კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოაგდეს. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" წყარო იტყობინება, არსებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა, რომელთა ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბელორუსი მფრინავები კონგოს სავაადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ეს პირველი შემთხვევა არ რის, როდესაც ქართველი მფრინავები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებას შეეწირნენ... 2011 წლის 4 აპრილს, კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის იყვნენ, ხომალდის მეთაური ალექსი ოგანესიანი, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი, ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე და ლაინერის მეორე მფრინავი სულიკო ცუცქირიძე. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში, რომელიც გაეროს მისიას ასრულებდა, 33 ადამიანი იმყოფებოდა. ცოცხალი მხოლოდ - კონგოელი ჟურნალისტი - გადარჩა...
ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანი - სამხედრო მფრინავი, მაიორი ვეფხვია მსხვილიძე ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ისინი საქართველოს არ ჭირდებოდნენ, ამიტომაც კონგოს მიაშურეს...
სამხედრო მფრინავის, ვეფხია მსხვილიძის თქმით, მას მუდმივი ურთიერთობა აქვს იქ დარჩენილ ქართველებთან. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია... (მისი გარკვევისთანავე, ჩვენს მკითხველს უახლოეს ინფორმაციას მივაწვდით)
"ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დაკარგვაზეა საუბარი. დანარჩენებთან დაკავშირებას ვცდილობ... კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჰაერო და სახმელეთო ძალები ჰყავს. სახმელეთო ძალებში "კომანდოს" სპეცდანიშნულების რაზმი, სამხედრო პოლიციაა გაერთიანებული. საჰაერო ძალებს საბჭოური სამხედრო ტექნიკა აქვს. მუშა მდგომარეობაშია ми-24-ის ტიპის საფრენი აპარატები, რომლებიც კარგად იტანს ყველანაირ ტემპერატურას, მათ შორის, სიცხეს. ასევე ჰყავთ უკვე მოძველებული су-25-ები, რომელთაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებენ, რადგან საბრძოლო დანიშნულებით მათი გამოყენება შეუძლებელია. როგორც კი су-25 გადაიფრენს, კონფლიქტის კერიდან პატარ-პატარა დაჯგუფებები მაშინვე იფანტებიან...
"კონგოში მუდმივად არის პატარ-პატარა კონფლიქტები, რადგან მეზობელი უგანდის ჯუჯა სახელმწიფო იარაღით ეხმარება პარტიზანებს, რომელთაც კონგოს სახელმწიფოს მიწების დაპატრონება სურთ... ჩრდილოეთ კონგოში ქალების მასობრივი განადგურების უამრავი შემთხვევა იყო - უგანდიდან გადმოსული ბანდფორმირებები იტაცებდნენ ქალებს, შახტებში ამუშავებდნენ და შემდეგ ხოცავდნენ. ისინი მუსლიმები არიან და შედიოდნენ ქრისტიანულ სალოცავებში, ქალები გამოჰყავდათ და თავებს ჰკვეთდნენ. თვე-ნახევარში 600-ზე მეტი ქალი დახოცეს. ესენი არიან უგანდის ოპოზიციონერები და ხელისუფლების შეცვლას ამ ფორმით ითხოვენ.
იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - ამბობს ვეფხია მსხვილიძე.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE