საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა ისტორიული კონტრაქტი დაიდოს - რას მოგვიტანს Javelin-ი?

საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა ისტორიული კონტრაქტი დაიდოს - რას მოგვიტანს Javelin-ი?

"საქართველო ისტორიული კონტრაქტის ზღვარზე" - ასე აფასებენ ქართული მედია და ექსპერტები აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო მიყიდვას.

აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ, მოსალოდნელი კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა. ოფიციალური ვიზიტის დროს, ის აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანს ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერს, თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი, - ეს ნიშნავს, რომ საქართველო ამერიკისთვის უფრო და უფრო საიმედო პარტნიორი ხდება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღრმავდება და რაც მთავარია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, მისი შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, კონგრესს Javelin-ის სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობეს. კონგრესის თანხმობის შემთხვევაში, ქართული ჯარი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვება, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამერიკული სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის მთლიანი ღირებულება, 75 მილიონი დოლარია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი კონტრაქტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა Javelin-ის 410 მართვად რაკეტას, 72 გამშვებ დანადგარს, 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობასა და 70 სიმულაციურ ჭურვს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტით გათვალისწინებული Javelin-ებისა და რაკეტების რაოდენობა ამ ეტაპისთვის სავსებით საკმარისია. ახლა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობამ სამხედრო პერსონალი, სარაკეტო კომპლექსის მართვისთვის სასწრაფოდ უნდა მოამზადოს. ასევე აუცილებელია, კომპლექსის ადგილობრივ სისტემაში ადაპტირება, რადგან ქართულ არმიას თავის არსენალში, ასეთი მაღალი კლასის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი არასდროს ჰქონია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, FGM-148 აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოჩნდა, ის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომლის გამოყენებაც ასევე ჯავშანტექნიკის, ბუნკერების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგაც შეიძლება. ულტრათანამედროვე კომპლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერთობლივი კომპანია აწარმოებს.

Javelin-ის რაკეტა აღჭურვილია, თვითდამიზნების რთული ინფრაწითელი ქობინით, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 2.5 კილომეტრია. თუმცა, 2017 წლის სატესტო მოდელებმა ეს მანძილი 4.5 კილომეტრამდე გაზარდეს...

აეროდინამიკური სქემის საშაულებით, Javelin-ის რაკეტას შეუძლია მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანოს, როგორც პირდაპირ, ისე ბალისტიკური ტრაექტორიით, ზემოდან, რაც თითქმის ნებისმიერი და რაც მთავარია, ძვირადღირებული სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა.

საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად, - FGM-148 Javelin-ის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მებრძოლებმა 2017 წლის აგვისტოში, ვაზიანში, "ღირსეული პარტნიორის" სწავლების დროს გამოიყენეს.

მართალია, ცნობა, სამხედრო ტექნიკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ ტექნიკის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა, ამ ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე მოჰყვა დადებითი შეფასებები;

სამხედრო სპეცილიასტების თქმით, რუსეთი თანამედროვე შეიარაღებით დიდად არ გამოირჩევა, "ჯაველინი" იმდენად თანამედროვე იარაღია, რომ ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანასაც არ აქვს ასეთი შეიარაღება. რაც შეეხება ნატოს არაწევრ ქვეყნებს, ეს იარაღი მხოლოდ რამდენიმეს აქვს... კონკრეტულად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, Javelin-ები შეიარაღებაში მხოლოდ ლიტვასა და ესტონეთს აქვს. ასე რომ, ეს არის ერთგვარი პრევენცია იმისა, რომ თუ ვინმეს გაუჩნდება საქართველოში შემოჭრის ან სამხედრო მოქმედებების განხორციელების სურვილი, უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ეს მას და რა შედეგს მიიღებს ამ შემთხვევაში.

სამხედრო ექსპერტების თქმით, საქართველო ჟაველინ-ის სისტემის მიღებას, ბოლო 10 წელია ცდილობდა, თუმცა, ობამას პრეზიდენტობის პირობებში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის მიღწევა ვერ შეძლო. მისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს უფრო ხისტი პოლიტიკა აქვთ და ის შესაძლოა, საქართველოს გარდა, უკრაინამაც მიიღოს. საბოლოო სიტყვა კონგრესს ეკუთვნის. ექსპერტების ვარაუდით, კონტრაქტის ბედი დიდი ალბათობით დადებითად გადაწყდება...

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები რუსულ პოლიტიკურ წრეებში. მათი განცხადებით, ამერიკა თავისი "სატელიტი ქვეყნების" საქართველოსა და უკრაინის მიმართ წამახალისებელ პოლიტიკას აწარმოებს და სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე