სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულს საკმაოდ სკანდალური პოლიტიკური წარსული აქვს. მაგალითად, არქივში იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატზე ზურაბ ნეფარიძეზე პროკურატურატურაში 2015 წელს ორი საჩივარი იყო შეტანილი, სადაც ორი მოქალაქე მას ფულის გამოძალვას ედავებოდა. ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებითაც იხდიდა სასჯელს, თუმცა ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2015 წლის მარტში "იმედის კვირამ" სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ სცადა ნეფარიძისგან კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა.
რაც შეეხება ბრალდებებს, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ზურაბ ნეფარიძეს უჩიოდა, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანია, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა და ციხიდან არჩევნების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
როგორც ბიზნესმენი ჟურნალისტ ბელა ზაქაიძესთან საუბარში აღნიშნავდა, მან ნეფარიძე ადვოკატად 2010 წელს დაიქირავა. ხვინთელიანი ამბობს, რომ 40 000 დოლარზე მეტი გადაიხადა, მაგრამ ადვოკატისგან შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ნეფარიძეს თანხის დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნებაში" მოხვდა, როგორც "ეროვნული ფორუმის" წევრი და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მანამდე ნეფარიძე ადვოკატი იყო და "ნაციონალური მოძრაობის" დროს თაღლითობისათვის დააკავეს. ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიციაშიც მუშაობდა.
მომზადებულია "იმედის კვირის" მიხედვით