"უკრაინა რუსეთს არ გადასცემს საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ იგი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა", - ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტგამოცემა "112.ua" წერს...
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი პროკურატურა აზუსტებს ინფორმაციას, მონაწილეობდა თუ არა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მოხალისის სტატუსით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, უკრაინა მას რუსეთს არ გადასცემს...
უკვე რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოების მღელვარების საგანი გახდა უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის საქმე, რომელსაც სოლომეისკის რაიონის სასამართლომ, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის საერთაშორისო ძებნაში იყო და კიევის ჟულიანის აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს.
გია ცერცვაძეზე რუსეთის ფედერაციამ ძებნა გამოაცხადა განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის (რაც რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 2003 წელს სოჭის ტერიტორიაზე განხორციელდა). სასამართლო პროცესზე, დაკავებულის ადვოკატმა ზეპირი ფორმით განაცხადა, რომ მისი კლიენტი უკრაინის აღმოსავლეთში, უკრაინელი მოხალისეების მხარეს იბრძოდა, ხოლო რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შურისძიების ელემენტებს შეიცავს და პოლიტიკური ხასიათი აქვს.
ცნობისთვის, გიორგი ცერცვაძე სოხუმელია, ის 90-იან წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობდა, მოგვიანებით, პარტიზანულ ბრძოლებში ჩაერთო...
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, გიორგი ცერცვაძე, საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. იგი მონაწილეობას იღებდა "პრაქტიკულად ყველა ბრძოლაში", რომელსაც ქართული მხარე აწარმოებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომშიც. ამასთან, მას ჯილდო (მედალი) აქვს მიღებული სამხედრო მამაცობისთვის. დეპუტატ ოთარ კახიძის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძე 2014-2015 წლებში მოხალისეობრივად იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გიორგი ცერცვაძე ამჟამად არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა გასულ წლებში იგი ნამდვილად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში.
2016 წლის ბოლოს ცერცვაძე "საქართველოში იყო ჩამოსული ოჯახთან, სადაც საახალწლო არდადეგები გაატარა. ერთი კვირის წინ კი კიევში ბრუნდებოდა, სადაც დააკავეს".
საქმე ის არის, რომ 48 წლის გიორგი ცერცვაძეზე ძებნა, "ინტერპოლმა" 2016 წლის 23 დეკემბერს, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადა. ამ ინფორმაციას საქართველოს შსს-ც ადასტურებს, თუმცა გიორგი ცერცვაძე ინტერპოლის საიტის იმ ველზე, სადაც ძებნილი ადამიანების სიაა გამოქვეყნებული, არ იძებნება, რადგან ის ოთარ კახიძის ინფორმაციით, ე.წ "კონფიდენციალური ცირკულარით" იძებნებოდა და არა "საჯარო წითელი ცირკულარით". შესაბამისად, ინფორმაცია, რომ იგი იძებნებოდა, საჯარო არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.
შსს-ს განმარტებით, ჩვეულებრივ, სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება [საქართველოს] და მოითხოვოს საქმის განხილვა.
ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენა ამ შემთხვევაში, რუსეთს, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის.
თუმცა, როგორც შსს ირწმუნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა საერთოდ არ ხორციელდება. "ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის, ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის", - აცხადებს შსს.
საპარლამენტო უმცირესობა კი ეჭვობს, რომ რუსეთს ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ, ქართულმა შსს-მ მიაწოდა. მათივე თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს წარდგენილი უკრაინის სასამართლოსთვის, ადასტურებს, რომ ქართული მხარე მონაწილეობდა ამ მტკიცებულებების შეგროვებაში.
შსს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა ცერცვაძეზე ძებნა გამოაცხადა (2016 წლის დეკემბერში), საქართველოს ინტერპოლის ბიუროს მიმართა კითხვით - იყო თუ არა გია ცერცვაძე ნამდვილად საქართველოს მოქალაქე და შეესაბამებოდა თუ არა გადმოგზავნილი მონაცემები მის პირად, საპასპორტო მონაცემებს. აღნიშნულ კითხვაზე საქართველოს ინტერპოლმა უპასუხა და მხოლოდ დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გია ცერცვაძე მართლაც საქართველოს მოქალაქე იყო და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო სწორი. ამის შემდეგ თბილისის ინტერპოლის ბიუროს აღნიშნულ საკითხზე ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროსთან სხვა სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.
კითხვაზე, - თუ რატომ მისცეს ქართველმა მესაზღვრეებმა გია ცერცვაძეს საშუალება, გადაეკვეთა საზღვარი მაშინ, როდესაც მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, შსს-ში პასუხობენ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავების და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემის უფლება ქვეყანას არ აქვს.
შსს-ის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. სამინისტრო აცხადებს, რომ თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი.
საპარლამენტო უმცირესობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საკითხზე უმრავლესობას. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ თავად სურს, რომ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს, ხოლო "ქართულ ოცნებას" პირიქით უნდა".
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას, რომ ისინი თავდებში უდგებიან გია ცერცვაძეს, სესიაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური პიარსვლა. "ჩვენი ამოცანაა გავიდეთ პრაგმატულ შედეგზე. "ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ბერკეტები, რომელიც სახელმწიფოს ფორმალურად თუ არაფორმალურად გააჩნია. ჩვენთვის გაცილებით მეტ ინტერესს წარმოადგენს, ეს ადამიანი იყოს დაცული, ვიდრე პოლიტიკური პიარსვლები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება გიორგი ცერცვაძის ადვოკატის პოზიციას, ქსენია პროკონოვა ეჭვობს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე არ გააფრთხილეს.
"ვფიქრობთ, მოვახერხებთ მისი ექსტრადაციის თავიდან აცილებას. გია არ წავა რუსეთში და დარჩება უკრაინაში, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს, რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით," - აღნიშნა ქსენია პროკონოვამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE