ქართველი სპორტსმენების ნაწილი ადასტურებს, რომ აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ორი მოკრივეა. მათი ინფორმაციით, სპორტსმენები "გაუგებრობაში მოყვნენ".
"დაკავებულები ნამდვილად ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, თუმცა ისინი გაუგებრობაში მოყვნენ", - აცხადებენ ქართველი სპორტსმენები.
"რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს და ყველაფერი" - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელმა, მსოფლიო ჩემპიონმა იოსებ კობერიძემ განუცხადა.
კობერიძე დარწმუნებულია, რომ ავთანდილ ხურციძეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ აქვს.
ასევე წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე
"ინფორმაცია მოგვაწოდეს, გავაანალიზეთ და განვიხილეთ, რის შემდეგაც არის ასეთი ვერსიები, რომ შესაძლოა უბრალოდ სახელი და გვარი ემთხვეოდეს, ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა. რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი. ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.
რაც შეეხება ლევან მაყაშვილს, რომლის შესახებაც ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის სავარაუდოდ ისიცაა, კობერიძე მის შემთხვევაშიც დარწმუნებულია, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.
"მაყაშვილიც კარგი მებძოლი, წარმატებული ბიჭია. მაგაზეც ეჭვი მეპარება. უზრუნველყოფილი იყო. არ უჭირდა. ჩემი აზრია, რომ ნამდვილად მასაში მოყვნენ", - აღნიშნა კობერიძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც კრივის ფედერაციაში.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს დროებითი ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.