რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

რა ღირს ბინის ქირაობა ბათუმში? - ყველაფერი ცხელი სეზონის "ცხელი ფასების" შესახებ

ზღვის სეზონის მოსვლასთან ერთად ბათუმელებმა კერძო ბინებისა და სახლების გაქირავება დაიწყეს. ტურისტულ ქალაქში მცხოვრებთათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესია, რადგან ისინი თითქმის დანახარჯის გარეშე იღებენ საკმაოდ მაღალ შემოსავალს. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ღირს ბინის დაქირავება ბათუმში და დაახლოებით რამდენი ბინა ქირავდება ზღვისპირა ქალაქში. ბინების ფასი 50 ლარიდან იწყება და 100$-მდე მერყეობს. გასაქირავებელი ბინების რაოდენობა კი სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ საიტზე რამდენიმე ათასს აღწევს. Ambebi.ge ბინების გაქირავების ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს გაესაუბრა.

ნოდარ და თამარ გობაძეებმა ინასარიძის ქუჩაზე ბინა 5 თვის წინ იყიდეს, გაარემონტეს, ფოტოები გადაუღეს და რამდენიმე ვებ-გვერდზე განათავსეს. თამარ გობაძე აცხადებს, რომ ის ახალბედაა ამ ბიზნესში და სამოთახიანი ბინის ყოველდღიურად გაქირავებას ვერ ახერხებს:

"დიდი გამოცდილება არ გვაქვს, წელს წამოვიწყეთ ეს საქმიანობა. ივნისში 10 დღით 500$-ად გავაქირავე. ივლისშიც პასიური აღმოვჩნდით ან შესაძლოა, ფასი არ მოსწონთ. გუშინ ხუთი ტურისტი შემოვიდა ღამეში 70$-ად. ორივე შემთხვევაში ბინა ქართულ ვებ-გვერდზე ნახეს და დამირეკეს", - აღნიშნა თამარ გობაძემ.

ნინოშვილის ქუჩაზე ზღვიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრები 40 წლის ლია ბერიძე Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბინას 8 წელია აქირავებს და ზაფხულის სეზონზე მიღებული შემოსავალი მისი და მისი შვილისთვის მნიშვნელოვანია. ლია ბერიძე ამბობს, რომ მას "საკუთარი ტურისტები" ჰყავს და სანამ ზაფხული მოვა, მანამდე ურეკავენ, თუ რომელი თვის, რომელ რიცხვებში აპირებენ მასთან ვიზიტს:

"ჩემი ტურისტებიც მეხმარებიან ბინის გაქირავებაში, მათ მეგობრებს და ახლობლებს ეუბნებიან ჩემი ბინის შესახებ და ასე შეიქმნა დიდი ქსელი. ჩემი ბინა თუ დაკავებულია, ნათესავებს ვეხმარები გაქირავებაში. სამოთახიანი ბინა მაქვს საშუალო რემონტით, კომუნისტების დროს აშენებულ კორპუსში. თუ მე და ჩემი შვილიც ვრჩებით, ღამეს 60 ლარად ვაქირავებ, ხოლო თუ მთლიანი ბინის აღება უნდათ - 100 ლარად", - აღნიშნა ლია ბერიძემ.

27 წლის ნინო მეთორმეტე სართულზე ზღვის ხედით, ზღვიდან 100 მეტრში მდებარე ოთახნახევრიან ბინას 45$-ად აქირავებს. მან ინტერნეტში უცხოურ საიტებზე განათავსა ბინის სურათები შესაბამისი აღწერით. ვიზიტორი ბინას წინასწარ ინტერნეტით ჯავშნის, ბინაში შესვლიდან მეორე დღეს კი ნინოს ანგარიშზე ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით ერიცხება თანხა:

"ტურისტებს ვხვდები მატარებლის სადგურზე ან ავტოსადგურზე და მომყავს ბინაში. თავისუფალ დროს, მათ ვთავაზობ ქალაქის შემოგარენში ტურების მოწყობას. ასევე, ვაწვდი ინფორმაციას ბათუმში მიმდინარე კულტურული ღონისძიებების შესახებ. ივნისში 35$-ად ვაქირავებდი და ერთ თვეზე 1050$ შემომივიდა. ივლისში კი ჩემი სტრატეგია არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა, ჯერ 70$ მივუთითე, თუმცა თვის დასაწყისში არ გაქირავდა და 45$-ზე ჩამოვედი. უკრაინელები, ბელორუსები, ირანელები, რუსები და თურქები იყვნენ ჯერჯერობით ჩემი ვიზიტორები, სექტემბრის ერთი კვირა კი გერმანელებს აქვთ დაჯავშნილი. საინტერესო და შემოსავლიანი ბიზნესია", - აღნიშნა ნინომ.

ბათუმში ბინების გაქირავების ბიზნესში მაკლერები და ტაქსის მძღოლები აქტიურად არიან ჩაბმული. ბინის მესაკუთრესთან ტურისტის დაკავშირების სანაცვლოდ, ისინი მოგების 10%-ს იღებენ.

26 წლის ლაშა გელაძემ ტურიზმის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შპს დააარსა, რომელიც ბათუმში დასვენების მსურველ უცხოელ და ქართველ ტურისტებს ბინით უზრუნველყოფს. ლაშა გელაძე ამბობს, რომ ორი წელია მუშაობს და უკვე 140 ბინას აქირავებს:

"საკმაოდ პრაქტიკული და საინტერესო საქმეა. გასულ წელს თუ ტურისტები აზიის ქვეყნებიდან ჭარბობდა, წელს უკვე საგრძნობია, რომ დამსვენებლები რუსეთსა და უკრაინიდან მრავლად მოდიან. ბინებს გადავუღე ფოტოები და 10 სხვადასხვა ვებ-გვერდზე განვათავსე. ერთი ღამის საფასური 50 ლარიდან იწყება და 100$-მდე ადის, გააჩნია სად მდებარეობს ბინა, როგორი კომფორტია და რა ფართობისაა", - აღნიშნა ლაშა გელაძემ.

68 წლის პროფესიით ინჟინერი ტაქსის მძღოლი კახა პენსიაზე გასვლის შემდეგ ასევე აქტიურად არის ჩართული ბინების გაქირავების ბიზნესში. დილით 06:55-ზე ის მახინჯაურში, მატარებლის ჩამოსვლას ელოდება. რუსულ და ქართულ ენებზე ტურისტების გასაგონად აცხადებს - "თუკი ჯერაც არ გიპოვნიათ ბინა, იმგზავრეთ კახას ტაქსით". კახა ტურისტებს ტაქსით მგზავრობის საფასურს ახდევინებს, ხოლო ბინის მეპატრონეს მოგების 10%-ს.

მაკლერებისა და ტაქსის მძღოლებისგან განსხვავებით, მოგების შემოსავალს კერძო ბინების მეპატრონეებს ვერ უბეგრავს სახელმწიფო. მოგების გადასახადის გადახდას ბინის მესაკუთრეებს კანონი ავალდებულებს, თუმცა რადგანაც ოფიციალურად არ ფიქსირდება ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, სახელმწიფო ამ გადასახადის მოკრების თვალსაზრისით ჯერჯერობით უძლურია.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

Ambebi.ge

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: What are the “hot prices” of hot season in Batumi

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია