხი ხეებს ჩეხდა და ჩვენი ეკოსისტემა ერთიანად განადგურდა. თბილისი, ზესტაფონი, ქუთაისი, რუსთავი - ეს ის ქალაქებია, რომლებიც განსაკუთღებით დაბინძურებულია. ატმოსფეროს დაბინძურებამ კი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება რამდენიმე ათეული წლით შეამციროს.
მარინე არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი:
- სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს და ვამოწმებთ ჰაერის ხარისხს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონსა და რუსთავში. ამ ქალაქებში გვხვდება სხვადასხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტები, როგორიცაა მტვერი, ნახშირჟანგი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ოზონი, ტყვია. ზესტაფონში კი გვხვდება სპეციფიკური დამაბინძურებელი - მანგანუმის დიოქსიდი. თბილისში განთავსებულია სამი დაკვირვების წერტილი, რომელიც წერეთლის გაზირზე, მოსკოვის გამზირზე, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე მდებარეობს. ერთი ფონური სადგური კი ვაშლიჯვარშიც გვაქვს. ეს არის ავტომატური სადგური, რომელიც 2012 წელს გადმოგვეცა ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იქ 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ ჰაერის მონიტორინგს. ჰაერში აღინიშნება ნახშირორჟანგის რაოდენობის მომატება, თუმცა, საგანგაშო მონაცემები არსად გვხვდება. თითოეულ ქალაქში განსხვავებული მდგომარეობაა, იმის მიხედვით, თუ რა სახის დაბინძურებაა იქ აღნიშნული. მაგალითად, ზესტაფონში ჰაერი მანგანუმის დიოქსიდით არის დაბინძურებული, მაგრამ მთლად კატასტროფული მდგომარეობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, გამწვანება და სხვა სახის ღონისძიებების გატარება აუცილებელია, რომ ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მხოლოდ ერთი უწყება ვერაფერს მოახერხებს, თუ მოსახლეობაც არ ჩაერთო და არ დაინტერესდა იმით, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს. ეს საკმაოდ რთული და ეტაპობრივად გასანხორციელებელი პროცესია.
ხათუნა ჩიგოგიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)