კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და თავს დამნაშავედ გრძნობენ. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ამ წუთებში ირაკლი და დავით ბერიშვილების დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართალდამცველებმა დღეს, თბილისში დააკავეს. ამასთან, ადვოკატ იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარუდგენენ.
"ისინი დღეს დააკავეს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე. კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით, თუმცა ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ მათთვის. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ გარკვეული თამაშების სანაცვლოდ აიღეს უკანონოდ გარკვეული ანაზღაურება. მათი პოზიციაა ის, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ისინი აცხადებენ, რომ მათ აიღეს გარკვეული თანხა და დანაშაულს აღიარებენ, თუმცა რომელ თამაშებზეა საუბარი ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ადვოკატმა.
ასევე უფლებადამცველის განმარტებით, ვისთან ერთად მოქმედებდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ირაკლი და დავით ბერიშვილები, ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მისივე განმარტებით, ამ სქემას გამოძიება დაადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. "ჩაწყობილ" მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.