სუს-ის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წაიკითხეთ ასევე: რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილის შესახებ
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს - გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა", - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.
"მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა.
"სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობას რაც შეეხება, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
როგორც ცნობილია, ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის თხოვნით, აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან.
"სუს-ი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.
წაიკითხეთ ასევე: სუს-ი - სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის