აფხაზეთის რეგიონი ზღვის სეზონს, გამორჩეულად მძიმე რეალობით ხვდება - არასრულწლოვნების გაუპატიურებასა და მკვლელობის გარშემო დაწყებული საზოგადოებრივი მღელვარება თანდათან მატულობს. ადგილობრივები გამოძიებას არ ენდობიან და ხელისუფლებას დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებენ... თუმცა, მხოლოდ ეს არ არის დაძაბულობის მიზეზი, მით უფრო, რომ ადგილობრივების თქმით, - გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში, არც ისე იშვიათია...
სიტუაციას ართულებს ის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, ასტამურ ჯოპუა, აფხაზეთში გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია, მისი ძმა ალმასი - პარლამენტის დეპუტატია, პარტია "აინარის" ლიდერი; მისი მამიდა დალი ჯოპუა სახელმწიფო ტელერადიოკომპანიას ხელმძღვანელობს. მამიდის მეუღლე - "შინაგან საქმეთა მინისტრი" ასლან კობახიაა, რომელიც ამ ამბის დროს, შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, შვებულება არ არ გაწყვიტა... ამ და სხვა მიზეზებმა, აფხაზეთის საზოგადოება აიძულა კრიმინალის დაუსჯელობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოსულიყო. ადგილობრივი ხელმძღვანელობის უმოქმედობის გამო, ვითარება ყოველდღიურად იძაბება, მით უფრო, რომ ჯოპუას კლანის მხარდამჭერთა თქმით, "გამოძიება მის უდაშაულობას დაამტკიცებს"...
ოკუპირებულ აფხაზეთში ეს არასრულწლოვანის გაუპატიურების პირველი შემთხვევა არ არის, - რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში კიდევ ერთი გახმაურებული გაუპატიურების ფაქტმა წამოიწია წინ, - საქმე ეხება 2013 წლის დეკემბერში, სოხუმთან ახლოს, სოფელ გუმისთაში 9 წლის ვერჟინე სურმენელიანის გვამი აღმოაჩინეს.
გოგონა სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა. აფხაზურმა "პროკურატურამ" ეს გახსნილად საქმე 2015 წელს გამოაცხადა. ჯერ სოხუმელი, ეთნიკური რუსი მიხეილ ბურიაკი დაიჭირეს, რომელიც სოხუმში კრასნოდარიდან ჩამოვიდა და 2010 წელს, ეტლით მოსარგებლე ქალის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. შემდეგ კი, მომხდარში მოკლულის მამინაცვალი ამბარცუმ კეშიშიანი დაადანაშაულეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება, ხოლო ბურიაკს, თავისუფლების 15 წლით აღკვეთა...
ამ რეზონანსული საქმის განხილვა "სოხუმის სასამართლოში" ხმაურის ფონზე გრძელდება. მით უფრო, რომ ერთ-ერთ სხდომაზე მოკლული გოგონას დედამ ჟანა სურმენელიანმა, რომელიც გამოძიებას არ ენდობა, "პროკურორს" ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამი დღე დაპატიმრებული იყო.
ანკლავსა და მის გარშემო არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, აფხაზმა ბერდიაკონმა დავით სარსანიამ უხუცესთა საბჭოს, "ხელისუფლებასა" და სასულიერო პირებს მოუწოდა, სოხუმში შეიკრიბონ და "სისხლისღვრამდე მისული დაპირისიპირება" როგორმე შეაჩერონ.
არაერთი მოწოდების, შეგონებისა და პათეტიკური რჩევების მიუხედავად, რომ ახლა, როგორც არასდროს ყველა უნდა გაფრთხილდეს, რათა ადგილობრივების ერთადერთი შემოსავალი, ზღვის სეზონი არ ჩააგდონ, - აფხაზეთში ვითარება სტაბილურობისკენ ვერ მიდის, - რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ცენტრში სასიკვდილოდ დაჭრეს ადგილობრივი ქალი ლუიზა ბობია, რომელიც ამ ამ დრომდე სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. გაგრაში მანქანაში, გაურკვეველი მიზეზით ჩაცხრილეს ადგილობრივი გენადი სულაბერიძე...
20 ივნისს, ე.წ. სამამულო ომის ვეტერანთა ფონდში, ნასვამ მდგომაროებაში მყოფმა "ვეტერანმა", როლანდ ჯოპუამ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ომის მონაწილე ბადრი აგრბა, რომლის გადასარჩენად, ადგილობრივ ექიმებს მისთვის ფეხის მოკვეთა მოუხდათ...
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ასევე გაგრაში, რუსი ტურისტები პირწმინდად გაძარცვეს. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, არც ძარცვა და ყაჩაღობაა აფხაზეთის ყოველდღიური ცხოვრებისთვის "უცხო ხილი"...
აფხაზური ჭაობი განსაკუთრებით მძიმედ აისახება ადგილობრივ ახალგაზრდებზე, ე.წ. სოხუმის რესპუბლიკური ნარკოდისპანსერის მთავარი ნარკოლოგის ირმა ანუას თქმით, "ქვეყანაში" ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად საგანგაშოდ მატულობს. მისი თქმით, 2016 წლის მონაცემებით, - აღრიცხვაზე მყოფი ნარკომომხმარებლები ოფიციალურად 2 240-ია, მათ შორის არის 949 ნარკოდამოკიდებული ადამიანი, დანარჩენი კი, ალკოდამოკიდებულია".
"ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ... ყოველდღიურად გვაქვს განცდა, რომ დაუცველების ვართ და ვიღაცების კლანს შეუძლია, რაც მოეპრიანება ის გააკეთოს. ჩვენ კი, ამ გავლენიანი ადამიანების წინაშე, უსუსურები ვართ... რადგან კანონი, არ არსებობს... ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჯოპუამდე არც სხვა გავლენიანებიც ძალადობდნენ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ შპრიცებით სავსეა სკოლები და აუდოტორიები, ყოველდღე ხდება მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა.. სიბნელისკენ მივდივართ... არ მჯერა პრეზიდენტის, რომელმაც საცოდავი ჯღამაზიების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, რადგან ვიცით, რომ სრულიად უსაფუძვლოდ დააბრალეს სურმენელიანის მამინაცვალს გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა. ხალხმა ნახა, როგორ მიყვებოდა ვიღაც მაღალი ქერა კაცი გოგონას იმ დღეს და მაინც არავინ ამბობს სიმართლეს..." - წერს ერთ-ერთ აფხაზი, რომლის თქმითაც უკვე აღარ იცის რამ შეიძლება გამოაღვიძოს აფხაზური საზოგადოება.
ადგილობრივთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საუკეთესო გამოსავალი, მამა-პაპური "ღირსების სასამართლო" და "სისხლის აღებაა", რადგან "კანონი", როგორც ასეთი არ არსებობს.
"სამართალდამცავი სისტემა აუცილებლად მთლიანად უნდა გარდაიქმნას. ამ სისტემამ სრული შეუმდგარობა გამოავლინა", - ამბობს აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი არდა ინალ-იპა.
"ხშირად არაობიექტური გამოძიება ტარდება, მოწმეების ჩვენებების გაყალბებითა და განადგურებით. არის შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ნათესავებს პასუხისმგებლობას არიდებენ. მიმაჩნია, რომ კომისია უნდა შედგეს კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებსაც უფლება ექნებათ მასალებს გაეცნონ, და პარლამენტს კითხვები დაუსვან" - ამბობს ის, რომლის თქმითაც ტრადიცული შურისძიების დაბრუნება, კატეგორიულად მიუღებელია.
"საზოგადოება ლინჩის წესით გასამართლებას იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც ხელისუფლება არ მუშაობს. როდესაც დანაშაულზე ადეკვატური რეაგირება არ ხდება, მაშინ საზოგადოება სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას კარგავს... ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის უარყოფა, ფორმალური, ზედაპირული რეაგირება, საბოლოოდ კი დაუსჯელობა, ფაქტობრივად, იმ ქალების მომავალი მკვლელობების წახალისებაა. ქალები შეიძლება ვიღაც უცნობის მიერ გამოგზავნილი "ესემეს" შეტყობინების საფუძველზე დაადანაშაულონ უღირს საქციელში.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დასჯილი ქალების არცთუ მცირე სია დაგვიგროვდა. ერთ მაგალითს მოვყვები, - ერთ-ერთი აფხაზური სოფელში, ორი რძალი ერთმანეთთან კონფლიქტში იყო. ერთ-ერთმა თავის ნათესავებს მეორე რძლის ტელეფონში ერთგვარი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნა შეუკვეთა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ "უღირსი" ქალი ჩამოეხრჩოთ. ეს ამ ქალის მამამ და ძმამ ჩაიდინეს, "ოჯახისთვის სირცხვილის ჩამოსაშორებლად". მოკლული ქალის მცირეწლოვანი შვილი კი, დედის მკვლელების გარემოცვაში დარჩა. ნათესავებმა ეს დანაშაული თვითმკვლელობად წარმოაჩინეს. სამართალდამცავი ორგანოები ამ ვერსიით დაკმაყოფილდნენ და საქმე დახურეს..." - ამბობს აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი.
არდა ინალ-იფას თქმით, ბოლო დროს მოძრაობა "ქვემოდან" დაიწყო და სახელმწიფოს წარმომადგენლები კი არა, უბრალო ქალები გამოდიან კანონიერების, სამართლისა და უფლებების დასაცავად... როდესაც "სახელმწიფო ინსტიტუტები" სუსტია, ხოლო "სამართალდამცავი ორგანოები" რეაგირებას არ ახდენენ საზოგადოების მოთხოვნებზე - "პრობლემის მოგვარებაში" კრიმინალური ინსტიტუტები" და "ძველბიჭური" გაგება ერთვება.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE