შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო აღნიშნული შემთხვევის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტს ასახავს, შსს კი სასამართლოს მთლიან ვიდეომასალას წარუდგენს.
"რაც შეეხება მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარ ინციდენტს. ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების ინტერესი მიიპყრო, განპირობებული იყო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ორი მოქალაქის მხოლოდ დაკავებაა ასახული.
2018 წლის 28 იანვარს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროს, როდესაც პოლიცია ასრულებდა მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი: 1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიციელი ასრულებს მის მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა აღნიშნულ შემთხვევაშიც და დაიწყეს ამ პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.