რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო. რუსუდან კერვალიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ადვოკატმა განმარტა, რომ გუშინდელი მოვლენების, კერძოდ, მაია და გუკა რჩეულიშვილების დაკავების გამო, კერვალიშვილი შეუძლოდ გახდა და რამდენჯერმე მოუხდა სასწრაფოს გამოძახება.
ადვოკატის ინფორმაციით, კერვალიშვილი ამ წუთებშიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელ პროცესზე საბადრაგო სამსახურის მიერ წარმოდგენილი იყო საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, რომელსაც "ცენტრ პოინტის" საქმეზე, სხვა ეპიზოდზე გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.