არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელს იცნობდნენ და კარიც თვითონ გაუღეს, - ამის შესახებ kvirispalitra.ge-სთან საუბარში დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა.
მეზობელს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირს.
წაიკითხეთ ასევე: "შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე
"დოდო შვილთან ერთად ერთი წელია, რაც ამ მისამართზე გადმოვიდა, დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ბოლო პერიოდში დოდო ძალიან აქტიური იყო, მეც ვეტერანი ვარ და მეუბნებოდა: რატომ არ მოდიხარ ვეტერანთა კავშირშიო. გუშინ რომ ვნახე, არც აღელვება ეტყობოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მათი ბინა მე-13 სართულზეა, სროლის ხმა მე არ გამიგია, თუმცა სხვები ამბობენ, სახლიდან ხმაური ისმოდა. დოდოს შვილი ძალიან პატიოსანი ბიჭი, წესიერი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ის ჯერ ვეტერანთა კავშირში მუშაობდა ფოტოგრაფად, ბოლო პერიოდში კი ერთ-ერთ საბავშვო-გასართობ ცენტრში. დედა-შვილი დიღმის მასივში ქირით ცხოვრობდნენ. წარმოუდგენელია, მათთან ვინმე საყაჩაღოდ შესულიყო, რადგან მათ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ. არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელს იცნობდნენ და კარიც თვითონ გაუღეს".
კიდევ ერთი მეზობლის თქმით კი, სავარაუდოდ, დოდო გუგეშაშვილი დახმარებას ითხოვდა:
„დილით სამსახურში რომ წავედი, დოდოს სახლიდან არანაირი ხმაური არ ისმოდა, თუმცა მალევე ტელეფონზე დამიკავშირდა მეზობლის არასრულწლოვანი ქალიშვილი და მითხრა, დოდოს სახლიდან ქალის ხმა ისმის, ყვირის, "მიშველეთო!" სავარაუდოდ, ვიღაცამ პოლიცია სწორედ ამ დროს გამოიძახა. დოდო, სავარაუდოდ, შველას ითხოვდა", - აღნიშნა მან.
ერთ-ერთი მეზობელი კი, რომელიც მე-10 სართულზე ცხოვრობს, ამბობს, რომ მე-11 სართულზე სისხლინი ხელთათმანი და პლედი ნახა, თუმცა მისთვის უცნობია, ისინი მკვლელმა დატოვა თუ კრიმინალისტებმა გამოიტანეს დოდო გუგეშაშვილის სახლიდან.