2017 წელს, 10 თვეში ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობაში ბრალდებული ათი ადამიანიდან, 8 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ე.წ კანონიერი ქურდების მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტებებს აკეთებს.
როგორც AMBEBI.GE-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბოლო პერიოდში სასამართლო ამ კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მოითხოვს მტკიცებულებათა უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში. ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო იმ "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ მიმართ იმ მტკიცებულებათა შეკრება, რაც მიუთითებს დანაშაულის უშუალოდ საქართველოში ჩადენაზე, გართულებულია.
"საქართველოს მთავარი პროკურატურა მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ე.წ. კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ამ კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მოითხოვს მტკიცებულებათა უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ ჩადენილი რაიმე სახის დანაშაული. ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო იმ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ მიმართ იმ მტკიცებულებათა შეკრება, რაც მიუთითებს დანაშაულის უშუალოდ საქართველოში ჩადენაზე, გართულებულია.
წაიკითხეთ: რატომ ათავისუფლებს სასამართლო "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულებს?
დღეის მდგომარეობით, მთავარი პროკურატურის მიერ ხდება გამამართლებელი განაჩენების ანალიზი, მისი განზოგადება და ახალი სტანდარტების შემუშავება, რათა ჩვენ მოვიდეთ სასამართლო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, რათა მოხდეს მისი თანხვედრა სასამართლოს ახალ სტანდარტთან და პრაქტიკასთან. საქართველოს პროკურატურა იქნება შეურიგებელი ე.წ. კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ და ამ მიმართულებით მომავალშიც განხორციელდება უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა", - განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურა 2013 წლიდან 2016 წლამდე, საერთო ჯამში 223 პრიმა მუხლით გასამართლებული პირების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებსაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ბრალდებით ამ წლებში 107 პირი გასამართლდა, რომელთაგანაც გამამტყუნებელი განაჩენი 82 პირზე დადგა. აღნიშნულ დანაშაულზე მინიმალური სასჯელი - 7, ხოლო მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
თორნიკე კოშკაძე