"...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო

"...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო

კრწანისის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე 23 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ არაერთი შეკითხვა და საკმაოდ საფუძველიანი ეჭვი გააჩინა. გუშაგის მიერ ნასროლმა ტყვიამ 23 წლის გიგა შენგელიას სიცოცხლე შეიწირა. გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი (ამ ეტაპზე დაუდგენელი) პირი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და არ დაემორჩილნენ გუშაგის გაფრთხილებას.

თუმცა, ამ ვერსიას არ ეთანხმებიან დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ბევრი რამ ისევ ბურუსით არის მოცული. მათ გარდა, კითხვებს სვამენ ექსპერტებიც. არაერთი ვერსია გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა იმ ღამეს - როგორ მოახერხეს მათ ბაზის აკრძალულ პერიმეტრზე გადასვლა? რატომ არ არის აღჭურვილი იქაურობა სათვალთვალო კამერებით? რამდენად შეასრულა გუშაგმა ლიკვიდაციამდე გასავლელი ეტაპები? რა მანძილიდან განხორციელდა გასროლა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები...

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, უწყება, ძირითადად, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სადღეღამისო მორიგეობის დროს, გუშაგი ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა და მას კანონი არ დაურღვევია. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, 23 ოქტომბერს, გამთენიისას დაცვის ასეულის წარმომადგენელმა ავტოპარკის ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ უშედეგოდ:

"ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ".

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, რომელიც 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიაა. ტერიტორიის დათვალიერებისას ნაპოვნია: "სამსუნგის" მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. შესაბამისი კვლევებისთვის გარდაცვლილისგან აღებულია დაქტილოსკოპიური ნიმუშები. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს საგანგებოდ გაუსვა ხაზი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, როდესაც ის 24 ოქტომბერს გუშაგის უდანაშაულობაზე საუბრობდა.

მოკლულის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ იმ ვერსიას, რომ გიგა შენგელიას იარაღი ჰქონდა. როგორც რომან შენგელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, "ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი იქ ძვრებოდნენ, უბრალოდ, იმ ღამეს ნაცნობი გუშაგი არ დახვდათ".

"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, ყაჩაღი არ ყოფილა და არც ნასამართლევია... არ გამოვრიცხავ, რომ ბიჭები კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მეგობრის სანახავად მისულიყვნენ. სასწავლო ცენტრში ერთ-ერთის მეგობარი მსახურობდა და მის სანახავად ადრეც მისულან გიგა და მისი ახლობლები. მაგრამ ამჯერად, ნაცნობი გუშაგი ადგილზე არ დახვდათ, ხოლო უცნობმა გასროლა განახორციელა. გიგას ტყვია უკნიდან ესროლეს, ეს კი ნიშნავს, რომ ის გაიქცა და შემდეგ ესროლა გუშაგმა" - ამბობს რომან შენგელია, რომელიც უარყოფს ვარაუდს, იმის თაობაზე, რომ 23 ოქტომბერს, გამთენიისას, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მისი მეორე ვაჟიც იმყოფებოდა. დაღუპულის მამა იმედოვნებს, რომ სიმართლეს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე მას უკვე აქვს გარკვეული ეჭვები და უპასუხო კითხვები.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. სწორედ გამოძიების მიერ შერჩეულმა მუხლმა გააჩინა კითხვები სამხედრო ექსპერტთა წრეში.

ამირან სალუქვაძე, გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში:

- როგორც ჩანს, გუშაგის უდანაშაულობა, ცალსახად, დამტკიცებული არ არის და სიმართლე გამოძიების პროცესში უნდა დადგინდეს. საქმე ის არის, რომ გუშაგი ასრულებს საბრძოლო ამოცანას. თუ მან სწორად იმოქმედა (და მე, ჯერჯერობით, თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს ვეყრდნობი) და გუშაგმა მასზე დაკისრებული ყველა მოთხოვნა შეასრულა კანონის თანახმად, მაშინ სისხლის სამართლის საქმე სხვა მუხლით უნდა აღიძრას. საბრძოლო ამოცანის შესრულებისას სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, თუ მან დამრღვევის ქმედებები აღკვეთა, ჩემთვის კითხვებს ბადებს.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. მიმაჩნია, რომ სამართალდამცველებს სწორ კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. აუციელებლად უნდა დადგინდეს, იყვნენ თუ არა ეს ბიჭები გადასული აკრძალულ ზონაში, რომელსაც გუშაგი იცავდა. თუ იყვნენ გადასული, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიჭრნენ დაცულ სამხედრო ობიექტში და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა საპასუხო ქმედებები განახორციელა გუშაგმა. ობიექტი დაკეტილია, ნიშნავს, რომ იქ გუშაგის გარდა, შეჭრის უფლება არავის აქვს და მათი შესვლაც ხორციელდება საგუშაგოს უფროსის მიერ... რაც მთავარია, მიმაჩნია, რომ სამხედრო ობიექტის დასაცავად საუკეთესო გამოსავალია თანამედროვე სისტემით აღჭურვა, რაც, ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ავტომატიანი ადამიანი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის იქ კამერები დამონტაჟებული?

- ეს ყველაფერი თანხებთან და მონდომებასთან არის დაკავშირებული.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე