"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს

"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს

საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი გრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ საქმის მთავარი გამომძიებელი დაკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა ვითარება დახვდათ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.

თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის პაატა ნოზაძის დაკითხვა სურათებზე დაფიქსირებული შემთხვევის ადგილის მიხედვით მოხდა. ბრალდებული მაგდა პაპიძე დაკითხვის საწყის ეტაპს დაესწრო, თუმცა მოკლული ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრების სურათების ჩვენებისას, პაპიძემ დარბაზიდან გაყვანა ითხოვა, რადგან შეუძლოდ გახდა. გამომძიებლის დაკითხვა ბრალდებულის გარეშე გაგრძელდა.

ნოზაძის ინფორმაციით, ომარ ქაფიაშვილს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე თრევის კვალი ეტყობოდა. როგორც გამომძიებელმა დაკითხვისას განაცხადა შემთხვევის ადგილის დათვალიერება კინოლოგებთან, ექსპერტ კრიმინალისტებთან და სამედიცინო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ ძაღლმა სუნი სადარბაზოსთან აიღო, თუმცა გზის სავალ ნაწილთან გაჩერდა და გზა აღარ გააგრძელა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, გამომძიებლის თქმით, ცხედრები სადარბაზოს წინ, ომარ ქაფიაშვილის ავტომანქანასთან აღმოაჩინეს.

"ომარ ქაფიაშვილის ცხედარს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე ეტყობოდა თრევის კვალი. მინუს სამი გრადუსი ყინვა იყო და შეუფერებლად ეცვა, ოთახისათვის დამახასიათებელ ფორმაში. ფეხზე არ ეცვა. დაზიანება მარჯვენა მხარეს თავში აქვს, სადაც ძვლის ფრაგმენტები ჩანდა. ყურიც დაზიანებული ჰქონდა. ბავშვს ნაცრისფერი მოკლე მკლავებიანი ზედა ეცვა. ისიც ოთახის პირობების ჩაცმულობით იყო. ბავშვსაც არ ეცვა ფეხზე. ოთახის ცალი ჩუსტი თავთან ეგდო მეორე კი ავტომანქანაში. ავტომანქანაში აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელიც. ბავშვს პირთან ჰქონდა ნაჭდევი. ტუჩის ადგილზე სიწითლე ეტყობოდა", - აღნიშნა პაატა ნოზაძემ.

გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანის კარნიზზე და საბურავზე ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა.

"დერეფანში აღმოჩენილი სისხლის კვალი, შიგნიდან ანუ ოთახიდან გარეთ გადიოდა. ოთახში დივნის წინ მდგარი მაგიდის ქვეშ იყო მოწმენდილი სისხლის კვალი, რომელიც იატაკს ზოლად გასდევდა. საწოლზე თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო", - აღნიშნა საქმის მთავარმა გამომძიებელმა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს