გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილის არხზე "ჯი დი ეს-"ზე ოქტომბრიდან პოლიტიკურ თოქ-შოუს ბიძინა ივანიშვილი წაიყვანს. გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ივანიშვილი ეკა ბერიძესთან ერთად გადაცემის თანამწამყვანი იქნება და არ არის გამორიცხული, მოგვიანებით თოქ-შოუმ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაინაცვლოს.
გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტიკაში მოსვლის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ჯი დი ეს"-ს სპეციალიზებული ლიცენზია აქვს, რაც გასართობი გადაცემების ეთერში გაშვების უფლებას გულისხმობს, ლიცენზიის მოდიფიცირებაზე არხს მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუს პროდუსერი ნინო შუბლაძე იქნება, რომელმაც "რუსთავი 2" რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად დატოვა. Ambebi.ge შეეცადა ინფორმაცია თავად ნინო შუბლაძესთან გადაემოწმებინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ "ჯი დი ეს"-ის მთავარ პროდუსერს, თემურ გოგოლაძეს დავუკავშირდით.
- ბატონო თემურ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის შოუს პროდუსერი ნინო შუბლაძე იქნება, არის თუ არა მართალი ეს ინფორმაცია?
- ჯერჯერობით ამ გადაცემასთან დაკავშირებით არხზე მიმდინარეობს მუშაობა. გადაცემის სტრუქტურა მუშავდება. სამი თვე გვაქვს წინ და ამ დროში ბევრი რამ იცვლება.
- თუ გქონდათ შეთავაზება ნინოსთან?
- ყველა ადამიანის კანდიდატურა განიხილება ვინც პროფესიონალია, მათ შორის ნინო შუბლაძეც.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge