"ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, მოკლული ნონა რომანაძის ქმრის ყოფილი მეუღლის ძმის მეგობარია", - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის ბიძამ ოთარ კვირკველიამ განუცხადა.
კვირკველიას განმარტებით, მკვლელობის მოტივი ფულის გამოძალვა გახდა. ოთარ კვირკველია აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენმა არასრულწლოვანი გოგონა იმიტომ მოკლა, რომ თვითმხილველი მოეშორებინა:
"ბედნიერები ვართ, რომ არ ვიცნობთ იმ არაკაცს, არ ჩამოდიოდა ქობულეთში (რომანაძის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს). ჩვენი სიძის პირველი მეუღლის ძმის მეგობარი აღმოჩნდა მკვლელი. ბინაში იმიტომ შევიდა, რომ ფული უნდოდა. კითხეს, ბავშვი რატომ მოკალიო და უთქვამს, დროთა განმავლობაში მაინც მიცნობდა და თვითმხილველი მოვიშორეო", - აღნიშნა ოთარ კვირკველიამ. კვირკველიას განცხადებით, ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის დამნაშავის გამოვლენისთვის.
ოთარ მამფორიას და ნონა რომანაძეს ორი შვილი ჰყავდათ. უფროსი ვაჟი, რომელიც მამამ მკვლელობის დილით სკოლაში წაიყვანა, ოთარ მამფორიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
როგორც ოჯახის ერთ-ერთმა მეზობელმა ნატალია ბაბუხადიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ოთარ მამფორიას პირველი ცოლი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
"ოთარს ადრეც შეემთხვა უბედურება, მისი პირველი ცოლი ორსულად იყო, როცა დაიღუპა. ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, სააბაზანოში თავი უნიტაზს დაარტყა და გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 8-9 წლის წინ მოხდა, შემდეგ იქორწინა ნინაზე და ეს გოგო (ნინა რომანაძე) უფროს შვილს ისე უვლიდა, როგორც საკუთარს მოუვლის ადამიანი", - გვითხრა მამფორია-რომანაძის მეზობელმა.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში 2016 წლის 22 თებერვალს მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. შსს-მ დააკავა წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.
ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE