2014 წლის ოქტომბერი - სოფელ დვაბზუში 40 წლის მამაკაცმა 29 წლის მეუღლე, ორი შვილის თვალწინ მოკლა. თემურ რამიშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ახალგაზრდა მეუღლეს თავში ნაჯახი ჩაარტყა, შემდეგ სახლს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გარდაცვლილს 2 შვილი - 7 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი დარჩა. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2016 წლის იანვარი - შობის დღესასწაულზე, ქალმა ყოფილი მეუღლე დანით მოკლა. სასამართლოს ინფორმაციით, 7 იანვარს, მარინა დუდაევა და არჩილ ბოღოლაშვილი ამ უკანასკნელის სახლში შეხვდნენ, დალიეს, შემდეგ კი სტუმრად წავიდნენ. სტუმრად ყოფნისას ბოღოლაშვილი დუდაევას მობილურ ტელეფონს ათვალიერებდა, რამაც ქალის განაწყენება გამოიწვია. კონფლიქტის დროს, ქალმა ყოფილ მეუღლეს გულმკერდის არეში დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. არჩილ ბოღოლაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მარინა დუდაევას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2017 წლის იანვარი - თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა ახალგაზრდა მეუღლე თოკით დაახრჩო. ვახტანგ სამხარაძე პოლიციას თავად ჩაბარდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული. ახლობლების თქმით, ქალს უამრავი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, სახეზე სილურჯეები, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი გატეხილი, ნიკაპი დაზიანებული, თითები დამტვრეული, ფეხები გადატყავებული... ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობისთვის ვახტანგ სამხარაძეს 11 წელი მიესაჯა.
იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?
2017 წლის 1-ელი დეკემბერი - თბილისში, 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი შელაპარაკების დროს, 16 წლის ლევან დადუნაშვილი და 16 წლის დათო სალარიძე მათივე თანატოლებმა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით მოკლეს. ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვნებს მაქსიმალური სასჯელი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
2017 წლის 2 დეკემბერი - წყალტუბოს რაიონის სოფელ 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი მოკლა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს ფულს სძალავდა. საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე მსხვერპლი სახლიდან გაიყვანა, დედისერთა ბიჭი ოჯახის წევრებმა სოფლის სასაფლაოზე იპოვეს მკვდარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ი.ტ-ს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა მოკლულის ოჯახი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს...
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება... ბოლო წლებში უამრავი სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდა ქართული საზოგადოება. ამ მკვლელობების უმეტესობაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და მინიმალურ სასჯელად 11 წელს, ხოლო მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
აი, რა კომენტარები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან AMBEBI.GE -ზე გამოქვეყნებულ სტატიას, ოფშკვითში მოკლულ 17 წლის ბიჭთან დაკავშირებით:
რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა ადვილი საქართველოში და იწვევს თუ არა სასჯელის დანაშაულთან შეუსაბამობა დანაშაულის წახალისებას? (იხილეთ სპეც-პროექტი)
AMBEBI.GE-მ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, მათ შორის ფსიქოლოგებს მიმართა - არაადექვატური სასჯელი და დაუსჯელობის სინდრომი ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის ქცევაზე?
ფსიქოლოგი და სამართალმცოდნე ვახტანგ ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ფსიქოლოგმა განგვიმარტა, რომ ნორმებისა და შესაბამისი სანქციების უმოქმედობა ან არაადექვატურობა საზოგადოების ნაწილისთვის არასახარბიელო გავლენის მქონე იქნება.
"საერთოდ ითვლება, რომ ნორმა რომ ქმედითი იყოს ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი სანქციების არსებობაა. სანქციები დადებითიც არის და უარყოფითიც. როდესაც არც დადებითი და არც უარყოფითი სანქციები არ არის გატარებული, ნორმები არ მუშაობს. თუ სანქციები არ მოქმედებს, საქმე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომთან. დაუსჯელობის სინდრომი იმას გულისხმობს, რომ სასჯელში შეიძლება ეწეროს, რომ ადამიანი უნდა დაიხვრიტოს, მაგრამ თუ საზოგადოების კონკრეტული წევრი თვლის, რომ შესაძლებელია ამ სასჯელის სხვადასხვა გზით თავიდან აცილება (შემსუბუქება), მაშინ მნიშვნელობა არ აქვს რა სიმძიმის სასჯელია გათვალისწინებული" - განმარტა ფსიქოლოგმა.
იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?
კითხვაზე სასჯელის დანაშაულთან შესაბამისობა და მისი გამკაცრება გამოიწვევს თუ არა დანაშაულის პრევენციას, სამართალმცოდნემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სასჯელის, როგორც სანქციის ეფექტურობა მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. ფსიქოლოგის თქმით, იმისთვის, რომ სანქციამ შედეგი გამოიღოს და დანაშაულის პრევენცია გამოიწვიოს, სულ მცირე სამი პუნქტი უნდა დაკმაყოფილდეს:
ამავე საკითხზე მსჯელობისას კიდევ ერთმა ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აღნიშნა, რომ აგრესია ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინსტინქტია, რომლის მართვას და ჩარჩოებში მოქცევას ის ზრდისა და სოციალიზაციის პროცესში სწავლობს. სასჯელის არარსებობის შემთხვევაში კი ადამიანს ამ აგრესიის დაუფარავად და დაუბრკოლებლად გამომჟღავნების უფლება ექნება.
იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?
"ძალადობრივი ქცევები რეგულირდება ძალიან ბევრი ასპექტით: ეს არის აღზრდის საკითხი, ღირებულებების საკითხი, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოდელებს სთავაზობს ადამიანს გარემო, რას აძლევს ტელევიზია და მედია, ვინ ითვლება უფრო პრესტიჟულად - ეს არის ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ აგრესია ისედაც არის ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინსტინქტი, ასე რომ, რა თქმა უნდა, თუ სასჯელი არ იარსებებს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეს მისცემს აგრესიის დაუბრკოლებლად გამომჟღავნების უფლებასა და თავისუფლებას" - განმარტა ზურაბ მხეიძემ.
ფაქტს, რომ დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილიც ეთანხმება.
"რეალურად ეს ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს. არასრულწლოვნების შემთხვევაში ნაკლებად, სრულწლოვნებში უფრო მეტად. არასრულწლოვნისთვის ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მან არ იცის კონკრეტულად ესა თუ ის ქმედება რა სიმძიმის სასჯელს ითვალისწინებს. სრულწლოვანს ამის მეტი გამოცდილება აქვს და ამის ცოდნის ალბათობა ამ ჯგუფის ადამიანებში უფრო დიდია. თუმცა, საზოგადოებაში არსებული ფონი, დაუსჯელობის თუ არასაკმარისი კონტროლის, თუნდაც სკოლაში, ოჯახში თუ სამართალდამცავ უწყებებში დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს. კონტროლში არ ვგულისხმობ ტოტალურ კონტროლს, მაგრამ თუნდაც მოზარდებმა უნდა იგრძნონ, რომ კონკრეტული ქმედება მათთვის შესაძლოა არასახარბიელო შედეგით დასრულდეს", - აღნიშნა მორის შალიკაშვილმა.
სალომე აბულაშვილი, ნარიტა ჩხაიძე
AMBEBI.GE
იხილეთ სპეც-პროექტი: რატომ გახდა დანაშაულის ჩადენა საქართველოში ადვილი?