ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორივე არასრულწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ბრალდებულ მოსწავლეებთან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ.
„ორივე მათგანი საკანში განცალკევებით იმყოფება“, - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში და აღნიშნეს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების ადვოკატისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.