რუსეთი აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვაზე საუბრობს - რას ფიქრობენ ადგილობრივები

რუსეთი აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვაზე საუბრობს - რას ფიქრობენ ადგილობრივები

აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაწყებულია, თუმცა, ჯერ ცივი ამინდების, შემდეგ კი ჯოპუებთან დაკავშირებული ამაზრზენი და ტრაგიკული ფაქტის გამო ზაფხულის სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა, რამაც რეგიონში არსებული უმძიმესი სოციალური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია.

ამ ფონზე სოხუმში ვიზიტით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და აფხაზეთში უძრავი ქონების ჩაკეტილი ბაზრის გახსნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ყოველგვარი კომპლიმენტებისა და შელამაზების გარეშე, ჩვენ ვხედავთ ყველა ინფორმაციას. ვხედავთ გამჭვირვალედ, თუ როგორ გამოიყენება რუსული ფული და პრეტენზიები არ გაგვაჩნია", - განაცხადა პუტინის თანაშემწემ სოხუმში ყოფნისას.

მისივე თქმით, აფხაზეთში ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს, "გარკვეული შეზღუდვები ნაბიჯ-ნაბიჯ იხსნება". მან აქცენტი გააკეთა ისეთი სახის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, როგორიც არის, - გაზი, ელექტროობა და "სხვა ობიექტური მიზეზები, რომელთა გამო საინვესტიციო ბუმზე გათვლა არ ხდება. ეს უნდა მოგვარდეს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება" - განაცხადა სურკოვმა, რომლის თქმითაც, რუსეთი იმედოვნებს, რომ საინვესტიციო სააგენტოს გამოცდილება ეფექტიანი იქნება და შესაბამის გარემოს შექმნის.

წაიკითხეთ: "აფხაზური ჭაობი" - ტურისტულ სეზონზე კრიმინალი აფხაზეთში პიკს აღწევს

ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაფინანსება შეუმცირდეს. ცნობილია, რომ ოკუპირებული რეგიონები ყოველთვის შეპირებულზე ნაკლებ დახმარებას იღებენ, რასაც ხშირ შემთხვევაში აფხაზებისა და ოსების გულისწყრომა მოჰყვება... ცხინვალის მიმართ რუსეთის მიერ ბოლო ხანს გაკეთებული განცხადება კი, რა თქმა უნდა, ირიბად ნიშნავს, რომ იგივე ბედი ელის აფხაზეთსაც...

ამ დროს კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზების ე.წ ლიდერს, რაულ ხაჯიმბას აფხაზეთში უძრავი ქონების ბაზრის გახსნაზე ესაუბრება; სურკოვის თქმით, - "არსებული შეზღუდვები და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა აფხაზეთში საინვესტიციო ბუმს ვერ შექმნის".

უკვე რამდენი წელია, რუსეთი აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ბაზარზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბრობს. აქამდეც არაერთხელ წამოსწია ეს თემა, თუმცა აფხაზებს, ჯერჯერობით ჰყოფნით გონიერება, რომ ამ წინადადებას არ დასთანხდნენ და მართლაც, თავიანთ პოზიციას კბილებით იცავენ...

ამჯერად, სურკოვმა კიდევ ერთხელ მოსინჯა ნიადაგი და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ამის შესახებ ესაუბრა. "რუსი ინვესტორების გარდა, ჩვენთან უცხოელი ინვესტორებიც მოდიან. საჭიროა, ყველასთვის შევქმნათ გარკვეული პირობები - ჩვენი მეგობრებისთვის რუსეთიდან და მათთვისაც, ვინც დამატებით პირობებს ქმნის ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის", - განაცხადა სურკოვმა.

ამ საკითხის გატანას რუსეთი ადრეც არაერთხელ შეეცადა. მაშინ ამ იდეას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბოლო დროს სკანდალში გახვეული "დეპუტატი", პოლიტიკურ პარტია "აინარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ალმას ჯოპუა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სერგეი შამბას დაეთანხმა და განაცხადა, რომ "ამ კანონპროექტის მიღება აფხაზეთისთვის კატასტროფა იქნებოდა". ასეთი მკვეთრი და აგრესიული განწყობის გამო, სოხუმის ცენტრში მისი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანაც ააფეთქეს, თუმცა, თავად ჯოპუა არ დაშავებულა...

უფრო ადრე, აფხაზეთში ამ "კანონპროექტის" დამტკიცების თაობაზე რუსი დეპუტატებიც აქტიურობდნენ, - განსაკუთრებით გამოირჩეოდა, აფხაზების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, "ედინაია როსიას" დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი, რომელიც ახალ ათონში აგარაკის დაკანონებას ითხოვდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ამის უფლება არ მისცეს. თავის დროზე სწორედ ამ საკითხს შეეწირა დე ფაქტო ექსპრეზიდენტი სერგეი ბაღაფში - მან რუსეთს შავი ზღვის პორტი არ მიჰყიდა.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მისაღებია უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვა, რადგან ამ თანხით საკუთარი სახლების კეთილმოწყობას შეძლებენ და ამით ტურისტების მუდმივი პრეტენზიებიც დასრულდება.

ცნობისთვის, მიწის გაყიდვის შესახებ დაპირისპირება ხაჯიმბას კლანსა და მეომრებს შორის წლებია მიმდინარეობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე